რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვისთვის აკრძალვების დაწესებისას და როგორ ვუთხრათ "არა" ისე, რომ უარს შედეგიც ჰქონდეს და ბავშვის ფსიქიკაც "გადარჩეს" - მშობლები

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვისთვის აკრძალვების დაწესებისას და როგორ ვუთხრათ "არა" ისე, რომ უარს შედეგიც ჰქონდეს და ბავშვის ფსიქიკაც "გადარჩეს"

2024-02-22 14:15:54+04:00

ბავშვისთვის „არას“ თქმა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზოგიერთ მშობელს სწორი სიტყვების პოვნა უჭირს, რათა არ დათრგუნოს და შეურაცხყოს შვილი. სხვებს უჭირთ, როცა "არას" პასუხად ბავშვისგან ტირილსა და პროტესტს ისმენენ. მოკლედ, "არას" თქმა არც მშობლისთვისაა ადვილი, რადგან დანაშაულის გრძნობა, ბრაზი, უმწეობის და წარუმატებლობის განცდა ერთდროულად უტევს. მიუხედავად ამისა, ბავშვისთვის აკრძალვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგები გვასწავლიან, როგორ გამოვიყენოთ ისინი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ.

რატომ არის საჭირო აკრძალვები?

ბავშვისთვის ადვილი არ არის შეზღუდვებთან შეგუება. მას ასევე უჭირს ემოციების კონტროლი. მაგრამ ცხოვრებაში ბევრჯერ მოუწევს ისეთ სიტუაციებში მოხვედრა, სადაც ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ტავად სურს. ნებისმიერი ბავშვისთვის უკეთესი იქნება, თუ ამ გამოცდილებას უახლოეს გარემოცვაში შეიძენს და თავის ემოციებში გარკვევას თანაგრძნობის, მხარდაჭერის და დახმარების ფონზე შეძლებს.

ასე რომ, თამამად უთხარით თქვენს შვილს „არა“. გახსოვდეთ: აკრძალვები მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მშობლის "არა" ხელს უწყობს საზღვრების დადგენას, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ფსიქიკის ნორმალური განვითარებისთვის. ის მოქმედებს როგორც საყრდენი, როგორც კედელი, რომელიც ბავშვებს უსაფრთხოების განცდას ანიჭებს. საზღვრების გარეშე ბავშვს შფოთვა იპყრობს. რა თქმა უნდა, პატარამ შეიძლება უარყოფითი რეაქცია გამოხატოს აკრძალვების დაწესებაზე. ასე ამოწმებს თქვენს საზღვრებს და ცდილობს მათ შერყევას. თუმცა, თუ მშვიდად, თანმიმდევრულად განაგრძობთ და მეუღლესთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედებთ, ბავშვი ახალ წესებს მიიღებს.

ვინ არის პასუხისმგებელი?

ოჯახში ჯანსაღი იერარქია ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ასე ხდება, როდესაც მშობელი შვილთან მიმართებაში დომინანტურ პოზიციას იკავებს, ანუ ის ძლიერი, მშვიდი და თავდაჯერებული ზრდასრულია, რომელიც თავის ემოციებს აკონტროლებს და პატარას ეხმარება, თავადაც გაუმკლავდეს გრძნობებს. ამ გზით ბავშვებს მზრუნველობის, სიყვარულის, მიმღებლობის და, რაც მთავარია, უსაფრთხოების განცდა უჩნდებათ, რაც მათ შფოთვასთან გამკლავებაში ეხმარება. თუ იერარქია ირღვევა, ბავშვი ამ ყველაფრის გარეშე რჩება.

თუ მშობელს ეშინია პასუხისმგებლობის აღების, ის შვილთან ურთიერთობს „მეგობრის“ პოზიციიდან. მაშინ მას უფრო უჭირს უარის თქმა და აკრძალვა. თუ ზრდასრული ბავშვურ პოზიციას იკავებს, ის რეალურად ელის, რომ ბავშვი თავად გაუწევს ანგარიშს უფროსის სურვილს. ასეთი დედები და მამები ხშირად ამბობენ: „ცოდოა დედა, იმდენი საქმე აქვს და აი, შენი ტირილით აწუხებ!“. ”მამა ძალიან დაიღალა სამსახურში, ცოდოა და არ გააბრაზო“.

