დღეს გრანდიოზული ქორწილით, ორიგინალური ხელისმოწერით თუ ხელის თხოვნით, ძნელად გააკვირვებ ვინმეს. მაგრამ ქორწინებიდან 10 წლის თავზე, უკვე შვილების მონაწილეობით ხელახლა დაქორწინება და სიყვარულისა და ერთგულების ფიცის კიდევ ერთხელ დადება, მართლაც ემოციურია. სწორედ ამ ემოციური წარმოდგენის მთავარ გმირებზე გიამბობთ, რომელთა ქორწილის ვიდეოსა და ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
ანანო თავხელიძე, "წისქვილი ჯგუფის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, და მისი მეუღლე დავით გელოვანი - კოკა-კოლას ბრენდ მენეჯერი, 10 წლის წინ დაქორწინდნენ და ახლა, სულ სხვა განცდებითა და გამოცდილებით, კვლავ იქორწინეს.
ანანო თავხელიძე:
- 10 წელი გავიდა, რაც ვიქორწინეთ. ძალიან პატარები ვიყავით, გამოუცდელები, მაგრამ შევძელით, რომ ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა არ შეგვეწყვიტა. არ ვგეგმავდით წელს რამე განსაკუთრებულის გაკეთებას, მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც ჩვენს მეგობრებთან ერთად ვისხედით და უამრავი მოგონება და კარგი ისტორია გაგვახსენდა, მივხვდით, რომ რეალურად ასეთი პატარა ამბებისგან შედგება ცხოვრება, რომელსაც მერე სულ ვიხსენებთ დადებითად. ჰოდა, გადავწყვიტეთ, 10 წლის, 20 წლის, 30 წლის და 40 წლის მერე გასახსენებელი დღე შეგვექმნა.
ვერაფერს ვიზამდით, რომ არა ჩვენი საოცარი მეგობრები, ჩემი და დავითის თანამშრომლები და ოჯახის წევრები. აბსოლუტურად ყველა ჩაერთო, ვისაც რისი დაორგანიზება შეეძლო, ყველაფერში დაგვეხმარნენ. 200-სტუმრიანი წვეულება, 10 დღეში დავგეგმეთ. წარმოუდგენელი მეგონა, ძალიან ვნერვიულობდით, უკვე სტანდარტული ქორწილის მზადებას დაემსგავსა... მინდა აღვნიშნო დავითის ჩართულობა, რადგან 10 წლის წინ, როდესაც დავქორწინდით, ეს რიტუალები დიდად არ აინტერესებდა, არაფრის მენეჯმენტში მაშინ არ მიუღია მონაწილეობა, რასაც ვერ ვიტყვით 10 წლის იუბილეზე. ამჯერად მთავარი ორგანიზატორი ის იყო. რაც მთავარია, ბავშვების მოგონებებს ერთი უმაგრესი დღე შეემატა, რასაც ალბათ სულ გაიხსენებენ. ისედაც გული წყდებოდათ, რომ ჩვენს ქორწილში არ იყვნენ და ეს ოცნებაც აუხდათ.
ცერემონიაც გავაკეთეთ მათი ჩართულობით, ჩემმა რძალმა და მეგობარმა ნინიმ კი თავის თავზე სიტყვის მომზადება აიღო. ის ჩვენ შეხვედრის წამიდან გვიცნობს და იცის ყველა დეტალი, ამიტომ არ გასჭირვებია, ზუსტად ის “ჰაილაითები” გაეხსენებინა, რაც ჩვენს ურთიერთობას კარგად გააცნობდა იქ დამსწრე სტუმრებს, რომლებიც ცხოვრების სხვა ეტაპზე შემოგვიერთნენ და არ იცოდნენ.
შემიძლია ეს სიტყვაც გაგიზიაროთ: "იმ წყვილზე უნდა მოგიყვეთ, რომლის თანაცხოვრებაზე მოსაყოლი მართლაც ბევრია. რომ შევაჯამოთ ბოლო 10 წელიწადში, საერთო ჯამში გამოიცვალეს 8 სახლი, გააჩინეს და გაზარდეს ყველაზე საოცარი “ნოელი”, გადალახეს ყველა ყოფითი, არაყოფითი, ცხოვრებისეული, ცოლქმრული პრობლემა, რაც ამ 10 წელიწადში იყო შესაძლებელი და შარშან საბოლოოდ გადავიდნენ თავიანთ საკუთარ, საოცნებო სახლში. ააშენეს ოჯახის დიდი საოცნებო კედლები, რომელსაც დღეს უკვე თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი პატარა კენჭები, როგორიც ყოველდღიური ყოფითი პრობლემებია - ვერაფერს უზამს.
10 წლის წინ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თბილისში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა (იმის შემდეგ თბილისში ასეთი თოვლი აღარც მოსულა). საინტერესო ფაქტია ისიც, რომ როცა დათუჩამ და ანანომ ერთმანეთი გაიცნეს, დავითს ცალი თვალი სულ წითელი ჰქონდა, მაგრამ ანანოს თვალში ის მაინც ყველაზე სიმპათიური იყო და სწორედ ასეთი მოეწონა. მოეწონა იმდენად, რომ მთელი ღამეები თოვლში მასთან ერთად სეირნობდა. სიცივით არც ერთს სციოდა. ასე გამოიარეს ყველაზე მაგარი, თავგადასავლებით სავსე შეყვარებულობა. იყვნენ ყველაზე განსხვავებულები: ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, აკადემიური გოგო და ჰიპი ბიჭი... სხვათა შორის ანანოს დედა, ქალბატონი ნატო თურმე იმასაც კითხულობდა, ეს ბიჭი საერთოდ ქართველი არისო?
ქორწინებაც ასეთივე გიჟური იყო. ქუთაისში ანანოს მშობლებთან ავტოსტოპით ჩავიდნენ შუაღამეს. ქუთაისელი ტრადიციული ოჯახი ცოტა სახეზე ღიმილშემშრალი იყო, ვერ გაიგეს, რა მოხდა, მაგრამ ანანოს წინ ვინ და რა გადაუდგებოდა?! ჰოდა, ასე! გადაწყდა ცოლ-ქმრობა.
იყო დიდი ტრადიციული ქორწილი ქუთაისში, თბილისში. იყო ჯვრისწერა, ხელისმოწერა, ნიშნობა…
მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს წყვილი ქორწილის დეფიციტს ნამდვილად არ განიცდიდა და თუ ვინმეს დღეს აქ შეკრების მიზეზი რაიმე მსგავსი გეგონათ - გეტყვით, რომ არა. აქ შეკრების მიზეზი არის 10-წლიანი თანაცხოვრების, ბევრი ლხინის, ერთმანეთის ნერვების მოშლის, კამათის, შერიგებების, ერთად გამოვლილი დარდების და სიხარულების შემდეგ, ცხოვრებისეულად თუ პროფესიულად შემდგარი ორი ზრდასრული ადამიანის გააზრებული დასტური აწ უკვე შეფიცულ სიყვარულზე..."
ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ბედნიერებას ვუსურვებთ ამ წყვილს და კიდევ ათი წლის შემდეგ, 20-წლიან იუბილეზე ჩატარებულ საქორწინო ცერემონიალსაც არ გამოვაკლდებით...