ქართველი მომღერალი ალექსი კიკვიძე მაყურებელმა სხვადასხვა პროექტიდან გაიცნო და შეიყვარა. მისი ინდივიდუალური სტილი კი მსმენელის ყურადღებას ხშირად იპყრობდა. ალექსი ახლა ბარსელონაში ცხოვრობს. სტელა კოჩზეა დაქორწინებული, მეუღლესთან ერთად შემოქმედებითი საქმიანობითაა დაკავებული და პარალელურად, სხვადასხვა სახალისო ვიდეოს სოციალური ქსელიდან მაყურებელს უზიარებს. სტელა ქართულად შესანიშნავად საუბრობს და ინტერვიუს მიმდინარეობის დროს, უმეტესად სწორედ ქართულად გვესაუბრება. წყვილი საკუთარი საქმიანობის, მაყურებელთა გამოხმაურებისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო ვრცლად გვიყვება:
სტელა: - ის, რომ ადამიანები მცნობენ, ჩემთვის ახალია. ცოტა მრცხვენია, ხალხი ამდენ დადებით სიტყვას რომ მწერს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. ქართველები საყვარელი, გულიანი და თბილი ადამიანები არიან. მსგავსი ურთიერთობაც ჩემთვის ახალია, გერმანიაში ასეთი ფორმით გრძნობების გამოხატვა არ იციან. იქ უფრო ცივები არიან. ქართული სამზარეულო ძალიან მომწონს. განსაკუთრებით, იმერული. ფხალის ასორტი მიყვარს, მომწონს ბუნება, ნატურალური საკვები. ყველაფერი განსაკუთრებული და განსხვავებულია.
ალექსი: - სტელა გასულ წელს, ოქტომბერში საქართველოში პირველად იყო. ყველაფერი ძალიან მოეწონა. ერთი, რითაც ცოტა შეწუხდა, ჩვენი ქეიფები იყო (იცინის). მეუბნებოდა, რა გადარდებთ, აწყობილი გაქვთ ცხოვრება, ყოველდღე ქეიფობთო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას, მუსიკოსები ვართ. სტელა ფილმების თარჯიმანია, სხვადასხვა ენაზე ტიტრებს აკეთებს. თან ფოტოგრაფი და მუსიკოსია. დღეები განაწილებული გვაქვს, ხან ბარებში მუსიკას ვუკრავთ, ხან ფოტოებს ვიღებთ და სტელა, პარალელურად, ფილმებზეც მუშაობს. ვმოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა გერმანიაში მივემგზავრებით, სტელას სწავლა ეწყება, იქ სამი თვე გავჩერდებით. სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ენებს სწავლობს. შემდეგ საფრანგეთში წასვლას დავგეგმეთ. ვუკრავთ სხვადასხვა ბარში. მსმენელს ჩვენს საკუთარ კომპოზიციებსაც ვაცნობთ და ცნობილი სიმღერების ჩვენეულ ვერსიებსაც ვთავაზობთ.
ალექსი: - როდესაც ჩემს ყოფილ მეუღლეს დავშორდი, სამოგზაუროდ წავედი. ერთ-ერთ კუნძულზე, პალმა-დე-მალიორკაზე ვიყავი. სტელასაც მსგავსი სიტუაცია ჰქონდა და ისიც დასვენების მიზნით იყო ამ კუნძულზე. ორივე ერთნაირად ვიყავი, ვფიქრობდით, რომ აღარავისთან ურთიერთობა აღარ გვინდოდა. ვუკრავდი და სტელა ჩემკენ მუსიკის ხმას გამოჰყვა. მოპირდაპირე მხარეს დაჯდა, მოეწონა ჩემი შემოქმედება და ასე გავიცანით ერთმანეთი.