ზოგიერთი მშობელი კი მოძალადის პოზიციიდან მოქმედებს.

ბავშვისთვის ძალადობრივი აკრძალვა თავდასხმად და აგრესიის გამოვლინებად განიხილება. გარდა ამისა, უმყარდება აზრი, რომ ის ცუდია. საპასუხოდ, მას სხვა გზა არ აქვს, გარდა პროტესტისა, ტირილისა. ამავდროულად, შეიძლება იგრძნოს წყენა, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა, უმწეობა ან გაბრაზება. ზედმეტია იმის თქმა, რომ ბავშვისა და მშობლების ურთიერთობა ყველა ამ სცენარში უარესდება.

ზოგჯერ უფროსები ბავშვისგან მორჩილებას ითხოვენ იმ იმედით, რომ ბავშვს ესმის სიტყვა „არა“, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის - ჯერ ბავშვს კარგად უნდა აუხსნათ, რას ითხოვთ მისგან. შესაბამისად, აკრძალვები სასურველია, დასაბუთებული იყოს.

როგორ დავუწესოთ აკრძალვები ბავშვს - ზოგადი წესები:

  • ნუ გადახვალთ უკიდურესობებში და მთელ ცხოვრებას აკრძალვებად ნუ უქცევთ. თავისუფლება მეტი უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში ამას პროტესტი ან აპათია მოჰყვება, მომავალში კი დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება და საკუთარი სურვილების გამომჟღავნება გაუჭირდება.
  • მნიშვნელოვანია, რომ მშობლები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ერთი მიდგომა ჰქონდეთ, რათა ბავშვი იმ უფროსის მხარეს არ გადაიხაროს, რომელიც უფრო მომგებიანია მისთვის. უფროსები ერთმანეთთან შეთანხმდნენ, რა არის ნებადართული და რა - დაუშვებელი. თუ გაუთვალისწინებელი სიტუაცია შეგექმნათ და თქვენმა მეუღლემ ისე მოაგვარა, რასაც არ ეთანხმებით, მაინც მხარი დაუჭირეთ მის ავტორიტეტს ბავშვის წინაშე. თქვენი აზრი მაშინ გაუზიარეთ, როცა მარტონი დარჩებით.
  • აღზრდის საკითხებში თანმიმდევრულობა აუცილებელია. თუ ბავშვი დილით ისმენს "არას" და საღამოს „კის“, ის შეწყვეტს თქვენს მოსმენას და პატივისცემას.
  • აკრძალვა უნდა მოხდეს თანაგრძნობით. მზრუნველობის პოზიციიდან . ასე ბავშვისთვის უფრო ადვილია აკრძალვასთან შეგუება. ამასთან, შვილთან ურთიერთობაც არ გაგიფუჭდებათ. უთხარით თქვენს შვილს, რომ გესმით მისი გრძნობები, მაგრამ ამავე დროს იყავით მტკიცე: „მე ვიცი, რომ ძალიან გინდა, მაგრამ არ შეიძლება“.
  • როდესაც ბავშვს რაღაცას უკრძალავთ, მნიშვნელოვანია ზრდასრულის პოზიციაზე დარჩეთ - ბავშვის მიმართ თავდაჯერებული და მშვიდი იყავით. თუ მასთან ერთად დაიწყებთ წუწუნს და ნერვიულობას, ამ პოზიციას დაკარგავთ.
  • დაეხმარეთ თქვენს შვილს ემოციებს გაუმკლავდეს და ის გრძნობები დაასახელეთ, რომლებსაც ბავშვი თქვენი უარისა და აკრძალვების პასუხად განიცდის. დარწმუნდით, რომ იგრძნო თქვენი მხარდაჭერა. „დიახ, ძალიან გინდა კიდევ თამაში, მაგრამ დროა სახლში წავიდეთ/დავიძნოთ და ა.შ.“, „ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ. მოდი ჩემთან, მოგეფერო და დაგამშვიდო".
  • 5 წლამდე ყურადღების გადატანის მეთოდიც მშვენივრად მუშაობს.
  • როგორც წესი, ჩვენ ვიყენებთ კატეგორიულ „არას“ იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვის ქმედება მის უსაფრთხოებას ეხება, როცა შეიძლება ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას.