ყველა მეზობელმა იცოდა, რომ ჩელიაბინსკის ქალაქ უსტ-კატავაში, ერთი მკერავის სახლში სამი ბავშვი ცხოვრობდა, მაგრამ ისინი არავის უნახავს... მოზარდები სკოლაში არ დადიოდნენ, არც თანატოლებთან ურთიერთობდნენ და არც ქუჩაში გადიოდნენ. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ფაქტით არავინ დაინტერესებულა, სანამ ბავშვებმა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი დედისაგან თავის დაღწევა თავად არ მოახერხეს:
ერთი მკერავი ქალის, დინა აზიზოვას ფსიქიკურად განადგურება მის ცხოვრებაში მომხდარმა დიდმა ტკივილმა გამოიწვია. რის შემდეგაც, ქალი საკუთარი შვილებისთვის ნამდვილ კოშმარად გადაიქცა.
დინა მუსლიმურ ოჯახში დაიბადა. ის საკმაოდ მკაცრ პირობებში იზრდებოდა. არსებობდა მთელი რიგი წესები, რომლებიც უნდა შეესრულებინა, მამის სიტყვა კანონი იყო, სულ სიდუხჭირეში ცხოვრობდა და არავინ ანებივრებდა. გოგონა ბავშვობაში თოჯინებზე ოცნებობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, თოჯინა და სხვა სათამაშოები მისთვის არავის უყიდია. ამიტომა, როდესაც 13 წლის ასაკში ტექსტილის ფაბრიკაში მუშაობა დაიწყო, პირველი ხელფასით სწორედ თოჯინა იყიდა. მამას არ სურდა, რომ დინას თოჯინებით ეთამაშა, ამიტომაც მისი საყვარელი თოჯინა ცეცხლში ჩააგდო და დაწვა... სკოლაშიც ხშირად დასცინოდნენ და თავს გარიყულად გრძნობდა.
ამიტომაც, ბავშვი ადრეული ასაკიდანვე მიხვდა, რომ სკოლას მისთვის ბედნიერება არ მოჰქონდა და მისთვის ძვირფასი ნივთები უნდა დაემალა, თუ არ სურდა, რომ ვინმეს დაეწვა, ან გაენადგურებინა. სწორედ ბავშვობის ტრავმები და აღზრდის ეს მეთოდი გახდა მიზეზი, რომ დინამ საკუთარ შვილებსაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.
გოგონა 17 წლის ასაკში დაქორწინდა. თუმცა, ქმარი მოძალადე და ალკოჰოლიკი აღმოჩნდა და მას ხშირად სცემდა. მასთან 1 შვილი შეეძინა, თუმცა ახალშობილ გოგონასთან, დილარასთან ერთად ის უზბეკეთში გაიქცა და თავის გადარჩენა სცადა. იქ მან რუსლანი გაიცნო. მაღალ, სიმპათიურ მამაკაცს ახალგაზრდა გოგონა არ აინტერესებდა. დინამ ყველაფერი გააკეთა, რომ მასზე დაქორწინებული, თუმცა რუსლანი ქორწინებაშიც კი მის მიმართ გულგრილობას იჩენდა. ამიტომაც, ქალმა გადაწყვიტა, მასზე შური ეძიებინა და მათთან სახლში ტელევიზორის შემკეთებელთან უღალატა. მამაკაცისაგან, სახელად სუიუნი მას 3 შვილი შეეძინა.
დინა დარწმუნებული იყო, რომ რუსლანი ამ გზით იეჭვიანებდა და მის დაბრუნებას შეეცდებოდა, თუმცა საპირისპირო ეფექტი მიიღო. მამაკაცმა ცოლის მიმართ ინტერესი საერთოდ დაკარგა.
დინა უპასუხო სიყვარულის გამო მთელი ცხოვრება იტანჯებოდა. რუსლანს ლექსებს უწერდა, საჩუქრებს უმზადებდა, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ ჰქონია. სწორედ ამიტომ ქალი ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე აღმოჩნდა.
ის სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა. სუიუნთან ერთად ჩელებიანსკის ოლქში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ნელ-ნელა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და ნელ-ნელა სუიუნი მტრად აღიქვა. ამიტომაც გადაწყვიტა, მისგან თავი დაეცვა, სახლიდან გააგდო და ბავშვებთან ერთად მარტო ცხოვრობდა. ქალმა სახლის საყიდლად სესხიც აიღო.
ბავშვები იზრდებოდნენ, მარტო მათი რჩენა ძალიან უჭირდა, ამავდროულად, სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებდა და თაღლითობასაც მიმართა. გოგონას კერვის ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა, ამიტომაც ქალაქ უსტ-კატავაში ის ცნობილი მკერავი გახდა. პარალელურად, ქალი აცხადებდა, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ხალხს დახმარებისათვის ფულს ართმევდა. ამავდროულად, შვილები სახლში გამოკეტა. არ აძლევდა სკოლაში სიარულის უფლებას, რადგანაც ფიქრობდა, რომ ეს ადგილი მათთვის საშიში იყო. არც ქუჩაში უშვებდა. მეზობლებმა იცოდნენ, რომ ბავშვები იმ სახლში ცხოვრობდნენ, თუმცა გარეთ ისინი არავის უნახავს. ამავდროულად, დინა საკუთარ 3 შვილს თმას ქერად უღებავდა, მაკიაჟს უკეთებდა, სპეციალურ ტანსაცმელს უკერავდა, რომ ისინი თოჯინებს მაქსიმალურად დამსგავსებოდნენ... მეტიც, პარიკებიც შეიძინა, რომ სახლში მათი სახით ბარბის თოჯინის ზუსტი ასლები ჰყოლოდა... უფროსი გოგონა, რომელიც პირველი ქორწინებიდან შეეძინა, მათთან აღარ ცხოვრობდა.
