„მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ შვილის აზრს, აუცილებელი არაა, ჩვენი წარმოდგენები ერთმანეთს ემთხვეოდეს“ - თამთა ასათიანი დედობასა და ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსზე - მშობლები

„მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ შვილის აზრს, აუცილებელი არაა, ჩვენი წარმოდგენები ერთმანეთს ემთხვეოდეს“ - თამთა ასათიანი დედობასა და ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსზე

2024-02-08 14:28:18+04:00

თამთა ასათიანი „რადიო პალიტრისა“ და „დილის პალიტრის“ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი წამყვანია, რომელიც უკვე წლებია, მაყურებლისა და მსმენელის სასიამოვნო განწყობასა და ინფორმირებულობაზე ზრუნავს.

420727639-632212499030641-2153458849596767717-n-1707388612.jpg

საზოგადოება თამთას მომღერლის ამპლუაშიც კარგად იცნობს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამჯერად, მისი, როგორც დედის შესახებ შევიტყოთ მეტი. წამყვანის ქალიშვილი - ლენკა უკვე 5 წლისაა და როგორც თამთა გვიამბობს, ისინი უკვე მეგობრები არიან და დროის ერთად გატარება ძალიან უყვართ. დედის მსგავსად, ლენკაც მღერის - „სიმღერის და მუსიკის მიმართ სიყვარული საკმაოდ პატარა ასაკიდან გამოავლინა, ჯერ ორი წლისაც არ იყო, ლაპარაკიც კი არ იცოდა გამართულად, რამდენიმე სიმღერა სმენით რომ დაიმახსოვრა და თავის სიტყვებით მელოდიას უშეცდომოდ მღეროდა“, - გვიამბობს თამთა.

420940871-1797413414064050-7859914642418814140-n-1707388672.jpg

უფრო დეტალურად, როგორ პოულობს ბალანსს კარიერასა და ოჯახს შორის და შვილთან ურთიერთობაში რა არის მისი მთავარი პრინციპები, ამის შესახებ თამთ ასათიანი Mshoblebi.ge-სთან საუბრობს:

- საინტერესოა, რა არის ის მთავარი პრინციპი, რომელსაც შვილის აღზრდისას არ ღალატობთ?

მიმაჩნია, რომ შვილის აღზრდა მშობლის მთავარი ფუნქციაა, არ ვიცი მე ეს როგორ გამომდის, მაგრამ მისი დაბადების წამიდან ვიგრძენი რომ ეს პატარა, უსუსური არსება მთლიანად ჩემზე იყო დამოკიდებული. იმ წუთიდან გავაცნობიერე დიდი პასუხისმგებლობა მის მიმართ.

ვცდილობ, მასთან მიმართებაში ვიყო ზომიერი, მიუხედავად იმისა რომ ყოველ წამიერად ვაგრძნობინებ იმ სიყვარულსა და სითბოს, რაც მის მიმართ მოჭარბებულად მაქვს, ვაძლევ სრულ თავისუფლებას, ვუსრულებ სურვილებს და ყველაფერს ვაკეთებ მისი კომფორტისა და ბედნიერებისთვის. ვცდილობ, არც ზედმეტად დამთმობი ვიყო მასთან ურთიერთობაში და არც ზედმეტად მკაცრი, არ ვიცი რამდენად გამომდის.

421237438-717503433697144-937875366224534763-n-1707388696.jpg

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილთან ღია და მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს? არის თუ არა სიმკაცრე საჭირო?

- ჩემთვის შვილთან ურთიერთობაში მთავარია დროის ნაყოფიერად გატარება. მშობლისა და შვილის ურთიერთობა მუდმივად ცვალებადია და მიმაჩნია, რომ ჩვენც, როგორც მშობლები მასთან ერთად ვიზრდებით. მიუხედავად იმისა რომ ჩემი დედად ყოფნის გამოცდილება სულ 5 წელს ითვლის, ამ პერიოდის განმავლობაში მეც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ლენკასგან. ბავშვი იზრდება და მასთან ერთად მშობელიც სწავლობს მის ცალკე პიროვნებად აღქმას, მისი სურვილების, ინტერესების, აზრის გათვალისწინებასა და პატივისცემას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პატივი ვცეთ მის აზრს. აუცილებელი არაა, ჩვენი წარმოდგენები ერთმანეთს ემთხვეოდეს, ზოგჯერ სასარგებლოც და საჭიროც კია, რომ განსხვავდებოდეს. სიმკაცრეც საჭიროა ზომიერად, მაგრამ როცა შვილი გრძნობს რომ პატივს სცემ მას და მის მოსაზრებებს, მგონია რომ მაშინ ყველაფერი დალაგებული იქნება. ზოგადად მშობლის და შვილის ურთიერთობა მუდმივად ცვალებადი პროცესია.

- საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, როგორ პოულობთ ბალანსს ოჯახურ ცხოვრებასა და სამსახურს შორის? რა გეხმარებათ ამაში?

- იმდენია წელია ამ რეჟიმში ვარ, რომ ყველაფერი თავისთავად დალაგდა, ვერ ვიტყვი რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად შვილთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დეფიციტს განვიცდი. ხან მგონია რომ, არ აქვს მნიშვნელობა დღის განმავლობაში რამდენ საათს გაატარებ ბავშვთან, მთავარია რამდენად სწორად და ნაყოფიერად ატარებ ამ დროს.

შაბათ-კვირას ერთმანეთისთვის უფრო დიდი დრო გვაქვს, ვთამაშობთ, ვკითხულობთ, ფაზლებს ვაწყობთ, ქალაქგარეთ გავდივართ, ეზოში ვსეირნობთ. სხვათა შორის ლენკას თანატოლებთან მეც სიამოვნებით ვთამაშობ-ხოლმე ეზოში და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

420756111-713171534331590-2511838522414318963-n-1707388822.jpg

- რადგანაც დილის გადაცემების წამყვანი ხარ, ალბათ შვილის გამთენიისას დატოვება გიწევს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ყველას სძინავს, როგორ ახერხებ ამას და თავად როგორ იღებს ამ ფაქტს?

- მას შემდეგ, რაც „პალიტრანიუსის“ დილის გადაცემა მიმყავს, კვირაში რამდენჯერმე დილის 6 საათზე მიწევს გაღვიძება და სახლიდან მალევე გამოსვლა, ამ დროს ჯერ ღამეა და ბავშვსაც, რა თქმა უნდა, სძინავს. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მძინარეს რომ ვტოვებდი, მეგონა რაღაცას ვაშავებდი ამით, მაგრამ შემდეგ შევეჩვიე. ამ ფაქტს ლენკაც არ აპრტროტესტებს, რადგან რაც წამოიზარდა ,პირდაპირ ამ მოცემულობის წინაშეა და ეს მისთვის ბუნებრივია, რომ რამდენიმე დღე როცა გაიღვიძებს მასთან არ იქნება დედა, სამაგიეროდ იქნება მამა, რომელთან ერთადაც დროის გატარება ასევე ძალიან უყვარს, ასევე სიამოვნებს როდესაც გაღვიძებისთანავე ჩართავს ტელევიზორს და იქ დედას ხედავს.

- როგორ აგვარებთ რთულ სიტუაციებს, როდესაც სამუშაო მოითხოვს თქვენს ყოფნას და ბავშვს თქვენ სჭირდებით?

- ალბათ ყველაფერს ეჩვევი. თავიდან ამაზე ძალიან ვნერვიულობდი, ახლა, როცა წამოიზარდა ყველაფერი უფრო მარტივია, უყვარს მამასთან, ბებიებთან ყოფნა და სიამოვნებით რჩება მათთან ჩემს გარეშეც. ყველაზე რთულად ერთ-ერთი საახალწლო გადაღება მახსენდება: ლენკა მაშინ 2 წლის იყო და ზამთარში ე.წ ღორის გრიპი შეხვდა, 39 სიცხით ვტოვებდი, რომ გადაღებაზე მოვსულიყავი, თან ვალდებული ვიყავი გადაღების დროს ვყოფილიყავი საოცარ განწყობაზე, ეთერში უნდა მეცინა, მემღერა, სტუმრებისთვის და მაყურებლისთვის განსაკუთრებულად პოზიტიური განწყობა შემექმნა, ამ დროს კი ჩემი ფიქრები მთლიანად ვირუსიანი ბავშვისკენ იყო მიმართული. მახსოვს ყოველი სარეკლამო ჭრის დროს ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, მაგრამ გადაღების დროს ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია. ეს გადაღება ალბათ დიდხანს არ დამავიწყდება. ახლაც რომ დავფიქრდი, ყველაზე მეტად ვირუსის დროს მიჭირს ხოლმე მისი დატოვება, მგონია, რომ ამ დროს დედა ყველაზე მეტად სჭირდება.

420602774-322163856923079-7821167634138997126-n-1707388854.jpg

- მეუღლეზეც გვიამბეთ, რამდენ არის ჩართული ბავშვის აღზრდაში? რამდენად ხშირად ატარებს დროს ლენკასთან?

- ნამდვილად გამიმართლა, რომ ჩემს შვილს ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი მამა ჰყავს. ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ჩართულია ბავშვის აღზრდაში, ხშირად ჩემზე უკეთაც გამოსდის მისთვის საჭმლის მომზადება, დაბანა, დაძინება და ყველაფერი ის, რაც მშობელმა ბავშვს უნდა გაუკეთოს. ლენკას ცხოვრებაშიც მამას განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს და არავისთან არ გრძნობს თავს ისე დაცულად და კომფორტულად, როგორც მამასთან.