თუ ბავშვი ისტერიკაშია, ამ ფრაზებით მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამთ - ყველაზე მცდარი ფრაზები, რომლებსაც ბავშვის დასამშვიდებლად ვიყენებთ - მშობლები

თუ ბავშვი ისტერიკაშია, ამ ფრაზებით მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამთ - ყველაზე მცდარი ფრაზები, რომლებსაც ბავშვის დასამშვიდებლად ვიყენებთ

2024-01-30 10:57:18+04:00

ყველა ბავშვს აქვს ისტერიკის ეპიზოდები და ეს ბუნებრივია – ბავშვებს არ შეუძლიათ ემოციების სრულყოფილად დარეგულირება. ყველაზე ხშირად ასეთი გამოხტომები სიბრაზის, იმედგაცრუების ან მწუხარების გამოხატულებაა. ბავშვმა შეიძლება იტიროს, იყვიროს, იატაკზე იხოხოს, დაარტყას მშობლებს ან ნივთები ისროლოს. ყველაზე მძიმე შემთხვევებში, ბავშვებმა შეიძლება სუნთქვის შეკავებით ან თავის დარტყმით საკუთარ თავს ზიანიც მიაყენონ.

თუ შვილები გყავთ, ზუსტად იცით, როგორ გამოიყურება ეს შეტევა. ასეთი ისტერიკის ეპიზოდები ერთიდან სამ-ოთხ წლამდე ასაკში უფრო გვხვდება, სანამ ბავშვი თავის საჭიროებებზე და მოთხოვნილებებზე საუბარს ისწავლის. ისტერიკის დროს მშობლის ქცევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამჯერად გირჩევთ, რა უნდა გააკეთოთ ბავშვის დასამშვიდებლად, რათა უარესად არ გამწვავდეს ვითარება.

1. ნუ ეცდებით მის შეჩერებას

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგჯერ ჯობია, ჩუმად დააკვირდეთ, რა ხდება. ემოციური აფეთქებისას ბავშვი ძალიან დაძაბულია, ამ დროს, პრაქტიკულად, ვერაფერს გააგებინებთ. ჯობია შეტევამ ცოტა გადაიაროს და ამის მერე სცადოთ მასთან საუბარი.

2. არ უთხრათ "არა უშავს" ან "ყველაფერი კარგად იქნება"

ნუ ეცდებით სიტუაციის გამოსწორებას სიტყვებით: „ყველაფერი კარგადაა“. ეს აუფასურებს თქვენი შვილის განცდებს და შეიძლება კიდევ უფრო ძლიერი ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. მით უმეტეს, თუ შეტევის მიზეზი ემოციების გამოხატვის გაძნელება ან თქვენი ყურადღების მიეპყრობა იყო.

3. არ უყვიროთ

რაც არ უნდა მაცდური იყოს ხმის აწევის სურვილი, ეს მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას და ისტერიკის ახალ სერიამდე მიგვიყვანს.

4. ნუ ეცდებით მის დაყოლიებას

ემოციური აფეთქების დროს ბავშვი ძირითადად თავის ტვინის უფრო პრიმიტიული ნაწილების ზეგავლენით მოქმედებს - ამ შემთხვევაში, ამიგდალასი, რომელიც პასუხისმგებელია ქმედებაზე გირტყამენ/გაიქეცი. ამიტომ, ნუ ეცდებით არგუმენტების მოტანას ან თქვენი პოზიციის ახსნას – ბავშვს უბრალოდ არ აქვს წვდომა ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც ლოგიკაზეა პასუხისმგებელი. ჯობია დაელოდოთ, სანამ დამშვიდდება და შემდეგ გადადით მოლაპარაკებებზე.

5. ნუ წახვალთ დათმობაზე

თუ ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი ისტერიკას მოაწყობს, ნებას დართავთ გააკეთოს ის, რაც ადრე აუკრძალეთ, ეს ასწავლის მას, როგორ მიიღოს სასურველი რამ სცენების მოწყობით. ამიტომ, დარწმუნდით, რომ შეზღუდვები და აკრძალვები გონივრულ ფარგლებში გაქვთ და დაიცავით ისინი მაშინაც კი, თუ ბავშვს ემოციური აფეთქება ექნება. უფრო მეტიც, შეუსაბამობა გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.

6. არ უთხრათ თქვენს შვილს, როგორ უნდა გრძნობდეს თავს

ისეთი სიტყვების თქმა, როგორიცაა: „აქ სატირალი არაფერია“ ან „რა იყო აქ გასაბრაზებელი“, მხოლოდ უარესად გაანერვიულებს ბავშვს. მისი გრძნობები გამართლებულია, თუნდაც მათი გამოხატვა იდეალურისგან შორს იყოს. ამიტომ არ უნდა უთხრათ, რას გრძნობს ან ვერ გრძნობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი დაიჯერებს, რომ თქვენ შორის ურთიერთგაგება არ არის - თქვენ არ გესმით მისი, ან შესაძლოა, არ გინდათ გაგება.

7. არ მოატყუოთ

ისტერიკის თავიდან ასაცილებლად ტყუილს ნუ გამოიყენებთ. რა თქმა უნდა, პატარა ტყუილმა „შოკოლადი გათავდა“-ს სახით, როცა კარადაში გაუხსნელი შეფუთვაა, შეუძლია ბავშვის ყურადღება გადაიტანოს ან თუნდაც დაამშვიდოს. მაგრამ შეუძლებელია გამუდმებით თავიდან აიცილოთ ისტერიკა - ამ გზით ბავშვი ვერ გაივარჯიშებს ემოციურ რეგულაციას, თქვენ კი ვერ ასწავლით მას საზღვრებს.

8. ნუ აკისრებთ მას პასუხისმგებლობას თქვენს გრძნობებზე

ისეთი სიტყვების თქმამ, როგორიცაა: „ძალიან ცუდად ვარ, როცა ასე ყვირიხარ“ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს თქვენს შვილზე და აიძულოს, პასუხისმგებლობა იგრძნოს თქვენს ემოციურ კეთილდღეობაზე. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გქონდეთ ემოციები და არ ესაუბროთ მათზე - უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი ფორმულირება გულისხმობს, რომ თქვენი ემოციები თქვენი პასუხისმგებლობაა, მაგალითად, "მე ძალიან ვნერვიულობ ახლა".