"6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად სცადა, რომ ჩემთვის თმა შეეღება. მაშინ სოფელში ვცხოვრობდით და იქ ადამიანები შენიშვნას აძლევდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ბავშვისთვის თმა არ შეეღება. დიანამ თმა 6 წლის ასაკში შეიღება. დედა ვიდეოებს გვიღებდა და სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა." - გაიხსენა ქალის ერთ-ერთმა გოგონან, დინარამ.
ამავდროულად, ბავშვების რეალური ცხოვრება ზღაპრისაგან შორს იყო. მათ მაცივრიდან საკვების დამოუკიდებლად გამოღება, გარეთ გასვლა, ტელევიზორის ჩართვა ან მობილური ტელეფონის აღება ეკრძალებოდათ. წლების განმავლობაში ბავშვების რაციონი კარტოფილის, მაკარონის, პურისა და ჩაისგან შედგებოდა. ხორცს თვეში ერთხელ ჭამდნენ. ბავშვებს ხშირად სცემდა, ნებისმიერი რამის გამო შეიძლებოდა, რომ გაბრაზებულიყო. ბოლოს ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ შვილებს დანითაც ემურებოდა. მიზეზი კი ისევ რუსლანი იყო...
როგორც ამბობენ, რუსლანს ყოფილი ცოლი საერთოდ აღარ ახსოვდა. მაგრამ, მოულოდნელად კაცს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ქალს თავად შეეხმიანა. დინაც საყვარელი მამაკაცის ყურადღებით გახარებული იყო და მზად იყო, მას ყველანაირად დახმარებოდა. მასთან გაემგზავრა კიდეც, თუმცა ქალაქში კიდევ უფრო დეპრესიულ მდგომარეობაში დაბრუნდა. სახლი ნამდვილ საწყობად აქცია. მთელ ფულს, რასაც ტანსაცმლის კერვისაგან იღებდა, თოჯინებს ყიდულობდა. აზიზოვების სახლში ბარბის ასზე მეტი ეგზემპლარი იყო. ამავდროულად, დაჟინებით ცდილობდა, რომ შვილებიც თოჯინებად ექცია. ქალი იმ ზომამდე მივიდა, რომ ბავშვები სახლიდან რომ არ გაქცეულიყვნენ, ღობეზე სათვალთვალო კამერები დააყენა.
"მახსოვს, ბოლოს სასტიკად მცემა. მანქანის ზეთი გადამასხა და კართან დამტოვა. სახლში შესვლის უფლებას არ მაძლევდა. დილამდე გარეთ ვიყავი. ზეთი შემაშრა, სუნიც მაწუხებდა და მხოლოდ საღამოს მომცა უფლება, რომ დამებანა." - იხსენებს დინარა, რომელიც სუიუნთან ურთიერთობისას პირველი შვილი იყო. ამ გოგონამ სახლიდან გაქცევა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც დედა დანით მუქარაზე გადავიდა და მიხვდა, რომ ის სრულიად არაადეკვატური იყო. თუმცა, იქამდე გოგონა თავს მაქსიმალურად იკავებდა იმიტომ, რომ ეშინოდა, დედას მისი და-ძმისთვის ზიანი არ მიეყენებინა. ერთ დღესაც დედის ტელეფონი აიღო და კონტაქტებიდან დარეკვა სცადა, რომ ვინმეს ეშველა. თუმცა, ბევრმა ადამიანმა თავი შეიკავა და თქვა, რომ ეს მათი საქმე არ იყო.
ბოლოს, ერთმა ნაცნობმა გადაწყვიტა, რომ ბავშვს დახმარებოდა. სახლიდან გაიყვანა, დინარა პოლიციის განყოფილებაში მივიდა და დედის მიმართ საჩივარი დაწერა. აღწერა, როგორ პირობებში უწევდათ მას და მის და-ძმებს ცხოვრება და თქვა ისიც, რომ სახლში აღარ დაბრუნდებოდა.
ბავშვები სახლიდან წაიყვანეს, ხოლო, როდესაც დინამ გაიგო, რომ შვილებმა უღალატეს და მას სასჯელი ელოდა, სახლს ცეცხლი წაუკიდა და თავის თოჯინებთან ერთად დაიწვა.
ტრაგედია 2019 წელს მოხდა. ამის შემდეგ დინარა დაქორწინდა და პირველ შვილს ელოდება. საკუთარ და-ძმაზეც ზრუნავს, თუმცა სამსახურის შოვნა ძალიან უჭირს, რადგანაც გოგონას სკოლაში არ უვლია. აღსანიშნავია, რომ საქმეზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ, მათ შორის, არც სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში უმოქმედოდ იყვნენ.