ზოგადად, გავრცელებული აზრია, რომ ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში აღზრდა გადამწყვეტია და ის განსაზღვრავს ხასიათს, ინტელექტს და წონასაც კი. მაგრამ უახლესი კვლევა ვარაუდობს, რომ გარკვეული თვისებები სწორედ გენების დამსახურებაა და აღზრდა ბევრს ვერაფერს ცვლის.
მართლაც აღზრდა დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში - ადამიანს მშობლები უნერგავენ გარკვეულ მორალურ პრინციპებს, რომლებიც ბოლოს ხასიათს ქმნიან. მშობლები ავითარებენ ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებსაც. და ბოლოს, ყველამ ვიცით, რომ ოჯახში კვებითი ქცევა უზარმაზარ გავლენას ახდენს ბავშვის წონასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე.
ახალგაზრდა მშობლები გამუდმებით ეძებენ პასუხებს კითხვებზე: „როგორ განვავითაროთ ბავშვში მათემატიკური/შემოქმედებითი შესაძლებლობები, ლიდერობის უნარები, თავდაჯერებულობა“. ჩვენ ყოველთვის გვჯერა, რომ შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და სწავლისადმი სიყვარული ბავშვებს შეიძლება ადრეული ასაკიდანვე ჩავუნერგოთ სხვადასხვა სკოლაში, წრეებზე და სხვადასხვა აქტივობზე ტარებით. ვფიქრობთ, რომ ასეთი მრავალფეროვანი განვითარებით ისინი ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევენ.
თუმცა, მეცნიერთა ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის ზოგიერთ თვისებას, რაც მხოლოდ აღზრდის დამსახურება გვგონია, გენები განსაზღვრავს. ბევრი რამნამდვილად აღზრდით არის განპირობებული, მაგრამ ამ ხუთ საკითხში ნამდვილად გენები მოქმედებს:
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ამის გაცნობიერება, სიგამხდრე და სიმსუქნისკენ მიდრეკილება მემკვიდრეობითია. მოგვწონს ეს თუ არა, ბავშვის წონა ზრდასრულობისას (და არა პატარაობისას) ნაკლებადაა დამოკიდებული ოჯახში დამყარებულ კვებით ჩვევებზე. შემთხვევათა ძალიან დიდ უმრავლესობაში ზრდასრული ადამიანი სხეულის იმ კონფიგურაციას იღებს, რაც მისი გენეტიკითაა განპირობებული.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა გენი, რომელიც პასუხისმგებელია წონის მატებაზე. ცხოველებმა მოიხმარეს ერთი და იგივე რაოდენობის კალორიები, მაგრამ მხოლოდ გარკვეული გენეტიკური ცვლილების მქონე თაგვებმა მოიმატეს წონაში.
გარდა ამისა, მეცნიერთა აზრით, ექნება თუ არა ადამიანს ჭარბი წონა ბავშვობაში თუ ზრდასრულ ასაკში, გენეტიკურად არის განსაზღვრული. კარგი ამბავი ის არის, რომ დიეტა და ვარჯიში ცვლილებების შეტანაში გვეხმარება. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ თქვენ მთელი ცხოვრება მოგიწევთ წონის კონტროლი.
ცოტა ხნის წინ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების უნარი დაახლოებით 50%-ში მემკვიდრეობითია. კიდევ ერთი ამერიკელი მეცნიერი, სოციოლოგი არტურ ბრუკსი, ასევე ამტკიცებს, რომ უნარი, ისიამოვნო იმით, რაც გაქვს, თითქმის 50% -ში მემკვიდრეობით გადაეცემა.
თავის წიგნში ეკონომისტი ბრაიან კაპლანი ამტკიცებს, რომ მშობლები გადაჭარბებით აფასებენ თავიანთ როლის შვილების ცხოვრებით ტკბობის უნარის ჩამოყალიბებაში. იგი იშველიებს მტკიცებულებებს, რომ იდენტურ ტყუპებს ( ერთი და იგივე დნმ-ის მქონეთ ) ცხოვრებით კმაყოფილების დონე უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპებს.
სამაგიეროდ, მუდმივად უკმაყოფილო ადამიანების მშობლებს შეუძლიათ, გული დაიმშვიდონ: კვლევამ აჩვენა, რომ სიჯიუტე და უკმაყოფილო ბუნება უფრო გენეტიკურად თანდაყოლილი თვისებაა და არ არის ბავშვობაში მშობლების სიყვარულის ნაკლებობის ან დაშვებული შეცდომების შედეგი.
