რვა წლის სინგაპურელმა მოჭადრაკემ აშვათ კაუშიკმა ტურნირზე დიდოსტატი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ Chess.com იუწყება.
წარმოშობით იდოელმა ბიჭმა სინგაპურის სახელით შვეიცარიაში გამართულ Burgdorfer Stadthaus Open-ში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც კლასიკურ ჭადრაკში გროსმაისტერი დაამარცხა. მან 37 წლის პოლონელ მოჭადრაკე იაცეკ სტოპას მოუგო.
ამგვარად, კაუშიკმა სერბი ლეონიდ ივანოვიჩის რეკორდი მოხსნა, რომელიც 9 წლამდე ასაკში პირველი იყო, რომელმაც დიდოსტატი კლასიკურ ჭადრაკში დაამარცხა. საინტერესოა, რომ ივანოვიჩმა რეკორდი მხოლოდ ერთი კვირის წინ, 12 თებერვალს დაამყარა.
კაუშიკი 8 წლის, 6 თვისა და 11 დღის იყო, როცა რეკორდი მოხსნა, ივანოვიჩი კი 8 წლის, 11 თვის და 7 დღის იყო, როცა თავისი რეკორდი დაამყარა.
კაუშიკი პირველად მაშინ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც სამი ოქროს მედალი რვა წლამდე კატეგორიაში 2022 წლის აღმოსავლეთ აზიის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიგო. მაშინ ის მხოლოდ ექვსი წლის იყო. ბიჭის მამის თქმით, მის შვილს ფენომენალური ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს. ახლა ის დღეში შვიდ საათს ხარჯავს ჭადრაკზე და ათასობით თავსატეხს ხსნის ძველი საჭადრაკო პროგრამის გამოყენებით.
The Star-ის ცნობით, კაუშიკი დღემდე ინდოეთის მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად სინგაპურში ექვსი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. ის საერთაშორისო ასპარეზზე სინგაპურის სახელით გამოდის.
საქმე ისაა, რომ კაუშიკის ოჯახში ჭადრაკის თამაში არავინ იცის. ბავშვმა ერთ-ერთი ონლაიპლათფორმის საშუალებით ისწავლა თამაში და იმდენად დაინტერესდა, რომ 4 წლის ასაკში შეიყვანეს სპორტულ წრეზე.
ამჟამად კაუშიკთან რამდენიმე გამოცდილი მენტორი მუშაობს. მათ შორისაა სინგაპურელი დიდოსტატი კევინ ვუ ვაიმინგი. მან ახალგაზრდა მოჭადრაკის გამორჩეულ ტაქტიკური უნარებზე ისაუბრა. „ბიჭის ოჯახი მხარს უჭერს მას და ზედმეტ ზეწოლასაც არ ახდენს, რაც საშუალებას აძლევს ბიჭს, დასახულ მიზნებს მიაღწიოს. ჩვენ ვამაყობთ აშვათით, მაგრამ ამავდროულად არ ვუყენებთ მას მოთხოვნებს და ვაძლევთ საშუალებას, საკუთარი ტემპით განვითარდეს. და ის, რომ მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მხოლოდ ბონუსია“, - ამბობს ვაიმინგი.