ნინო მალასიძე 15 წელია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. თბილისის 84-ე საჯარო სკოლაში ასწავლის და მოსწავლეებთან ერთად, არაერთ საინტერესო სასკოლო პროექტს ახორციელებს. ამბობს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ბავშვებში მსჯელობისა და ანალიზის უნარის, წიგნის კითხვის განვითარებისა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს. საკუთარი გამოცდილების შესახებ უფრო ვრცლად გვიყვება და გვიზიარებს იმ პრობლემებსაც, რომლებიც მას, როგორც მასწავლებელს, აწუხებს:
- მას შემდეგ, რაც სკოლაში მუშაობა დავიწყე, განვითარებისა და ახლის შესწავლის სურვილი არასოდეს დამიკარგავს. ჯერ უფროსი მასწავლებელი გავხდი, შემდეგ - წამყვანი, ვეცნობი საგანმანათლებლო სიახლეებს და მინდა, ჩემს მოსწავლეებს მრავალფეროვანი ინფორმაცია გავუზიარო, მათთან ერთად, პრაქტიკაში გამოვიყენო ის, რასაც თავადაც ვსწავლობ. ვერთვები სასკოლო ღონისძიებებში, ხშირად ვაკეთებ პროექტებს და ვცდილობ, ბავშვებისათვის გაკვეთილზე ყოფნა მოსაბეზრებელი არ იყოს. მინდა, თითოეული დღიდან რაღაც ღირებული და მნიშვნელოვანი წაიღონ, რაც ყოველდღიურობაშიც გამოადგებათ და სამომავლოდაც.
- ვფიქრობ, ამ საქმეში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს გადამწყვეტი როლი აქვს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბავშვებს კითხვის სიყვარულს, წაკითხული ტექსტის გააზრების, გაანალიზებისა და იმის აღმოჩენის უნარს უყალიბებს, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მასწავლებელი აქტიური მსჯელობის წახალისებას, სხვა ლიტერატურით დაინტერესების სურვილის გამოწვევასა და წერითი უნარების გამომუშავებას უნდა ისახავდეს მიზნად და ცდილობდეს, ბავშვებს ლიტერატურა შეაყვაროს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მოსწავლეს სხვადასხვა დადებით თვისებას უყალიბებს. თანადგომას, სიყვარულსა და მხარდაჭერას ასწავლის. სასწავლო პროგრამაში უამრავი ლიტერატურაა, რომელიც სწორედ ამ თვისებების გამომუშავებას უწყობს ხელს. მასწავლებელს კი შეუძლია, ნაწარმოებები მოსწავლეებთან ერთად სიღრმისეულად გააანალიზოს ისე, რომ ბავშვებს სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბდეს. ვფიქრობ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ამავდროულად, უდიდესი ვალდებულება აქვს, რომ მოსწავლე კარგ ადამიანად და პასუხისმგებლიან მოქალაქედ იქცეს.
- პირველ რიგში, ვფიქრობ, მასწავლებელმა გაკვეთილი ისე უნდა დაგეგმოს, რომ ეს ნაწილი გათვალისწინებული იყოს. მაგრამ, ხშირად ხდება ისე, რომ დაგეგმილი გაკვეთილის შეცვლა გვიწევს. ვცდილობ, ისეთი აქტივობები შევთავაზო, რომლებიც ამ და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში დაეხმარებათ. მაგალითად, შესაძლოა, კონკრეტულ ნაწარმოებს ვამუშავებდეთ და სიყვარულის თემა განვაზოგადოთ. ვთხოვ ბავშვებს, რომ სიყვარულზე ვისაუბროთ და შემდგომ ეს ფურცელზე გადავიტანოთ. იმდენად საინტერესოა თემების ასეთი განხილვა, რომ ყველა ბავშვს აქვს სურვილი, დაწეროს და საკუთარი აზრიც გაგვიზიაროს. როდესაც ნაწარმოებების გმირებს განვიხილავთ, ვცდილობ, ბევრი სხვადასხვა კუთხე, თვისება აღმოვაჩინოთ. მაგალითად, უარყოფითი პერსონაჟების განხილვისას ვეკითხები, ხომ არ შეუძლიათ, მათში რაიმე დადებითი თვისება იპოვონ. ბავშვები იწყებენ ფიქრს, მსჯელობას. მეგობარს თავიანთ შეხედულებას უზიარებენ და ძალიან აქტიურად ერთვებიან.
- გრამატიკულად გამართული წერისა და მეტყველების პრობლემა ყველა თაობის ადამიანშია. ამიტომაც, ვერ ვიტყოდი, რომ ახალი თაობა, ამ კუთხით, შესამჩნევად განსხვავებულია. მეტიც, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეები ძალიან აკადემიურად და სწორად წერენ. იცით, რა გონიერები არიან? მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად შეიძლება, მასწავლებელზე ბევრად მეტად განვითარებულები იყვნენ, იმ ინფორმაციას, რომელიც პედაგოგისაგან მიდის, ძალიან კარგად აცნობიერებენ და აღიქვამენ. არაჩვეულებრივი დავალებები მოაქვთ. წერისა და მსჯელობის საოცარი უნარი აქვთ. იმდენად თავისუფალი, შემოქმედებითი ხედვა და აზროვნება აქვთ, რომ დავალებებს შესანიშნავად უმკლავდებიან. თავიანთი, სუბიექტური აზრი გააჩნიათ და იციან, როგორ უნდა გამოხატონ სწორად. თავადაც ვცდილობ, გაკვეთილზე, რაც შეიძლება მეტი ისეთი შეკითხვა დავუსვა, რომლის ფარგლებშიც საკუთარ ხედვასა და პრობლემის გადაჭრის თავიანთ გზას გაგვიზიარებენ. შემოქმედებითი უნარები კარგად აქვთ განვითარებული და ისეთი ესსეების, თავისუფალი თემების წერა შეუძლიათ, რომ გაოცდებით.
