ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვს შენიშვნა სწორად მივცეთ და გავაკრიტიკოთ მისი ქცევა და არა პიროვნება:
- განა ვინმე ამბობს იმას, რომ ბავშვს შენიშვნა არ მივცეთ. შენიშვნა რომ არ მივცეთ, შეიძლება, საბოლოო ჯამში, ცხოველი მივიღოთ. სიმკაცრესა და შენიშვნას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ფოკუსი ქცევაზე უნდა იყოს და არ პიროვნებაზე. "მატყუარა ხარ" და "ტყუილს ამბობ" სხვადასხვა რამეა. "მატყუარა" განაჩენს ნიშნავს, უკვე დიაგნოზი დაგისვი და ამიერიდან რაც არ უნდა თქვა, მატყუარა ხარ. ბავშვიც ფიქრობს, რაღატომ თქვას სიმართლე... რატომ ვიტყუებით ადამიანები? იმიტომ, რომ უფრო კარგად გამოვჩნდეთ, იმიტომ, რომ თავი დავიცვათ, რომ დაგვაგვიანდა, რაღაც ვთქვათ, მაგალითად, საცობში ვიყავით. ათას რამეს იგონებს ადამიანი იმისათვის, რომ უკეთესი გამოჩნდეს... ისე ვთხოვთ ბავშვს, თითქოს, ჩვენ არ ვაშავებთ. როგორც გვინდა, რომ მოგვექცნენ, შვილს ისე უნდა მოვექცეთ. როგორც ძალიან საპატივსაცემო ადამიანს მოვექცეოდით, ისე მოვექცეთ ჩვენს შვილებს. რთული არ არის... ცემასთან ერთად, წყევლა-კრულვა, იარლიყები, "შენგან არაფერი გამოვა", "სუფთა მამაშენი ხარ" - მსგავსი ფრაზები შეურაცხყოფაა. ადამიანის შეურაცხყოფა, მუცლადყოფნიდან დაწყებული, არასდროს შეიძლება, დამნაშავეც რომ იყოს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამას ვამბობ, არის პიროვნება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და არის ქცევა მისაღები, ან მიუღებელი. ყველა ქცევას ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ღირებულებათა სისტემა გვაქვს.