ემა სტოუნი დღეს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მსახიობია, არამედ - ყველაზე განხილვადიც. მისი ბოლო შთამბეჭდავი ნამუშევარი ფილმში "საბრალონი", კრიტიკოსებმა და მაყურებელმა ერთხმად აღიარა და არაერთ ჯილდოსთან ერთად, "ოსკარზეც" არის წარდგენილი. არადა, მის ბავშვობაში ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს პატარა გოგონა ასე შორს წავიდოდა.
ემა 1988 წლის 6 ნოემბერს დაიბადა არიზონას შტატში, სკოტსდეილში, დიასახლის კრისტი სტოუნისა და ბიზნესმენ ჯეფ სტოუნის ოჯახში (მამამისს სამშენებლო-კონტრაქტორული კომპანია ეკუთვნოდა). მის გარდა ოჯახში უმცროსი ძმა, სპენსერი იზრდებოდა. ემას მამის მხრიდან შვედური წარმომავლობა აქვს. საკმაოდ ჰარმონიულ ოჯახში იზრდებოდა და ამბობს, რომ ამან მის ხასიათზე დიდი გავლენა იქონია.
სხვათა შორის, დაბალი ხრინწიანი ხმა სახმო იოგებზე კვანძების შედეგია, რომლებიც ბავშვობაში გადატანილი დაავადების შემდეგ გაუჩნდა. გარდა ამისა, ემა ამბობს, რომ საკმაოდ მდიდარი ფანტაზიის გამო თუ იმის გამო, რომ გიჟდებოდა კინოზე და უამრავ ფილმს უყურებდა, თინეიჯერობისას საკმაო პრობლემები შეუქმნა. ხშირად ფიქრობდა კატასტროფებზე, დაეწყო შიშები და პანიკური შეტევებიც კი. თავად ამბობს, რომ ფსიქოთერაპევტის გარდა, ამის გადალახვაში სამსახიობო საქმიანობა დაეხმარა, რადგან სხვა ადამიანად გარდასახული და სხვა სამყაროში მოხვედრილი, სრულიად ივიწყებდა შიშებს.
ემამ სკოლის გარდა, გოგონათა კათოლიკურ კოლეჯშიც მიღო განათლება. თინეიჯერობისას დაინტერესდა მსახიობობით და უკვე 11 წლისამ ითამაშა პირველ სპექტაკლში, ჯერ სასკოლო სივრცეში, მერე კი - ნამდვილ თეატრში. 15 წლისა დედასთან ერთად ლოს-ანჯელეში გადავიდა საცხოვრებლად. დედა ცდილობდა, ყველანაირად შეეწყო ხელი ნიჭიერი გოგონასთვის. არც შემცდარა. სულ მალე ემა სატელევიზიო სერიალებში გამოჩნდა, მერე კი ნელ-ნელა სერიოზულმა რეჟისორებმა შეამჩნიეს და წარმატებამაც არ დააყოვნა. დღეს მის ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ფილმები "ლა-ლა-ლენდი", "ადამიანი ობობა", "ბრედმენი", "ფავორიტი", "სქესთა ბრძოლა" და ა.შ.
მალე აღიარეს, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია კოლეგებს შორის.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, "ადამიანი ობობას" გადაღებებზე დაუახლოვდა ენდრიუ გარფილდს და წყვილი თითქმის ხუთი წელი ხვდებოდა ერთმანეთს და საკმაოდ ცნობილი წყვილი იყო, თუმცა მაინც დაშორდნენ ერთმანეთს.
2017 წელს კი მის ცხოვრებაში რეჟისორი დეივ მაკერირუენი გამოჩნდა, რომელსაც 2020 წელს ცოლადაც გაჰყვა. წყვილს 2023 წელს შეეძინა ქალიშვილი, რომელაც ლუიზა ჯინ მაერი დაარქვეს.
ემა ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მართალია, მრავალნაირი ვარცხნილობით და გარეგნობით წარდგება მაყურებლის წინაშე, თუმცა ნატურალურად ქერაა. ემას საუკეთესო მეგობარი ვარსკვლავებს შორის კი ტეილორ სვიფტია, რომელთანაც ის მრავალი წელია მეგობრობს.