წუხელ ტრაგედია დატრიალდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. ჩამოწოლილმა მეწყერმა ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, 5 ადამიანის სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით, 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი.
"ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი" - აღნიშნა მან.
ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი. AMBEBI.GE ბავშვების პედაგოგს, ხათუნა ხიზანეიშვილს ესაუბრა:
- ერთ ოჯახს ეძებენ ამ დროისთვის, მამა და სამი შვილი. სამივე ბავშვი ჩემი მოსწავლეები არიან. ტყუპი დები და ერთი ბიჭი. ვაჟი მეთერთმეტეკლასელია, გოგონები მეცხრე კლასში არიან. მეც ამ სოფელში ვცხოვრობ, ჩემი მეზობელია ეს ოჯახი.