"გარდენია შევარდნაძის" შემქმნელი და ცნობილი ფლორისტი ზურა შევარდნაძე გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" საკუთარი შვილისა და მამობის შესახებ საუბრობს:
- მყავს არაჩვეულებრივი ქალიშვილი, 6 წლის ესმა შევარდნაძე, რომელსაც ჩემი ბებიის სახელი ჰქვია და ის აძლევს ჩემს ცხოვრებას ფერს, ძალასა და სიხარულს. ახლა დედაჩემთან ერთად გურიაშია. რომ ვკითხე, "მამა არ გენატრები?", მიპასუხა: "კი მენატრები, მამა, მაგრამ ვუძლებ." ესმას ყველაფერი აქვს და მადლობა ყველას, ვინც ეს შემაძლებინა. მაგრამ, უნდა ის, რაც არ აქვს. მაგალითად, უნდა, რომ ცხოვრობდეს კორპუსში. თქმა რად უნდა, ესმა ჩემთვის ყველაფერია. მიუხედავად ამისა, მას თავისი ჩარჩოები, ადგილი, როლი აქვს. ტყავის შავი ელასტიკები უნდა, მაგრამ იცით, როგორი? მთლად "მოტმასნილი". არ ვუკრძალავ, მაგრამ არც სიხარულით ვყიდულობ შავ ტყავის ელასტიკს. ვკითხე, სად ნახე, მამა და ვისთან მოგეწონა-თქო და მითხრა, ასეთი ძალიან ლამაზ გოგონებს აცვიათო. ავტობუსით და მეტროთი უნდა სიარული. მინდა, ჯანმრთელად ვიყო და ჩემ ირგვლივ, სანამ გული და თვალი გამიწვდება ყველა კარგად მყავდეს. არ მინდა, ჩემი ახლობლების ავადმყოფობას ვუყურებდე. ეს ქვეყანა მინდა, კარგად იყოს. ჩემი კუთხის, ჩემი ხალხის დიდი გულშემატკივარი ვარ. შეიძლება, მე და თქვენ განსხვავებულ აზრზე ვიყოთ, მაგრამ არ შევჭამოთ ერთმანეთი. ისე მაწუხებს ეს ამბავი, ფიზიკურად ცუდად ვხდები. ვხედავ ორ ადამიანს, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ, ამის გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან, როცა ორივე ჩემი ქვეყნის შვილი, ორივე ჩემიანია.