ბედნიერება მემკვიდრეობითი განცდაა
ბედნიერი მშობლები შვილს გენეტიკურ დონეზე გადასცემენ უნარს, იგრძნოს ბედნიერება. ამას მოწმობს დოქტორი ალბერტო ბუკაის მიერ ჩატარებული ეპიგენეტიკური კვლევის შედეგები. მკვლევარის თქმით, ბედნიერების განცდის უნარი დაპროგრამებულია გენეტიკურად და არ ვითარდება აღზრდის გზით. ძლიერი დადებითი ემოციები და ბედნიერების შეგრძნება მამაკაცისა და ქალის სხეულში გარკვეულ ქიმიურ რეაქციებს იწვევს, რამაც შეიძლება სპერმასა და კვერცხუჯრედში შემავალ გენეტიკურ კოდზე მოახდინოს გავლენა.
ცნობილია, რომ მშობლების ქცევა და მათი სამყაროს აღქმა მოქმედებს ბავშვის ხასიათსა და მის აღქმაზე გარემომცველი ადამიანებისა თუ მოვლენების მიმართ. თუმცა, დოქტორი ბუკი თავისი გამოკვლევით ხაზს უსვამს, რომ ბედნიერების შეგრძნება თანდაყოლილი უნარია და არა შთაგონების და აღზრდის შედეგი.
დამეთანხმებით, არავის უნდა, ცუდი ადამიანი აღზარდოს. თუმცა, ჩვენს გარშემო უამრავი ნაძირალაა და რისი ბრალია ეს?
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გენები გავლენას ახდენენ ხასიათზე, მაგრამ როგორ, ჯერ კიდევ არ არის გაშიფული. ანუ მეცნიერები ვერ დაგისახელებენ კონკრეტულ გენებს, რომლებიც ამაზე ზემოქმედებენ, თუმცა გენეტიკური განწყობა ხასიათში ნამდვილად არსებობს. აღზრდის შედეგია ის, მოჰყვება თუ არა ამ გენეტიკურად განპირობებულ ხასიათს დანაშაულებრივი ქცევა.
მაგალითად, შეუძლია ბიოლოგიას ახსნას კრიმინალური ქცევა? ამ თემაზე 100-ზე მეტი კვლევა ვარაუდობს, რომ გენეტიკური მიდრეკილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს მემკვიდრეობით მიღებული ასეთი თვისებები, არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ჩაიდენს დანაშაულს, გახდება მკვლელი ან ქურდი. სწორედ აქ არის განათლება აუცილებელი: მშობლებს, რომლებმაც დროულად შეამჩნიეს ბავშვის საშიში იმპულსები, შეუძლიათ ისინი მშვიდობიან ადამიანებად აქციონ, თუ შვილის ძალადობრივ მისწრაფებებს კრივს ან კარატეზე სიარულს მოახმარენ.
გენები, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის სწავლის უნარზე, მის შეფასებებსა და ზოგადად ინტელექტზე ახდენს გავლენას. 2013 წელს ბრიტანელმა მკვლევარებმა 11 ათასზე მეტი იდენტური და არაიდენტური თექვსმეტი წლის ტყუპის აკადემიური მოსწრება შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ გენები უფრო მეტ გავლენას ახდენენ აკადემიურ მოსწრებაზე, ვიდრე კვალიფიციური მასწავლებლები, კარგი სკოლა და მკაცრი მშობლები.
შვილად აყვანის ერთ-ერთი ამერიკული ცენტრის ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ მშობლებს უმაღლესი განათლება ჰქონდათ, 26%-ით უფრო ხშირად აბარებდნენ კოლეჯში, ვიდრე საშუალო განათლების მქონე მშობლების შვილები.მშვილებელი მშობლების განათლების დონე კი ამ მაჩვენებლზე მხოლო 7%-იან გავლენას ახდენს.
დიახ, ბავშვში არსებული გენები, შეიძლება გავლენას ახდენდეს მისსავე აღზრდაზე. ანუ მამისა და დედისგან მასზე გადაცემული გენები გარკვეულწილად იმოქმედებს იმაზე, თუ როგორ მოექცევიან მშობლები შვილს. აი, ასეთი ჩახლართულია ეს საკითხი.
ათზე მეტმა კვლევამ, რომელშიც 14,500-ზე მეტმა ტყუპმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ბავშვის გენებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ იმაზე, თუ როგორ ექცევიან მშობლები მათ. მაგალითად, ბიჭებში, სეროტონინის გადამტანი გენის ნაწილს შეუძლია "იწინასწარმეტყველოს", თუ რამდენად გაბრაზდება დედამისი, თუ ის, მაგალითად, მის საყვარელ ჭიქას გატეხავს. მაგრამ მეცნიერები არ უარყოფენ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ფაქტორების გავლენას.
თუმცა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს გენები, აღზრდის მნიშვნელობა არ გაუქმებულა, მაგრამ მეთოდები უფრო მეტად უნდა იყოს მორგებული არა მშობლების ხასიათს, არამედ ბავშვის ხასიათს. აღზრდის იდეალური მეთოდი არ არსებობს – თითოეული ბავშვი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ, მშობლები უნდა ეცადონ, გაითვალისწინონ ბავშვის ინდივიდუალური თვისებები და მათ განვითარებაზე ან დროულად გამოსწორებაზე იმუშაონ.