ზოგიერთი ადამიანი გამუდმებით ესინჯება ექიმს და სურს, ყველაფერი გააკონტროლოს. ზოგს კი, კანცეროფობია აქვს და იმის შიშით, რომ რაიმე სერიოზული არ აღმოაჩნდეს, ექიმთან მისვლისაგან თავს იკავებს. სად არის ოქროს შუალედი და რა პერიოდულობით უნდა მიმართონ პაციენტებმა სპეციალისტს, რომ ონკოლოგიური დაავადებები არ გამორჩეთ - თემაზე ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი, აკადემიკოსი, "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილია გოცაძე გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს:
- ყველამ ვიცით, რომ მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი რისკ-ფაქტორია. ყველაზე ხშირი სიმსივნე ფილტვის კიბოა. ვინც 10 წელზე მეტია, ეწევა, პოტენციურად ონკოლოგიური პაციენტია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად დაემართება სიმსივნე. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ სასურველია, მწეველმა წელიწადში 2-ჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია, დაბალი დოზირების რადიოლოგიური კვლევა ჩაიტაროს. თუ პატარა კერა მაინც აღმოჩნდა, შეიძლება ანთებითი იყოს და არ იყოს სიმსივნე, პაციენტს ეცოდინება, რომ ამ კერას ყურადღება სჭირდება.
შემდეგი, ძალიან ხშირი პრობლემა, ღვიძლის პირველადი სიმსივნეა. სამწუხაროდ, ჩვენთვის ეს აქტუალურია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს, ვისაც B და C ჰეპატიტი აქვს. ნამკურნალევი პაციენტი მაინც რისკ ჯგუფშია. შესაბამისად, ყველა პაციენტი, ვისაც ქრონიკული, ან კიდევ ნამკურნალევი აქვს, ჯობს წელიწადში რამდენჯერმე ღვიძლის ექოსკოპია გაიკეთოს.
რაც შეეხება ქალბატონებს, ნომერ პირველი ძუძუს კიბოა. 45 წლის მერე წელიწადში 2-ჯერ მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. საქართველოში სკრინინგ პროგრამაც არსებობს. სიმსივნეს ახასიათებს ის, რომ მისი აგრესიული თვისებები დროთა განმავლობაში იზრდება. ამიტომ, თუ ნაადრევ სტადიაზე ამოიკვეთა, დიდი შანსია, რომ პაციენტმა ეს დაავადება დაამარცხოს. რაც უფრო დიდხანს არსებობს ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი ლოკაციის სიმსივნე, მით უფრო საშიშია. მით უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ მისი მიკრომეტასტაზები და მათი კონცენტრაცია გაიზარდოს და მთელ ორგანიზმში გავრცელდეს.
კოლორექტული კიბო, ანუ ნაწლავის სიმსივნე - 95% შემთხვევაში ეს სიმსივნე კეთილთვისებიანი პოლიპიდან გადაიზრდება. შესაბამისად, კოლონოსკოპია 40-45 წლის მერე მნიშვნელოვანია. თუ ოჯახში არის ვინმე ამ დაავადებით დაავადებული, კოლონოსკოპიის გაკეთება აუცილებელია. ამ პოლიპების ამოჭრა, 95%-ით სიმსივნის პრევენციაა.
რაც შეეხება კუჭის კიბოს - თუ პაციენტს აქვს ქრონიკული წყლული, გასტრიტი, ან დიდი ხნის განმავლობაში აქვს ქრონიკული გასტრიტის სხვადასხვა გამოვლინება, მაგალითად, გულძმარვა, ტკივილები, აქვს რეაგირება, მაგალითად, ჩვენს კლასიკურ ქართულ სამზარეულოზე, გასტროსკოპია, კონტროლი და მკურნალობა აუცილებელია.
ძალიან ბევრი გინეკოლოგიური დაავადების პრევენცია შეიძლება, განხორციელდეს, თუ ქალბატონები 45 წლის შემდეგ გინეკოლოგებს მიმართავენ. კონტროლი საჭიროა.
ნომერ პირველი მოწოდება, ქრონიკული დაავადებების მიხედვა და მკურნალობაა - სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ქრონიკული დაავადება შესაძლოა, სიმსივნედ გაიზარდოს. თუ პაციენტს ქრონიკული გასტრიტი, ან ქრონიკული კოლიტი აქვს, ან პაციენტი ეწევა და აქვს ქრონიკული ფილტვის ანთება, ან ბრონქიტი, ეს ყველაფერი რისკ-ფაქტორებია. ამიტომ, პაციენტის განათლებაზე, მის მზაობასა და რეალურ აღქმაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.
საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანმა საკუთარი თავი თავად უნდა გადაარჩინოს. უნდა იცოდეს, რომ თუ დაავადება ადრეულ ეტაპზე აღმოჩნდა, მას რეალური შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს.