11 წლის გოგონა რამდენიმე წამში უკვალოდ გაქრა... გამოძიებაში ექსტრასენსებიც კი ჩართეს... - საქმე, რომელსაც ოც წელზე მეტია იძიებენ - მშობლები

11 წლის გოგონა რამდენიმე წამში უკვალოდ გაქრა... გამოძიებაში ექსტრასენსებიც კი ჩართეს... - საქმე, რომელსაც ოც წელზე მეტია იძიებენ

2024-01-31 11:57:37+04:00

სამწუხაროდ, მსოფლიოში ბავშვების გატაცების არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. გამოძიება წლების წინ გაცილებით არაეფექტური იყო, არ არსებობდა კამერების ჩანაწერები და უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვები სამუდამოდ ამ სტატუსით რჩებოდნენ. არის შემთხვევები, როდესაც საქმეზე დეტალები წლების შემდეგ ხდება ცნობილი და გამოძიება თავიდან იწყება. ასე მოხდა, მაგალითად, პორტუგალიაში 13 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას, მედი მაკანის შემთხვევაში. თუმცა, მსგავსი შემთხვევები მაინც იშვიათია. ძირითადად, უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვების მშობლებს მთელი ცხოვრება სასამართლოში სიარული, უიმედოდ ლოდინი და ფუჭი იმედები რჩებათ. მსგავსი რამ მოხდა მიკელ ბიგსის შემთხვევაში, რომლის გაუჩინარებამაც მთელი ამერიკა შეძრა.

1-1706688005.jpg

ერთ დღეს 11 წლის გოგონა საკუთარ დასთან ერთად სახლიდან ნაყინის საყიდლად გავიდა. სანაყინე სახლის მახლობლად იყო, იქვე ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მეზობლებიც ცხოვრობდნენ და თითქოს, ასეთი ადგილიდან ბავშვის გატაცება შეუძლებელი იყო... 20 წელზე მეტი გავიდა, რაც არიზონას შტატის ქალაქ მესადან პატარა გოგონა გაუჩინარდა და მის კვალს ვერავინ ვერსად მიაგნო.

ეჭვმიტანილი ვერ იპოვეს. ვერც ცხედარი აღმოაჩინეს სადმე. თვითმხილველების ურთიერთგამომრიცხავი სიტყვები კი საქმის დეტალებს კიდევ უფრო ართულებდა. ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობდა. მათ შორის, იყო მოსაზრება, რომ ბავშვი ნარკოდილერებმა გაიტაცეს და მექსიკაში გაყიდეს, ეჭვმიტანილი იყო ნაყინის გამყიდველიც, ასევე გოგონას მანიაკი მეზობელი და მამაც კი... წლების განმავლობაში თეორიები თეორიებად დარჩა... 800-ზე მეტი ფიზიკური მტკიცებულებისა და მოწმეების ჩვენებები გამოძიებას ვერაფერში დაეხმარა და გოგონა კვლავ დაკარგულად ითვლება...

1999 წლის 2 იანვარს ქალაქ მესას მაცხოვრებლებმა გამაოგნებელი ინფორმაცია გაიგეს. 9 წლის კიმბერი სახლში ტირილით გაიქცა და ყვიროდა: "დედა, დედა, მიკელი გაქრა!" ბავშვი დეტალებზე ვერ საუბრობდა, მაგრამ პოლიცია საქმეში მალევე ჩაერთო. ვერტმფრენიც კი გამოიძახეს, რომ პერიმეტრი დაეთვალიერებინათ. სამართალდამცავებმა მთელი ტერიტორია რეკორდულ დროში გაჩხრიკეს, მალევე დაბეჭდეს ბროშურები და ქალაქში დარიგება დაიწყეს, რომ თუკი ბავშვს ვინმე იპოვიდა, ოჯახისათვის შეეტყობინებინათ. 11 წლის გოგონას ფოტოები ყველგან იყო გამოკრული. მათ შორის, მაღაზიის ვიტრინებში, მანქანებსა თუ მნიშვნელოვან დაწესებულებებში.

2-1706688023..jpg

წლების შემდეგ მიკელის დამ, კიმბერმა გაიხსენა, რომ იმ საღამოს საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. ქალი ახლა 32 წლისაა და ამბობს, რომ მისი და ისე გაქრა, რომ არაფერი დაუნახავს:

"გარეთ გავედით და ნაყინის გამყიდველ კაცს ველოდებოდით. უცებ ძალიან შემცივდა და სახლში პიჯაკის ასაღებად გავიქეცი. ჩემი და ველოსიპედზე იჯდა, როცა დავბრუნდი, იქ მხოლოდ ველოსიპედი დამხვდა, მიკელი აღარსად იყო. სახლში მივედი და დედას ვუთხარი, რომ მიკელი გაქრა. ჩემი ერთი ნაწილი რაღაც საშინელებას გრძნობდა, მეორეს კი უკეთესი იმედი ჰქონდა." - ამბობს კიმბერი.

თავდაპირველად, 9 წლის კიმბერის სიტყვები გოგონების დედას სერიოზულად არ აღუქვამს. ქალი ფიქრობდა, რომ ბავშვი იქვე იქნებოდა, ან მეზობელთან გაიქცეოდა და კიმბერს ემალებოდა. ამიტომაც, არ შეშინებია. მილერები, რომლებიც იქვე ცხოვრობდნენ, ამბობდნენ, რომ გოგონა ფანჯრიდან დაინახეს - ველოსიპედზე იჯდა და მშვიდად თამაშობდა.

3-1706688036.jpg
მიკელ ბიგსის მშობლები

ყველა ფიქრობდა, რომ მიკელი დამალობანას თამაშობდა, რადგანაც ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამდენი ადამიანის გარემოცვაში, ბავშვის გატაცებას ვინმე გაბედავდა. მილერების ვაჟი კიმბერთან ერთად მიკელის მოსაძებნად გაემართა. სწორედ ბიჭმა დაინახა, რომ ველოსიპედის გვერდით ფული ეგდო და ამიტომაც, იფიქრეს, რომ რაღაც ცუდი მოხდა...

შემდეგი კვირების განმავლობაში პოლიციაც და ადგილობრივებიც პატარა გოგონას ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. თითქოს, ბავშვი მიწამ ჩაყლაპა. მეზობლების სახლები, ნაგვის ბუნკერები, ახლომდებარე შენობები, აბსოლუტურად ყველაფერი გაჩხრიკეს. დაკითხეს ასობით ადამიანი, მათ შორის, პატარა გოგონას მეგობრები, თანაკლასელები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ყველა გამვლელი, რომლებმაც პერიმეტრზე იმყოფებოდნენ.

ბავშვი,ფაქტობრივად, მხოლოდ 90 წამი დარჩა მარტო, ვიდრე მისი და სახლში შეირბენდა და ქურთუკს აიღებდა. თუმცა, უკვალოდ გაქრა.

"ეს ნამდვილი კოშმარი იყო." - იხსენებს კიმბერი.

თავდაპირველად, პოლიციამ ეჭვი ბავშვის მამაზე მიიტანა. თუმცა, ეს ჩვეულებრივი პროცედურა იყო. როდესაც არასრულწლოვანს პრობლემა ექმნება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას მის მშობლებს აკისრებენ. ამიტომაც, დაკითხვა დერიენ ბიგსით დაიწყეს. დერიენის საქმეს რომ ჩაუღრმავდნენ, აღმოაჩინეს, რომ კაცი იტყუებოდა. ბავშვის მამა ამბობდა, რომ გოგონას გაუჩინარების დროს სამსახურში იყო, თუმცა მერე გაირკვა, რომ იტყუებოდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ 11 წლის გოგონას გაუჩინარების დროს დერიენი საყვარელთან იყო...

4-1706688073.jpg
მიკელ ბიგსის მშობლები

დრო გადიოდა, მაგრამ ბავშვის კვალს ვერსად პოულობდნენ. კიმბერი იხსენებს, რომ მამა, დერიენი, "გაბრაზებულ ზომბად" გადაიქცა.

