ექიმი კარდიოლოგი პაციენტებზე ექსპერიმენტს ისე ატარებდა, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, შედეგად არაერთი ადამიანი გარდაიცვალა - საბჭოთა კავშირში მომხდარი ამბავი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

ექიმი კარდიოლოგი პაციენტებზე ექსპერიმენტს ისე ატარებდა, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, შედეგად არაერთი ადამიანი გარდაიცვალა - საბჭოთა კავშირში მომხდარი ამბავი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2024-02-23 11:12:55+04:00

1974 წელს სერგეი პჩელინცევი ერთ-ერთ კლინიკაში წავიდა, რათა ჯანმრთელობის ცნობა აეღო. თუმცა, სახლში აღარ დაბრუნებულა... გარკვეული პერიოდი რომ გავიდა და კაცი აღარ გამოჩნდა, მისმა მეუღლემ და ნათესავებმა ძებნა დაიწყეს. ყველა საავადმყოფოში, მილიციასა და მორგშიც კი დარეკეს. ბოლოს უთხრეს, რომ აღწერილი მამაკაცი იქ იყო. სერგეის მეუღლე, ელენა მთელი გზა ლოცულობდა, რომ მორგში მისი ქმრის ცხედარი არ დახვედროდა. თუმცა იქ მართლაც სერგეი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, მისი ცხედარი უხტომსკაიას რკინიგზის სადგურზე იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ოფიციალურად თრომბი დაასახელეს.

სერგეი პჩელინცევი საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორად მუშაობდა და ჯანმრთელობის ცნობის განახლება პერიოდულად უწევდა. როგორც მისი ახლობლები ამბობდნენ, კაცი არაფერს უჩიოდა, ამიტომაც მისი გარდაცვალება ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა. ქალი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობოდა და ცდილობდა სამართალდამცავებისათვის აეხსნა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა. ის ქმრის თერაპევტის ნინა სილუიანოვას სანახავად წავიდა. თუმცა, ელენას დანახვისას გოგონა გაფითრდა და ანერვიულდა. იმ მოტივით, რომ დაკავებული იყო, უხეშად გააცილა ქალი ოფისიდან და არაფერი აუხსნა. დერეფანში ელენა მოხუც ქალს წააწყდა, რომელიც თავიდან გიჟად მოეჩვენა. ის ჩურჩულებდა, რომ მის შვილს აქ მკურნალობდნენ და მოკლეს... ამ სიტყვებმა ელენას ყურადღება მიიპყრო და ქალთან დალაპარაკება გადაწყვიტა.

ვასილი კიტაიკინი, ელენას ახალი ნაცნობის ვაჟი, ჯანმრთელი და ძლიერი კაცი იყო. სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა, მაგრამ ტაქსიზე გადასვლა სურდა. ის საავადმყოფოში ახალ სამსახურში ჯანმრთელობის ცნობის წარსადგენად მივიდა. შემოწმების შემდეგ თერაპევტმა მაღალი წნევა შენიშნა და კარდიოლოგთან გადაამისამართა. რამდენიმე დღით საავადმყოფოში დატოვეს, შემდეგ რაღაც წამალი მისცეს, რომელიც ფხვნილის სახით იყო და სახლში გაუშვეს. სახლში, ვასილმა წამალი, დანიშნულების მიხედვით დალია და რამდენიმე წუთში თავი ცუდად იგრძნო. სასწრაფო დახმარების მანქანამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა და იქვე გარდაიცვალა. მიზეზად გულის პრობლემა დაასახელეს... მის გარდა, კიდევ ერთი ჯანმრთელი მამაკაცი გარდაიცვალა კლინიკაში მისვლის შემდეგ … ელენა მიხვდა, რომ ეს დამთხვევა არ იყო და რაღაც სერიოზულთან ჰქონდა საქმე. ამიტომ, გადაწყვიტა, გამოძიება თავად გაეგრძელებინა.

22-1708672552.jpg
ნინა სილუიანოვა

ქალი თერაპევტის მორიგეობის დასრულებას დაელოდა, მაგრამ ექიმმა კლინიკა სასწრაფოდ დატოვა და იქიდან ვოლგით გაუჩინარდა. ელენამ თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ეს ვოლგა კარდიოლოგიის განყოფილების უფროსს, დიმიტრი ლევაშოვს ეკუთვნოდა. ამ ორი ექიმის კავშირი ელენას საეჭვოდ მოეჩვენა. თითქოს, რაღაც კარნახობდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ორი დღის შემდეგ, ელენა კვლავ მივიდა საავადმყოფოში, სილუიანოვას დაჟინებით სთხოვდა პასუხს, თუ რა გახდა მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი. მაგრამ თერაპევტმა კვლავ თავის დაძვრენა გადაწყვიტა. ამის შემდეგ ქალებს შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

მალევე მილიციაც გამოიძახეს. ელენა ამტკიცებდა, რომ ექიმი მას ატყუებდა, თერაპევტი კი ამბობდა, რომ ქალს პირველად ხედავდა და მის შესახებ არაფერი იცოდა. ამ ამბით ლეიტენანტი ოლეგ ეზოვიტოვი დაინტერესდა. ქალის ჩვენება ლეიტენანტს ღირებული იმიტომაც ეჩვენა, რომ მამამისიც საეჭვო ვითარებაში, კლინიკაში დანიშნული რაღაც ფხვნილის მიღების შემდეგ გამხდარა ცუდად და მალე გარდაიცვალა...

