რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი ადრე ალაპარაკდეს? როგორც აღმოჩნდა, ძალიან ცოტა.
რატომღაც ითვლება, რომ რაც უფრო ადრე იწყებს ბავშვი ლაპარაკს, მით უფრო კარგად ვითარდება ის. თუმცა, თითოეულ ბავშვს მეტყველების განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს. უმეტესობა 18 თვიდან იწყებს ცალკეული სიტყვებისა და ფრაზების გამოთქმას, მაგრამ ზოგი უფრო ადრე იწყებს ტიტინს. რაზეა ეს დამოკიდებული?
ფსიქოლოგმა ელიკა ბერგელსონმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ჩაატარა კვლევა, რომელშიც ცდილობდა გაეგო, თუ რა ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული მეტყველების განვითარების დაჩქარება. მან და მისმა კოლეგებმა 12 ქვეყნის ოთხ წლამდე ასაკის 1000 ბავშვის მაგალითი შეისწავლეს.
შედეგად, როგორც ბერგელსონმა ჟურნალ PNAS-ს განუცხადა, აღმოჩნდა, რომ არც ბავშვის სქესი, და არც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გავლენას არ ახდენს მეტყველების განვითარებაზე.
ეს საკმაოდ გასაკვირი იყო მეცნიერებისთვის, რადგან ადრე ითვლებოდა, რომ მდიდარი ოჯახების ბავშვები ურო სწრაფად იწყებენ ლაპარაკს - სავარაუდოდ, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მშობლები იმდენ დროს ვერ უთმობენ ბავშვებთან საუბარს და მის განვითარებას.
სამაგიეროდ, ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე სწრაფად ალაპარაკებული ბავშვები იმ ოჯახებში გამოვლინდნენ, სადაც ოჯახის წევრები უფრო მეტად ელაპარაკებიან ერთმანეთს.
მეტი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, მაგრამ მეცნიერებს უკვე აქვთ ორი შესაძლო მიზეზი: თავად გარემო ხელს უწყობს მეტყველების ადრეულ განვითარებას და მეორეც, უფროსები უფრო ხშირად შედიან დიალოგში ბავშვებთან.
თუმცა, ელიკა ბერგელსონი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თავის კვლევაში მან და მისმა გუნდმა გაითვალისწინეს მხოლოდ ის ხმები, რომლებსაც ბავშვები დღის განმავლობაში გამოსცემდნენ. ანუ ბავშვთა ენის სირთულე შესწავლილი არ არის.
შედეგად, სოციო-ეკონომიკურმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ენის განვითარების ზოგიერთ ელემენტზე, რომლებსაც ეს კვლევა არ შეხებია. მაგალითად, ბავშვებს, რომლებიც უფრო მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებში იზრდებიან, შეიძლება მშობლებმა უფრო მეტი წაუკითხონ, ბავშვების ლექსიკა, გრამატიკული მხარე გააუმჯობესონ.