- მე, როგორც მასწავლებელს, მშობლების ჩართულობა ძალიან მაწუხებს. 15 წელია, დამრიგებელი ვარ. ჩემს მშობლებზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა, მაგრამ, ზოგადად, რაც უფრო მაღალ კლასში გადადიან ბავშვები, მშობლების აქტიურობა ძალიან იკლებს. ნაკლებად ინტერესდებიან, როგორი სასკოლო ცხოვრება აქვთ მათ შვილებს. არგუმენტად ხშირად ასახელებენ, რომ მუშაობენ და არ სცალიათ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ბევრი შრომა უწევთ. მაგრამ თვეში ერთხელ, ერთი საათის განმავლობაში ვფიქრობ, შვილისთვის აუცილებლად უნდა მოიცალონ. მგონია, მხოლოდ ონლაინ კავშირები საკმარისი არ არის. ადამიანური ურთიერთობები, სკოლაში მისვლაა საჭირო. უნდა დაინტერესდნენ, ვის ხელშია მათი შვილი, რა გარემოში უწევს ყოფნა... როგორც უკვე აღვნიშნე, რაც უფრო მაღალ კლასში გადადიან მოსწავლეები, მშობელთა მხრიდან მსგავსი აქტიურობა საგრძნობლად იკლებს. ძალიან გულსატკენია... ერთ-ერთ კლასში პროექტი გავაკეთე და მხოლოდ 3 მშობელი მოვიდა, როცა გაცილებით მეტს ველოდებოდი. მასწავლებლებიც ხშირად ვმსჯელობთ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ძვირფასი მშობლები სკოლაში მოვიყვანოთ და სხვადასხვა პროცესში ჩავრთოთ.
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლე, რომელიც მშობლისგან ასეთ თანადგომას გრძნობს, ბევრად წარმატებული, აქტიური, თავისუფალი და ბედნიერია. ბედნიერ ბავშვს კი შეუძლია, ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთოს, რაც სკოლაზეც დადებითად აისახება. ის მოსწავლეები, რომელთა მშობელი შვილის სასკოლო ცხოვრებით, მისი ღონისძიებებით, პროექტებით ინტერესდება, სკოლაში ძალიან წარმატებულები არიან.
- მშობელს, გარდა იმისა, რომ შეუძლია, სკოლაში მიმდინარე სხვადასხვა საკითხით დაინტერესდეს, აქვს შესაძლებლობა, რომ შვილის სასკოლო აქტივობებშიც ჩაერთოს. დაესწროს ღონისძიებებს, პრეზენტაციებს, მოისმინოს, რას აკეთებს ბავშვი, რა პრეზენტაცია მოამზადა, რა უნარები გამოამჟღავნა, რა იცის... ერთ მაგალითს გაგიზიარებთ: მქონდა ასეთი პროექტი: "ჩვენ გვიყვარს ქართველი მწერლები" და ვიდრე პროექტი დაიწყებოდა, მშობლები მოვიდნენ, კლასი მოამზადეს, ჯგუფური აქტივობისთვის მერხები გაამზადეს, კომპიუტერი მომიმზადეს, გადაამოწმეს, ტექნიკურად გამართული იყო თუ არა და ჩემს მისვლამდე ყველაფერი მოაწესრიგეს. ვერც კი წარმოიდგენთ, ამან როგორ გამაოცა და რამდენად დიდი მოტივაცია მომცა. ბავშვები ხომ უფრო მონდომებით ჩაერთნენ პროცესში, თავადაც იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ისინი შვილებს მხარს უჭერენ და ინტერესდებიან, ამან მუშაობა ძალიან გამიადვილდა. მშობელთა ჩართულობას სწორედ ეს მნიშვნელობა აქვს. მასწავლებელიც ფრთაშესხმულია და მოსწავლეც... მშობლებო, ნუ გგონიათ, რომ ბავშვები გაიზარდნენ და თქვენი მხარდაჭერა აღარ სჭირდებათ. ყოველთვის სჭირდებათ თქვენი გვერდით დგომა.
- მასწავლებელი მუდმივად უნდა სწავლობდეს, რომ ბავშვებს ასწავლოს. არ შეიძლება, მან მხოლოდ ერთხელ ისწავლოს და ეს პროცესი დაამთავროს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა კი თვითგანვითარებასა და ახლის აღმოჩენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. ლიტერატურა, რომელიც პროგრამულად ისწავლება, ახლებურად წარადგინოს და ბავშვებს თანამედროვე მეთოდებით გაუზიაროს. მიაწოდოს ინფორმაცია როგორც ძველი ნაწარმოებების, ასევე თანამედროვე ლიტერატურის შესახებ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს მნიშვნელობა აჩვენოს, რატომ შეიძლება ვკითხულობდეთ კონკრეტულ ნაწარმოებს და რაში შეიძლება, გამოვიყენოთ.
მასწავლებელს უხილავ მუშაკს ვეძახი, რომელსაც ბავშვების აღზრდაში ძალიან დიდი როლი აქვს. ეს განსაკუთრებულ ენერგიასა და დიდ დროს მოითხოვს. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ მის მიმართ უფრო ჰუმანურები ვიქნებით.
თამარ იაკობაშვილი