ყველა ზემოჩამოთვლილ პრობლემასთან გამკლავებას სჯობს, რომ ბავშვს ყურების გახვრეტა გადააფიქრებინოთ ბევრ დედას მოსწონს, როცა პატარა გოგონა საყურეს ატარებს. ზოგჯერ თვითონ ბავშვიც ითხოვს ყურების გახვრეტას. ჩვენს გვერდითაც ბევრია ისეთი პატარა, ვისაც ეს მანიპულაცია უკვე ჩატარებული აქვს ან ახლო მომავალში აპირებს.
ყურის გახვრეტა განსაკუთრებულ რისკებთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება მაინც საჭიროა. არასწორად ან არასტერილურ პირობებში გაკეთებულმა ნახვრეტმა შეიძლება ინფექციის შეჭრა ან ბიბილოებში ნერვული დაბოლოებების დაზიანება გამოიწვიოს.
რომელ ასაკშია დასაშვები ყურების გახვრეტა
ექიმების რჩევით, 3 წლამდე ბავშვისთვის ამ პროცედურის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამ ასაკში უფრო ძნელია პროცედურით გამოწვეულ რაიმე სახის გართულებასთან ბრძოლა. გარდა ამისა, ბავშვმა შეიძლება სათამაშოს წამოსდოს საყურე და ყურის ბიბილო დაიზიანოს. გარდა ამისა, სამ წლამდე ბავშვის ყურებში ხრტილოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ის სახის კუნთებთან, თვალებთან, ენასთან და კბილებთან არის კავშირში, ასე რომ, 3 წლამდე ბავშვის ნერვულ დაბოლოებებთან შეხება არასასურველია.
როგორ გადავაფიქრებინოთ ბავშვს ყურების გახვრეტა
ყველა ზემოჩამოთვლილ პრობლემასთან გამკლავებას სჯობს, რომ ბავშვს ყურების გახვრეტა გადააფიქრებინოთ. შეიძლება მას საყურის ტარების სურვილი იმიტომ გაუჩნდა, რომ დედა ან მისი თანატოლები ატარებენ. თუ ჯიუტად ითხოვს, მაშინ დაწვრილებით უამბეთ, როგორ ხვრეტენ ყურებს, როგორ უნდა მოუაროს ჭრილობას, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას და ა.შ. არ არის გამორიცხული, ამ დეტალებში გარკვევის შემდეგ გოგონამ თავად გადადოს პროცედურა გაურკვეველი ხნით.
სად სჯობს ამის გაკეთება?
თუ ბავშვისთვის ყურების გახვრეტა მაინც გადაწყვიტეთ, გირჩევთ, დერმატოლოგთან მიხვიდეთ და არა პირველსავე შემხვედრ სილამაზის სალონში. გახვრეტა მხოლოდ სპეციალური პისტოლეტით არის ნებადართული, რომელშიც ე.წ. საყურე "ლურსმანია" მოთავსებული. ასე ინფექციის გადადების შანსი მინიმუმამდეა დასული.
სანამ პროცედურაზე წაიყვანთ,სასურველია გადაამოწმოთ, როგორი სისხლის შედედების უნარი აქვს ბავშვს.
როგორ მოვუაროთ ახალგახვრეტილ ყურებს?
ახალგახვრეტილ ყურში ოქროსა და ვერცხლის საყურის გაკეთება არ შეიძლება, უმჯობესია სამედიცინო ფოლადის ე.წ "ლურსმნები" გამოიყენოთ. ახალგახვრეტილ ყურს პირველ ხანებში კარგად დააკვირდით, ხომ არ გამოიწვია ალერგია ლითონმა.
ნახვრეტი დღეში ორჯერ სპირტით ან ანტიბაქტერიული სითხით დაამუშავეთ. თუ ჭრილობა დაჩირქდა, ბავშვს საყურეები მოხსენით და ნახვრეტებს შეხორცება აცადეთ, შემდეგ კი ხელმეორედ გაუხვრიტეთ ყურები.