ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ბათუმის სამედიცინო ცენტრის ექიმებს ადანაშაულებენ.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა ექიმების მიერ არასწორი პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ოჯახის თქმით, ახალშობილი დაბადებიდან მეორე დღეს დაიღუპა.
ისინი შესაბამის უწყებებს მიმართავენ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და ექიმების დასჯას მოითხოვენ.
ოჯახის ინფორმაციით, ქალმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში 3 თებერვალს იმშობიარა, ახალშობილი კი დაბადებისთანავე კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.კლინიკის ადმინისტრაცია ბრალდებას უკვე გამოეხმაურა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ახალშობილი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, თუმცა ბათუმის სამედიცინო ცენტრი საქმის შესწავლის პროცესში კომისიასთან ითანამშრომლებს.