"შეგროვილი მტკიცებულებების საფუძველზე გაირკვა, რომ გოგონა უცნობ ადამიანს გაურბოდა. ველოსიპედი დააგდო და სახლისკენ გაიქცა, თუმცა ფული დაავიწყდა. ყველაფერი წამებში ხდებოდა. ფილის დაკარგვა არ უნდოდა, ასაღებად მიტრიალდა და ამ დროს დაიჭირეს და მანქანაში ჩააგდეს." - განუცხადა ABC News-ს 2009 წელს დეტექტივმა გისელმა, რომელსაც ამ საქმის გამოძიება დაავალეს.

საათობით დაკითხვის შემდეგ, დერიენი სახლში დაბრუნდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მიკელის საძინებლისკენ გახედვაც კი არ უნდოდა. დედა, ტრეისი, მთელ დღეს დაკარგული ქალიშვილის საწოლზე ჯდომასა და ტირილში ატარებდა. გამუდმებით მის ნივთებს ათვალიერებდა. კიმბერი კი საკუთარ თავში ჩაიკეტა. კომუნიკაცია აღარავისთან უნდოდა და უმცროს დასა და ძმაზე ზრუნავდა. ბავშვებს მუდმივად აქცევდა ყურადღებას, რადგანაც ეშინოდა, რომ მათაც იგივე არ დამართნოდათ...

7-1706688101.jpg

საქმეში ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურად ჩაერთო. მეტიც, საქმე იმდენად გართულდა, რომ 500 ექსტრასენსი გამოკითხეს. კონტროლზე აიყვანეს შტატში ნაყინების ყველა გამყიდველი და მიტოვებული 35 მაღაროც დაათვალიერეს. შეამოწმეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სექსუალურ ძალადობაში როდისმე ყოფილან დადანაშაულებულები და საერთო რეესტრში იძებნებოდნენ. მოიძიეს იმ მძღოლების კოორდინატები, რომლებმაც საღამოს ქალაქში გაიარეს. ყველაფერი უშედეგო იყო.

ერთხელ ელექტრონულ ფოსტაზე ანონიმური შეტყობინება შეუვიდათ. წერილის ავტორი ამბობდა, რომ ბავშვი მან გაიტაცა. სასწრაფოდ მისი ადგილმდებარეობა დაადგინეს, პოლიცია მანიაკის დაკავების იმედით გაემგზავრა, თუმცა 12 წლის მოსწავლე აღმოაჩინეს, რომელმაც ხუმრობა გადაწყვიტა...

პერიოდულად, საქმეში ახალ-ახალი ეჭვმიტანილები ჩნდებოდნენ. ერთ-ერთი დი ბალოკი იყო. ალკოჰოლზე დამოკიდებული მამაკაცი მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობდა და გაფუჭებულ მანქანებს აკეთებდა. მათი სახლიდან მუდმივად ყვირილისა და ჩხუბის ხმა გადიოდა, ამიტომაც მეზობლებმა პოლიციაში არაერთხელ დარეკეს. დი ბალოკი 11 წლის გოგონას მეზობლად ცხოვრობდა. დი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც პოლიციასთან ერთად, ბავშვის მოძებნაში მოხალისეობრივად ჩაერთო.

6-1706688117.jpg
დი ბალოკი

მასზე ეჭვი არავის მიუტანია, ვიდრე ერთი ინციდენტი არ მოხდა. გოგონას გაუჩინარების შემდეგ ბალოკი ერთ-ერთი მეზობლის სახლში ჩუმად შეიპარა და ქალზე იძალადა. ჯერ მისი დახრჩობა სცადა, შემდეგ გააუპატიურა, ბოლოს კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და გაიქცა... ქალი გადარჩა, ტელეფონი აიღო და სასწრაფო დახმარებასთან ერთად, პოლიციაც გამოიძახა. როდესაც საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მან დაიყვირა: "მიკელ ბიგსი... გოგონა მან მოიპარა. გადაარჩინეთ."

მიკელი ძალიან ნიჭიერი და მუსიკალური გოგონა იყო. კვირაში რამდენჯერმე ფორტეპიანოს გაკვეთილები ჰქონდა და დადიოდა მასწავლებელთან, რომელიც ბალოკის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დი ბალოკი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებით სამჯერ იყო ნასამართლევი. ასევე, ნასამართლევი იყო ბავშვის გატაცებასა და მასზე ძალადობის საქმისთვის. ის ციხიდან 1995 წელს გამოვიდა. თუმცა, იმ პერიოდში, არიზონას შტატის კანონების მიხედვით, საარქივო მასალების მოპოვება ასე მარტივი არ იყო. ამიტომაც, ქალაქ მესაში არავინ იცოდა, რომ მათ გვერდით მანიაკი ცხოვრობდა...

