ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ თუ ხმას არ აუწევს, ბავშვს ვერაფერს გააგებინებს და გააკეთებინებს - „ხმადაბლა ნათქვამი არ ესმითო“ - ასე ამართლებენ ამ მიდგომას. შედეგად, ნებისმიერ არასასურველ სიტუაციაში - მაგალითად, როდესაც ბავშვი არა და არ იწყებს საშინაო დავალების შესრულებას ან ოთახის დალაგებას - იწყება ყვირილი და ჩხუბი.
საოჯახო თერაპევტი ჯეფრი ბერნშტეინი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტს უყვირით შვილს, მით ნაკლებად უწევს ის ანგარიშს თქვენს მოთხოვნებს და პატივსაც ნაკლებად გცემთ. საბოლოოდ, რაც მეტს ყვირით, ნაკლებას გიჯერებთ ბავშვი.
ეს 4 ხერხი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ყვირილი:
„არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილი მოკავშირეები ხართ და არა მოწინააღმდეგეები. რაც უფრო მეტად გააცნობიერებენ მშობლები, რომ შვილების გუნდში „თამაშობენ“ და არა მათ წინააღმდეგ, მით უფრო ეფექტური იქნება ცვლილებები“, - გვირჩევს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა თქვენი ავტორიტეტის გაძლიერებასა და კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
„მწვრთნელის რეჟიმი“ დაგეხმარებათ რთულ სიტუაციაშიც კი სიმშვიდის შენარჩუნებაში - გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი მიმართულებით წარმართვა და არა მასზე გამარჯვების მოპოვება. ასევე არ დაგავიწყდეთ წახალისება, თუ ის რაიმეს გაუმკლავდება.
ზოგადად, არ არის საჭირო ბავშვთან ძალაუფლებისთვის ბრძოლა.
ბავშვმა რომ პატივი გცეთ და მოისმინოს, რას ეუბნებით, უნდა დაინახოს, რომ ურთულესი სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას ყვირილის, ცრემლების და ისტერიკის გარეშე ახერხებთ.
ამ გზით თქვენ აჩვენებთ მას, რომ საკუთარი თავის მართვა შეგიძლიათ და, სხვათა შორის, ის ეცდება ქცევის ამ მოდელის გამეორებას.
"ადამიანები ერთ ღამეში არ იცვლებიან, მაგრამ რაც უფრო ნაკლებს იყვირით, მით უკეთესად მოიქცევა ბავშვი", - გვპირდება ფსიქოთერაპევტი.
შეეცადეთ უფრო ხშირად წარმოიდგინოთ თავი ბავშვის ადგილზე: გაიხსენეთ, როგორი იყო თქვენთვის სკოლაში სწავლა, ცუდი შეფასებების მიღება, მეგობრებთან ჩხუბი. მეტი გულით ესაუბრეთ შვილებს, მოუსმინეთ რას გიზიარებთ - ეს თქვენს შორის ურთიერთგაგების ატმოსფეროს დაამყარებს და ჩხუბის მიზეზი ნაკლები იქნება.
განავითარეთ ემოციური ინტელექტი - იყავით თანამგრძნობი შვილის მიმართ. ნუ გააუფასურებთ მათ პრობლემებს. შეეცადეთ, მხარი დაუჭიროთ და ყველაფერში დაეხმაროთ. როდესაც ბავშვი იგრძნობს, რომ რთულ სიტუაციაში სანდო უფროსზე დაყრდნობა შეუძლია, რომ ის არის მეგობარი და არა მტერი, თავადაც უფრო ლოიალური და მომთმენი ხდება, უფრო ადვილია მასთან მოლაპარაკება და საერთო ენის გამონახვა.