დღევანდელ სტატიაში ახალგაზრდა დედის, მაკა შავაძის ისტორიას მოგიყვებით. მაკა 22 წლის სტუდენტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს, პარალელურად კი შვილს, პატარა დემეტრეს უვლის, რომელსაც 1 თვის ასაკში ნაწლავების ინფექცია განუვითარდა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი იმუნური სისტემის არმქონე ბავშვისთვის ურთულესი აღმოჩნდა. დემეტრეს საავადმყოფოში 2 წლის გატარება მოუწია.
ამ პერიოდთან დაკავშირებულ დეტალებზე მაკამ Ambebi.ge-სთან ისაუბრა და მკითხველს თავისი "პირადი სასწაული" გაუზიარა:
- ფეხმძიმობა უპრობლემოდ მიმდინარეობდა. ჩვენდა საბედნიეროდ, ექოსკოპიის დროს არანაირი გართულება არ აღმოჩენილა - საკმაოდ ნორმალური ბავშვი იყო. რაც შეეხება ნაადრევ მშობიარობას - გამომწვევი მიზეზი არ ვიცით. არანაირი წინასწარი ნიშანი არ მქონია. ერთადერთი, რაც უნდა გამეთვალისწინებინა, და ალბათ ვერ გავითვალისწინე არის ის, რომ ჩემი მეუღლეც და მისი დაც ნაადრევად არიან დაბადებულები (8 თვე) - შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გენეტიკური ფაქტორით იყო განპირობებული.
ფეხმძიმობის პერიოდში არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამან ჩემს სტუდენტურ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მაინც ვცდილობდი, რომ საკუთარი თავისთვისაც არ მომეკლო დრო და სწავლა დამემთავრებინა. ამჟამად მე-4 კურსზე ვარ.
ბავშვი ერთი თვის იყო, როცა ნაწლავის კედლის ინფექცია განუვითარდა. ნაწლავების ინფექცია ყველაზე ხშირია დღენაკლულ ბავშვებში. გარდა ამისა, ფილტვი ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული. შესაბამისად, საჭირო გახდა აპარატზე მიერთება. ინფექციამ ნაწლავის შეშუპება, შემდეგ კი შეწებება გამოიწვია - მოხდა გაუვალობა. ამის გამო ოპერაცია გახდა საჭირო.
ამ მხრივ ექიმში ძალიან გამიმართლა. დემეტრეს ექიმი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო. ოპერაცია ციციშვილის კლინიკაში ჩავუტარეთ. ექიმებს საკმაოდ რთული ვითარება დახვდათ - ნაწლავი შეწებებული იყო არა ერთ, არამედ რამდენიმე ადგილას. შესაბამისად, ყოველ ადგილზე ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. მაშინ მითხრეს, რომ გადარჩენის შანსები 50/50-ზე იყო. ფაქტობრივად, გონება წამერთვა. ყველაზე რთული პოსტოპერაციული პერიოდი გამოდგა. განაგრძეთ კითხვა