"მხიარული რომანის" და "მოიტაცეს თამარ ქალის" ვარსკვლავი, მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე წერს: "ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა".
ხათუნა კოტრიკაძე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ალიოშა კოტრიკაძის ქალიშვილი გახლდათ. 15 წლის იყო, როცა პირველი როლი შეასრულა, სოსო ჩხაიძის ფილმში "მეთხუთმეტე გაზაფხული". მერე კი იყო ზემოხსენებული კომედიური ფილმები, რომლებიც ხალხში მალევე გახდა პოპულარული და ხათუნაც იმდროინდელი ვარსკვლავი გახლდათ. თუმცა რამდენიმე ფილმის შემდეგ მან აღარ გააგრძელა სამსახიობო კარიერა და ყველა შეთავაზებაზე უარს ამბობდა. ადრეულ ასაკში გათხოვდა - 17 წლის იყო, რომ ფეხბურთელ დავით გოგიას გაჰყვა ცოლად. მალევე ქმართან ერთად სოფელ დიღომში გადასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.