სტელა: - უცნაურად გამოიყურებოდა, სხვადასხვა ფეხსაცმელი ეცვა და დიდი წვერი ჰქონდა. მისი მუსიკა ძალიან მომეწონა, მაგრამ თავად აბსოლუტურად განსხვავებული იყო. თუმცა, რომ დავაკვირდი, საინტერესო სტილი ჰქონდა. ვისაუბრეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა.
ალექსი: -ჩვენი ინტერესები დაემთხვა და ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა. 2 კვირის განმავლობაში კუნძულზე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ბარში დავპატიჟე, ვილაპარაკეთ... შემდეგ ბარსელონაში ჩამოსვლა შევთავაზე. 10 დღეში მომწერა, რომ სტუმრად ჩამოდიოდა. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. გერმანიაში მიდიოდა, შემდეგ ისევ ჩამოდიოდა. ხელი საქართველოში მოვაწერეთ და უკვე ორი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ.
სტელა: - ალექსი საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში მეხმარება. მინდოდა, მისი ქვეყნის, კულტურის შესახებ უფრო მეტი გამეგო და აღფრთოვანებული დავრჩი. ქართულის სწავლაც ამიტომ დავიწყე.
ალექსი: სტელამ მითხრა, რომ მე მას საქართველო შევაყვარე. ამიტომ, ჩვენს ენას, ტრადიციებსა და ადათ-წესებს პატივს სცემს. სხვა ქვეყნიდან რომ ყოფილიყავი, იმ ქვეყნის კულტურას შევიყვარებდიო. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ ქართულიც შეესწავლა და ნელ-ნელა ლაპარაკსაც აუმჯობესებს. სულ მთხოვდა, რომ საქართველოში წამომეყვანა. ჩემს მშობლიურ მხარეში, წყალტუბოში ჩავიყვანე. ჩვენი ძველი სახლი, გარემო ძალიან მოეწონა და ახლა წინასწარ მეუბნება, რომ ზაფხულზე აუცილებლად ჩამოვიდეთ და გავჩერდეთ. სტელა ამბობს, რომ ქუთაისი მისთვის საუკეთესო ქალაქია.
სტელა: ქართველები ვიდეოების წყალობით უკვე მცნობენ და ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ესპანეთშიც გვხვდებიან, ჩვენთან მოდიან, ფოტოებს იღებენ...
- საქართველოდან შორს ცხოვრება ძალიან რთულია. განსაკუთრებით, პირველ წლებში. ესპანეთში 2017 წელს ჩამოვედი. ენა არ ვიცოდი, გარემოს არ ვიცნობდი და გამიჭირდა. უბრალოდ, ჩემს პროფესიას დავეყრდენი. მუსიკა იყო ის, რისი გაკეთებაც შემეძლო. იმედი მქონდა, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ჩემი საქმით ყველგან გავიტანდი თავს. ამან გაამართლა და დღემდე ასე ვცხოვრობ. ბევრს პროფესია არ აქვს, ზოგი არც ცდილობს, რაიმე გამოუვიდეს და მშობლების ხარჯზე ყოფნას ამჯობინებს. ზოგს არც სჯერა, რომ იმ გზით, რომელიც მე ავირჩიე, შესაძლებელია, ფული იშოვოს ადამიანმა. სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი წილი საქართველო ყველგან მიმყვება. როგორც გითხარით, საქართველოდან შორს ცხოვრება რთულია, მაგრამ დრო რომ გადის, ალბათ, ყველაფერს ვეჩვევით. წელიწადში 1-2-ჯერ ჩამოვდივარ, ჩვენს ქართულ ჰაერს ჩავისუნთქავ და თან მიმაქვს.