54-1708672646.jpg
დიმიტრი ლევაშოვი

ამასობაში კარდიოლოგიურ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალი პაციენტი შეიყვანეს. კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში ისიც გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ ეს პაციენტი მაღალი თანამდებობის პირი და ასევე მილიციის უფროსის ძმა იყო. ექსპერტიზამ მის ორგანიზმში პრეპარატი აღმოაჩინა, რომელიც სისხლის შედედებას იწვევდა. საავადმყოფო სამართალდამცავებით გაივსო. ყველა დოკუმენტი ამოიღეს, მედიკამენტები, ფიზიოლოგიური ხსნარები, ბოთლები ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

საფუძვლიანად შეისწავლეს მენეჯერის კაბინეტიც. ერთ-ერთ ყუთში საეჭვო პრეპარატი აღმოაჩინეს. ის მაშინვე ექსპერტიზაზე გაგზავნეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ეს იყო იგივე პრეპარატი, რამაც პაციენტი-ჩინოვნიკის სიკვდილი გამოიწვია. ლეიტენანტ ეზოვიტოვის წყალობით, გამოძიებამ პჩელინცევისა და კიტაიკინის მსგავსი შემთხვევების შესახებ სრულად შიეტყო. თუმცა საქმეებს შორის კავშირი მაინც დასამტკიცებელი იყო. პოლიციამ კიტაიკინის დედას გარდაცვლილი შვილის ქურთუკი ჩამოართვა. ერთ-ერთ ჯიბეში ფხვნილის რამდენიმე მარცვალი აღმოჩნდა. თუმცა, ეს ექსპერტიზის ჩასატარებლად საკმარისი აღმოჩნდა. ლევაშოვის კაბინეტშიც სწორედ მსგავსი ნივთიერება იპოვეს.

კარდიოლოგი და თერაპევტი ნინა სილუიანოვა მაშინვე დააკავეს. ლევაშოვი წაიყვანეს, მაგრამ თერაპევტი თანამზრახველთან ერთად გაიქცა. მალევე მის კვალსაც მიაგნეს.

აღმოჩნდა, რომ ლევაშოვი ძალიან ნიჭიერი ექიმი იყო. მან სამეცნიერო დისერტაცია "გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის დანიშნული წამლების გვერდითი ეფექტების შესახებ" დაწერა და სურდა, მეცნიერებათა დოქტორი გამხდარიყო. კარდიოლოგი ამ მიზნით პაციენტებზე ექსპერიმენტებს ატარებდა ისე, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ... სხვადასხვა წამალს ნიშნავდა, დოზებს ზრდიდა, მკურნალობის კურსს ცვლიდა და შედეგს აკვირდებოდა. საჭირო პრეპარატებს და პაციენტებს მისი მეგობარი ქალი, სილუიანოვა "აწვდიდა".

ასე დაიღუპნენ სერგეი პჩელინცევი, ვასილი კიტაიკინი და კიდევ რამდენიმე სხვა პაციენტი. პირველი ლევაშოვმა კვალის დაფარვის მიზნით რკინიგზის სადგურზე თავად წაიყვანა. თანამდებობის პირი კი, რომლის საქმემაც გამოძიება დააჩქარა, საავადმყოფოში მაშინ მივიდა, როცა ელენა და თერაპევტი ჩხუბობდნენ. მილიციის გამოჩენის შემდეგ, ლევაშოვი იმდენად დაფრთხა, რომ ცალკე ოთახში მიიმალა, რაღაცები ერთმანეთში აერია და მამაკაცის ორგანიზმში მავნე ნივთიერება შემთხვევით მოხვდა.

ვიდრე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, დიმიტრი ლევაშოვმა საკანში თავი მოიკლა. ნინა სილუიანოვას ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ, გამოვიდა, გვარი შეიცვალა და ოჯახი შექმნა.

საშინელი ექსპერიმენტი, რომელიც მამამ საკუთარ შვილზე ჩაატარა - ჩვილს მაიმუნთან ერთად ზრდიდნენ და აკვირდებოდნენ...
პაწია ალბერტი - ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ექსპერიმენტი ფსიქოლოგიის ისტორიაში
საშინელი ექსპერიმენტები ბავშვებზე, რომლებსაც გასულ საუკუნეში სხვადასხვა მიზნით ატარებდნენ