იეტის, იგივე თოვლის კაცის შესახებ, სხვადასხვა ეთნოსსა და კულტურაში არაერთი ლეგენდა არსებობს. მედიაში პერიოდულად დღესაც ჩნდება ინფორმაცია, რომ ვიღაცამ სადღაც დაინახა ეს უცნაური არსება, თუმცა, მისი არსებობის შესახებ დღემდე არანაირი დასაბუთებული მტკიცებულება არ გვაქვს.
ყველაზე ცნობილი და რეალური "იეტი", უფრო სწორედ "თოვლის ქალი", როგორც ირკვევა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთში ბინადრობდა, სტატიაში მოგიყვებით გასაოცარ ამბავს თოვლის ქალის ზანას შესახებ, რომელიც მე-19 საუკუნეში სოფელ თხინაში ადგილობრივ მემამულესთან ერთად ცხოვრობდა.
ეს უცნაური ამბავი დაახლოებით XIX საუკუნის 60-იან წლებში აფხაზეთის მთებში დაიწყო, როდესაც მდიდარი თავადი ერთ დღეს სანადიროდ წავიდა. სოფელში დაბრუნებული ამტკიცებდა, რომ ტყეში შეხვდა უცნაურ არსებას, რომელიც უზარმაზარ მაიმუნს ჰგავდა. იმ დღეებში აფხაზეთში სჯეროდათ, რომ მთის გამოქვაბულებში საშინელი მონსტრი იმალებოდა, რომელსაც აბნაუაიუ ერქვა. მონადირე დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ის ნახა და ბრძანება გასცა, სასწრაფოდ დაეჭირათ ურჩხული.
მსახურებმა არ იცოდნენ, როგორ დაეჭირათ მონსტრი და გადაწყვიტეს, სატყუარასთვის შარვალი ჩაეცვათ, რომელსაც ადამიანის ოფლის სუნი ასდიოდა. უცნობი არსება მალე თავშესაფრიდან გამოვიდა. ჩასაფრებულებმა "მონსტრი“ შეიპყრეს და თავადს გადასცეს. როდესაც თავადი მიხვდა, რომ "მონსტრი“ რეალურად დიდი ტანის და თმით დაფარული ქალი იყო, გადაწყვიტა მეგობრისთვის ეჩუქებინა. ასე აღმოჩნდა ის სოფელ თხინაში. ერთი ვერსიით, მისი მეპატრონე მემამულე, გვარად გენაბა იყო. მან უცნაურ ქალს სახელად ზანა დაარქვა.
ზანას შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა. იყო ძალიან მაღალი, ძალიერი და სქელი თმა მთელ სხეულს უფარავდა. ქალის კანი კუპრივით შავი იყო. ქვედა ყბა ძლიერად ჰქონდა წინ წამოწეული, ასევე დიდი კბილები და ტუჩები ჰქონდა. "თოვლის ქალის" ფეხის ზომა კი წარმოუდგენლად დიდი გახლდათ.
ზანამ ტყვეობა გააპროტესტა, რადგან თავიდან გალიაში მოათავსეს. თანდათან ის მორჩილი გახდა და მეპატრონემ წნელისგან დაწნულ სახლში გადაიყვანა. ზანა საწოლად ორმოს იყენებდა, რომელიც თავად ამოთხარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მემამულემ სოფელში გასეირნების და მდინარეში ბანაობის უფლება მისცა. ზანამ ლაპარაკი ვერ ისწავლა, მაგრამ მას იყენებდნენ როგორც მძიმე ტვირთის გადასაზიდად, ასევე სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად.
სოფლის მცხოვრებლებს მისი ეშინოდათ. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც მასთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება სურდა. ამბობენ, რომ ზანას უამრავი საყვარელი ჰყავდა. ლეგენდის თანახმად, გენაბა და მისი მეგობრები ქალს სექსუალური კავშირის დამყარებამდე ღვინოს ასმევდნენ.
ზანას შვილებიც ჰყავდა - გადმოცემის თანახმად, სულ 6, რომელთაგანაც 2 გაჩენიდან მალევე დაეღუპა. თურმე ზანამ მშობიარობიდან მალევე პირველი 2 ჩვილი მდინარეში, ცივი წყლით დაბანა, რის შემდეგაც ბავშვები დაიღუპნენ. როდესაც სოფელში მომხდარის შესახებ გაირკვა, ყველა მომდევნო შვილს ქალს ართმევდნენ და სოფელი ზრდიდა. ისინი ნორმალურად განვითარდნენ, ჩვეულებრივ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და გარდა დიდი ტანისა და ფიზიკური ძალისა, დიდად არ განსხვავდებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან.
ამბობენ, რომ თოვლის ქალს ოთხი შვილი გადარჩა. განაგრძეთ კითხვა