ძიძამ მშობლებისგან ახალშობილი ბიჭუნა გაიტაცა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.
შემთხვევა მექსიკაში, ჰიდალგოს შტატში მოხდა. ნელი ჯანეტ რამირესი დედას და ბებიას სამი დღის ჩვილის მოვლაში ეხმარებოდა. ერთხელ დედ-შვილს ჩაის დალევა შესთავაზა, რომელშიც ჩუმად საძილე აბები გაურია. როცა ბავშვის ოჯახის წევრებს ჩაეძინათ, ბიჭი გაიტაცა, მათი მობილურები ფულთან ერთად გაიყოლა და მიიმალა.
დედამ და ბებიამ მეორე დილით გაიღვიძეს და რამირესის დატოვებული ჩანაწერი იპოვეს. ქალი წერდა, რომ კრიმინალური ორგანიზაციის წევრია და ოჯახს ბავშვის ძებნა აუკრძალა. მან ასევე უთხრა ნათესავებს, რომ ბავშვზე არ ენერვიულათ. ოჯახმა სასწრაფოდ პოლიციას მიმართა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო და მალევე მოიპოვა ბიჭის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია. თუმცა, სანამ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მივიდოდნენ, რამირესმა გაქცევა მოახერხა. მან ბიჭი ქუჩაში მიატოვა. ჩანთაში მწოლიარე ბავშვი 27 იანვარს ცოცხალი და ჯანმრთელი მშობლებს დაუბრუნეს.
ხელისუფლების ცნობით, რამირესმა დანაშაული თანამზრახველის დახმარებით ჩაიდინა, რომელიც პოლიციაში მუშაობს. გატაცების დღეს პოლიციელმა სამსახურიდან დასვენება ითხოვა. რამირესს და მის თანამზრახველს კვლავაც ეძებენ.