დი ბალოკი მიკელს ძალიან კარგად იცნობდა, თუმცა მისი გატაცების დღეს ის საკუთარ ავტოფარეხში მუშაობდა, ლუდს სვამდა და თან ტელევიზორს უყურებდა. გოგონას გაუჩინარების შემდეგ, პოლიციამ მისი სახლიც გაჩხრიკა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი იპოვეს. თუმცა, ბალოკის უკანა ეზოში მდგომი ტრაილერი სპეციალური ორდერის გარეშე ვერ გაჩხრიკეს. როდესაც პოლიციამ შესაბამისი ორდერი მიიღო და ტრაილერის დათვალიერებას აპირებდნენ, მანქანა უკვალოდ გაქრა.

ბალოკს მეზობლის ქალზე სასტიკი თავდასხმის, მისი გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მიკელის მშობლებმა კაცი ციხეში არაერთხელ მოინახულეს და ევედრებოდნენ, რომ მათთვის სიმართლე ეთქვა. თუმცა, კაცი გოგონას გატაცებას არ აღიარებდა.

8-1706688168.jpg

მიკელის გაუჩინარებიდან 5 წლის შემდეგ, მშობლებმა მის პატივსაცემად მემორიალური დაფა აღმართეს და ცარიელი სასახლე დამარხეს. ქორწინების გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ცოლ-ქმარი ბავშვის დაკარგვამდეც განქორწინების ზღვარზე იყო. ამიტომაც, ერთმანეთს დაშორდნენ, ქალაქი მესა დატოვეს და იუტაში გადასახლდნენ. ბოლოს მათ ჟურნალისტები 2009 წელს დაუკავშირდნენ. არც იმ ეტაპისთვის იყო რაიმე სიახლე.

კიმბერი მედიაში მუშაობს და ჯერ კიდევ ვერ ივიწყებს იმ ტკივილსა და ტრავმას, რაც მისი დის დაკარგვის შემდეგ განიცადა. როგორც ქალი ამბობს, მთელი ბავშვობა დანაშაულის შეგრძნება აწუხებდა, რომ მიკელისათვის ვერაფერი გააკეთა. თუმცა, შემდეგ ნელ-ნელა გააცნობიერა, რომ მაშინ 9 წლის იყო და ვერაფერს იზამდა.

9-1706688184.jpg
კიმბერ ბიგსი

ახლა მას 6 წლის ვაჟი ჰყავს და ხშირად ეუბნება, რომ დაკარგული დეიდა მისი მფარველი ანგელოზია. დედასთან ერთად მიდის საფლავზე, სადაც ცარიელი კუბო დამარხეს და მემორიალური დაფა აღმართეს.

"მინდა, ხალხს ახსოვდეს, რომ მიკელ ბიგსი არსებობდა." - ამბობს კიმბერი. ქალი დარწმუნებულია, რომ მისი და ბალოკმა გაიტაცა. თუმცა, კაცის წინააღმდეგ ვერც ერთი სამხილი ვერ იპოვეს.

2018 წელს პოლიციის განყოფილებაში შევიდა წერილი, სადაც ბანკნოტი იდო და ზედ ეწერა: "მე მქვია მიკელი. მესადან მომიტაცეს. ცოცხალი ვარ."

10-1706688210.jpg

გამომძიებლებმა საქმის გამოძიება მაშინვე განაახლეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვიღაც გაუჩინარებული მშობლების ნერვებზე თამაშობდა და ცრუ შეტყობინება გააგზავნა. პოლიცია ცდილობდა იმის დადგენასაც, თუ საიდან მივიდა ბანკნოტი იქამდე, თუმცა უშედეგოდ. დღემდე მიკელ ბიგსი ამბავი აშშ-ს დანაშაულების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ საქმედ ითვლება.

10-1706688226..jpg
მიკელ ბიგსი - ფოტორობოტი