25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული დღეა - საბჭოთა ოკუპაციის დღე, როდესაც ქართული თავისუფლების მოყვარული სულის ჩაკვლის კიდევ ერთი მცდელობა განახორციელეს. ამ მზაკვრულ მიზანს უამრავი ქართველი შეეწინააღმდეგა, ბევრი გმირულად დაიღუპა საქართველოს უკეთესი მომავლის იმედით გულანთებული. ამ გმიერბს შორის რამდენიმე ქალიც იყო, რომელთაგან ისტორიას ყველაზე ნათლად 19 წლის გოგონას, მარო მაყაშვილის სახელი შემორჩა.
მარო მაყაშვილი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში იყო დაბადებული – მამა, კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი ცნობილი პოეტი და მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამააარებელი იყო, ხოლო დედა – თამარ გაბაშვილი, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასული გახლდათ. მარო ქალთა ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. სურდა უცხო ენების შესწავლა, დღიურებში უცხოეთში გამგზავრებაზეც წერდა, მაგრამ არ დასცალდა. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო საქართველოს ანექსია და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე გოგონამ გადაწყვიტა, რომ თავადაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღო პროცესებში. ”რა დროს პირად გრძნობაზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი”, - წერდა თავის დღიურში.
წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში...
გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ მშვენიერი გოგონას დღიურებიდან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს და მათში ძალიან დიდი პატრიოტი გოგონა ჩანს, 16-დან 19 წლამდე (რა ასაკისაც არის ჩანაწერებში), რომელსაც თავისი ჩვეულებრივი, ამ ასაკის გოგონასთვის დამახასიათებელი ვნებებიც აქვს - მაგალითად, შეყვარებულია ვიღაც ლამაზ ჩოხოსან ბიჭზე, რომლის ვინაობაც არ იცის. ოცნებობს ლამაზ მომავალზე და იმაზე, რომ მშობლებს გამოადგება... თუმცა ყველაზე მეტად სამშობლოს ბედზე აღელვებული ადამიანის ჩანაწერებია, დიდი პატრიოტის, რომელმაც თავისი მომავალი და თავისი ახალგაზრდობა საქართველოს შესწირა.
***
…ამას წინად მეხუთედ შემხვდა “ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს. არ ვიცი, რისთვის. იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ… ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის… ამას წინად თეთრ ჩოხაში ვნახე, შესანიშნავი იყო… რაღაც მემართება. ახლა ძალიან შემემჩნა მარტოობა. მინდა დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ…
***
…მინდა საზღვარგარედ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი… ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?
20 მარიამობისთვე
***
…თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ.
17 ენკენისთვე
***
…ეჰ! რა დროს პირად გრძნობაზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო ომი. ვიფიქრეთ, პატარა და დიდი მტრები ეხლა მოისვენებენო. არა! ახლა პატარებმა, უმნიშვნელო, უსინდისო და კიდევ სხვა ერმა – სომხებმა გამოუცხადეს ომი! მერე ვის? ქართველებს. ლაჩრები. რამდენი სიკეთე ვუყავით, ათასობით ლტოლვილი, გლეხები, შიმშილს და სიკვდილს გადავარჩინეთ, მეზობლებათ და მეგობრებათ ვთვლიდით… გუშინ ულტიმატუმი წამოუყენა სომხის მთავრობამ ერივანისა – ქართველებს. ახალქალაქი, ახალციხე, ჯავახეთი დაგვიცალეთო, თბილისი ნეიტრალურ ქალაქად გახადეთო. შორიდან გულადები, უნამუსოები… ეხლა ისე დავეცემით და გავლაჩრდებით, რომ ესენი ავასრულოთ? სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ქართველი ძალიან მომთმენია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მსხვერპლი დიდი იქნება. აი, რა არის საშიში, ღმერთო! ნუთუ მაგისთანა უსინდისო ხალხზე შენი კურთხევა წამოვა! არა მგონია, არა! მაშ დაიცადეთ, მგონი, დაგავიწყდათ ქართველების მუშტის გემო!!! ძალა რომ მქონდეს მე… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა.
10 ოქტომბერი, 1918 წელი
***
…თბილისი თანდათან ივსება ინგლისელების ჯარით… ხან ფრანგები გვეწვევიან, ხან გერმანელები, ხან სომხები. ახლა ინგლისელები. რას გააკეთებენ აქ, არ ვიცი… თანდათან რაღაც მეპარება მე გულში. რაღაც ახალი გრძნობა, ტკბილი, სასიამოვნო. ერთ ვინმეს რომ დავინახავ ხოლმე, გული ძგერას დამიწყებს და სისხლი თავში ამივარდება. მე არ ვიცნობ მას. არ ვიცი მისი სახელი, ამგვარი ნეტავ ვინ არის? მაგრამ მგონია, გავიგებ მალე.
17 დეკემბერი
***
…მდგომარეობა უცვლელია. დენიკინი ჯარით არც ახლოვდება, არც მიდის. კრებები გაუთავებელია. ამ დღეებში მობილიზაცია მოხდებაო. ოჰ! როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად. როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა. რათ ვუნდივართ ჩვენ სხვებს… დაგვანებონ თავი…
…აბა, რას ვერჩით დენიკინს, რა უნდა ჩვენგან? არა. ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება.
***
1919 წ. …მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა…
გუშინ, არ ვიცი, რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის 1 საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის, მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი…
30 ივლისი …საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.
შენი მარო...