პოეტი ჯუბა ღებელი გამოეხმაურა გახმაურებულ თემას, სკოლებში ჰაგიოგრაფიის სწავლების შესახებ:
"მცირე სიტყვა სკოლებში ჰაგიოგრაფიის სწავლების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე...
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ". ა. აინშტაინი
"დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა"...
ქართულ მწერლობას ხომ დაერივნენ, ახლა ჯერი ქართულ ჰაგიოგრაფიაზე მიდგა და, რა თქმა უნდა, ჯახი პირველ უნიკალური ძეგლზე, დიახ ძეგლზე, "შუშანიკის წამებაზე" მიიტანეს...
მავანმა ისიც კი თქვა, ლიტერატურული ღირებულება არა აქვსო, შედავებაზე შეედავა - მაშ ჩამომითვალეთ მხატვრული სახეებიო!.. "შუშანიკს" რომ ვერაფერი "მოუგვარეს" აბო თბილელს მიადგნენ, - ეგ ხო საერთოდ სათაგადასავლო ისტორიააო... მადლობა ყველას ვინც სტუდიაში "მართლად" მსჯელობდა (ეკა კვესიტაძის გადაცემას ვგულისხმობ), მაგრამ მაინც ძალიან მომინდა იმ სტუდიაში პავლე ინგოროყვას თუ არა, ჩემი თამაზ ტყემალაძის ყოფნა... მოკლედ და გარკვევით აუხსნიდა მათ, ვისაც ქართული ჰაგიოგრაფიის "ლიტერატურულ" ჭრილში განხილვა უჭირთ, რომ სწორედაც რომ ლიტერატურული ძეგლია შუშანიკიც, აბო თბილელის წამებაც, გრგიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც და რომ თავნი და თავნი არიან ისინი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობისა...
ახლა განვსაჯოთ უნდა ისწავლებოდეს თუ არა ეს ნაწარმოებები სკოლაში თავისი "ძნელად გასაგები ენის" გამო... თუ ვინმე ფიქრობს, რომ სასწავლო პროცესი "თამაშად და მღერად უნდა უჩნდეს" სკოლის მოსწავლეს, ილიასავით ვეტყვი, რომ მწარედა სცდება... სწავლა არც თამაშია და არც მუცლის ფხანა, სწავლა სიბეჯითე და შრომაა, თავაუწეველი შრომა და გარჯა... რა კარგი მაგალითი მოიყვანა ნატო უდესიანმა თავის ფეისბუქპოსტში, როცა ანა კალანდაძის "შუშანიკი" სხვა ჭრილში წარმოგვიდგინა... დიახ, რომ არ გვქონდეს წაკითხული "შუშანიკის წამება", ძნელი იქნებოდა დიდი პოეტის ლექსის არსს ჩავწვდომოდით, არა და რა ნატიფად, რა სიტყვათა კაზმვით მოაქვს შუშანიკიდან ნასესხები "მძიმე სიტყვები" ანას, რომლებიც ამ დიდი ლექსის მთავარ სარძიკველს შეადგენენ!..
ვისაც ჰგონია, რომ ევროპაში ლიტერატურილი ტრადიციები წარსულს ჩაბარდა, მინდა ვუთხრა, - არა ბატონებო!.. თითქმის ყველა ქვეყნის სკოლაში ისწავლება ძველი ლიტერატურული ძეგლები და უფრო მეტი დოზითაც კი, ვიდრე ქართულ ზოგადსაგანმანათებლო სკოლებში...
რუსეთუმეობისთვის რომ არ "ჩამქოლონ", სადაც ძალიან დიდი დატვირთვით ისწავლება ძველი რუსული ლიტერატურა, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ესპანეთში ბავშვები, სადაც ახლა ვიმყოფები და სადაც ჩემი ესპანელი მეგობრის შვილები დადიან, სრულად სწავლობენ პოემას "ჩემს სიდზე", ასევე ისწავლება სხვადასხვა ქვეყნებში ეპოსის ცნობილი ნიმუშები - "სიმღერა როლანზე", "სიმღერა ნიბელუნგებზე", ასევე ანგლო-საქსური თუ კელტურ-ირლანდიური ეპოსები...
აქვე, პოსტში, უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის იტალიაში მცხოვრებ ქალბატონ შორენა პაიჭაძის კომენტარსაც ამოვწევ, იმის შესახებ, რომ "1977 წლიდან იტალიის განათლების სამინისტრომ სავალდებულო საგნად დაამატა ლათინური ენის შესწავლა სასკოლო სასწავლო პროგრამაში. იმ ენისა, რომელიც მკვდარია და არავინ არ საუბრობს".
ეგრეც რომ არ იყოს, ჩვენ მრავალმილიონიან ქვეყნებს რას ვედრებით... ჩვენ მსოფლიოში პირველი ქართული დამწერლობა გვაქვს, რომლის სათავეებთან 3000-წლოვანი ისტორია დგას და რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი იყო ბიბლიის წერისას...
გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ ბრძანა, - თვით საბერძნეთშიც კი ორი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები ისწავლებაო... იქ რომ ვყოფილიყავი, ვეტყოდი, ასიც რომ ისწავლებოდეს, იმ ძველი ელადიდან ვერაფერდარჩენილს, არაფერი ეშველებათქო...
ჩვენც ხომ არ გვინდა მათსავით "თანამედროვენნი" გავხდეთ...
მგონი კიდევ ვიღაცამ ახსენა, ქრისტიანობა ბერძნებისგან ვისწავლეთო (თუმცა სწავლაშიც რა არის ცუდი?)... აქ მართლა "დარბაზის" დახმარება მჭირდება, - მართლა ასეა თუ არა?.. - თუ ასეა, მაშ რატომ მეგონა რომ სვიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა გვასწავლეს, რატომ მეგონა რომ მეცამეტე მოციქულმა მატათამ გვიქადაგა, რატომ მივაწერდი ჩვენს განმანათლებლობას წმინდა ნინოს?.. ვწუხ თუ ასეა და არ ვიცოდი!..
მეათე საუკუნეში გადაწერილი "შუშანიკის წამება" და სხვებიც, იმ სამი დამწერლობის ლიბოზე დგას, რომლითაც დღეს ვმეტყველებთ... სამივე ანბანი (მსოფლიოში არ არის სხვა ერი, რომელსაც სამი დამწერლობა ჰქონდეს) ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია და მათი ერთმანეთისგან დაშორება იგივეა, კაცს რომ თავი მოჰკვეთო და ფეხები დაუტოვო...
გავანებოთ ამ გარჩევებს თავი და ვთქვათ ხმამაღლა, - რა ხდება?.. ამ გაცამტვერებულ, ტერიტორიებდაკარგულ, გაღატაკებულ, ემიგრაციად ქცეულ ქვეყანაში, სადაც მეტ-ნაკლებად მყარად კულტურის სხვა დარგებთან ერთად, ქართული მწერლობა დგას ფეხზე, სხვა საზრუნავი არა აქვს ხელისუფალს და დეგრადირებულ განათლების სისტემას, რომ ჰაგიოგრაფიის სასწავლო პროგრამიდან ამოღებაზე არ იდავოს?..
მერე კიდე იტყვიან, - "გამოგონილი შეთქმულების თეორიაო", "ჭორით გაგონილი დალესის პროექტიო", "ყურით მოთრეული სოროსის პროგრამებიო"..
კაცმა არ იცის, ეს ყველაფერი სინამდვილეა თუ არა, მაგრამ ისეთი დიდი სახრავია მავანთათვის, საკუთარ დედას მიათხოვებენ, საკუთარ ცოლებს მიაგირავებენ სარფის სანაცვლოდ...
და ბოლოს, მესმის რომ ადვილი არ არის სწავლა არც მათემატიკის, არც ფიზიკის და ქიმიის, არც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისა, მაგრამ აღარ ვისწავლოოთ?..
ბავშვმა თავად უნდა აირჩიოსო. თუ არ იცის, როგორ უნდა გააკეთოს არჩევანი, დედამ უნდა ურჩიოს თუ მეზობელმა?..
განათლების სისტემა იმიტომაა ქვეყანაში (თუ არის), რომ სწორად შერჩეულმა კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეადგინონ პროგრამა, ბავშვებმა კი, უნდათ თუ არა, უნდა ისწავლონ, ყოველ შემთხვევაში სხვას მაინც არ შეუშალონ ხელი სწავლაში...
ერთი გაფიქრება, გავიფიქრე, რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ჩემს დროს სასკოლო პროგრამაში ეს ნაწარმოებები-თქო და ალალად ვიტყვი, თავი დაცარიელებულ, გამოფიტულ საგნად ვიგრძენი... შეიძლება ვერ ვისწავლოთ კარგად, ვერ დავიმახსოვროთ ეს "მძიმე" სიტყვები, მაგრამ მეხსიერებაში მაინც ჯდება და ვინ იცის, როდის იყივლებს გენეტიკური კოდი, ვინ იცის, მაშინ ეს "რთული ენაც" სულის მანათობელ კელაპტრად იქცეს..."
ჯუბა ღებელი - პოეტი, ჟურნალისტი, ტელე-რეჟისორი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი, გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის პრემიების ლაურეატი, რვა პოეტური კრებულის, სამი დოკუმენტური ფილმისა და მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი...
(პ.ს. ეს არათავმდამბლური "ტიტულები" იმისთვის ჩამოვთვალე, ვინმემ რომ არ თქვას, ეს ვინღა ჩემი ოჩო-კოჩოაო...)