ალექსი: - 2 შვილის მამა ვარ. ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილები თავისუფალი ადამიანები ყოფილიყვნენ. არ ვიცი, როგორ გამომდის, მაგრამ ვცდილობ. ბარსელონაში ნამყოფები არ არიან, მაგრამ აქაური წესების შესახებ ბევრი რამ იციან. ვიდეოებს, საინტერესო ინფორმაციას ვუგზავნი. მოტივაციას ვაძლევ, რომ თავიანთი საქმე და ინტერესები ყველგან შეიძლება იპოვონ. მინდა, რომ მათ თავიანთი სურვილები და მისწრაფებები რაღაც საზღვრებისა და სტერეოტიპების გამო არ დათრგუნონ.
სტელა: - ვფიქრობ, ძალიან მაგარი მამაა. მისი სტილი სტანდარტული მშობლობა არ არის და არ ცდილობს, ბავშვები ჩარჩოებში მოაქციოს.
- მუსიკალურმა პროექტებმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ნერვიულობამ, რომელიც კონკურსს თან ყოველთვის ახლავს, ძალიან გამაძლიერა. წაგებასა და მოგებაზე არასოდეს ვფიქრობდი. იმიტომ, რომ ჩემთვის საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. კონკურსებმა ბევრი ძალიან კარგი და პროფესიონალი ადამიანი გამაცნო. მანანა მორჩილაძე ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელია. ვიდეოებს ვუგზავნი ხოლმე და ვაჩვენებ, როგორია ჩვენი შემოქმედება. ვუთხარი, თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ასეთი მუსიკოსი არ ვიქნებოდი-თქო. მან ძალიან ბევრ შემსრულებელს სწორი მიმართულება მისცა, ბევრი რამ ასწავლა და განსაკუთრებით მიყვარს.
- ყოველთვის ჩემი სტილი მქონდა. ცალ-ცალი ფეხსაცმლით დავდიოდი, სტანდარტულად არ გამოვიყურებოდი და ამის გამო სულ კამათი მიწევდა. ვერ ვხვდებოდი, ჩემს სტილს რატომ აპროტესტებდნენ. მუსიკალურადაც ვერ ვიზრდებოდი და ამიტომაც, ესპანეთში წამოვედი.
სტელა: - თბილი კომენტარები ყოველთვის მაბედნიერებს და მინდა, ამ ადამიანებს მადლობა ვუთხრა. მაგრამ, ხშირად ვფიქრობ მათზე, ვინც უარყოფით კომენტარებს წერს, ამას რატომ აკეთებენ. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანს გარეგნობის, მეტყველების გამო, იმიტომ, რომ საკუთარი სტილი აქვს, შეურაცხყოფა მიაყენო. არასოდეს მომინდება, ვინმეს ცუდი რამ დავუწერო...
სტელა: - ძალიან მინდა, სოფელში, მშვიდად ვიცხოვრო, პატარა სახლი მქონდეს და ბუნებაში ვიყო. მქონდეს საკუთარი ბაღი, მოვიყვანო ბოსტნეული, ხილი. ჩემთვის, იყო მდიდარი, ნიშნავს იმას, რომ გააკეთო ის, რაც გიყვარს...
ალექსი: - სტელას მდიდრული ცხოვრება ეჯავრება. საკმაოდ შეძლებული ძმა ჰყავს. ერთ-ერთი ბანკის უფროსია. თუმცა,მას ასე ცხოვრება მოსწონს. უყვარს ქსოვა და მშვიდად ცხოვრება. მეჩხუბება, რომ სიმღერები ჩავწერო და ალბათ, ამ მიმართულებითაც დავიწყებთ მუშაობას.
სტელა: - ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენი მუსიკა ვაჩვენოთ, მაგრამ spotify-ზე და youtube-ზე ჩანაწერები არ გვაქვს.
ალექსი: - რამდენიმე დღის წინ საუნდ კარტა მოიტანა, ნასვამი დამიჭირა და მამღერა. მოტივაციას მაძლევს, რომ სიმღერები ჩავწერო... ძალიან მიყვარხართ, გაუმარჯოს საქართველოს, მოკითხვა ყველას, თქვენი სტელა და ალექსი.
თამარ იაკობაშვილი