რა გიქმნით ყველაზე დიდ პრობლემას შვილების აღზრდისას, რა არის თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ყველაზე დიდი სირთულე? - საიტმა mshoblebi.ge-მ ამ შეკითხვებით მშობლებს მიმართა.
გამოკითხვაში 250 მშობელი ჩაერთო. როგორ აღმოჩნდა, დღევანდელი მშობლების დიდ უმრავლესობას შვილის აღზრდაში მთავარ პრობლემად და სირთულედ გაჯეტები და ინტერნეტი მიაჩნია.
"კი ბატონო, არ მივცემ ტელეფონს, მაგრამ კლასში 25 ბავშვს რომ ტელეფონი უჭირავს და ერთი შენია ტელეფონის გარეშე, თუ ფიქრობთ იმას, რას განიცდის ამ დროს ბავშვი. რაც არ უნდა უხსნა, რომ იმიტომ არ გაძლევ ტელეფონს, რომ დამოკიდებული არ იყო, ამას ბავშვი ვერ გაიგებს, როცა მის გარშემო ოცდახუთივე ბავშვს ტელეფონი უჭირავს.
ამის შემდეგ გამოკითხულთა დიდი ნაწილი დროის ნაკლებობას ასახელებს და წუხს, რომ სამსახურების და საოჯახო საქმეების გამო შვილებთან საკმარის დროს ვერ ატარებენ.
"ყველაზე დიდი პრობლემა აღზრდაში არის დროის სიმცირე და ყურადღების ნაკლებობა. იმიტომ კი არა, რომ მშობელს შვილი არ უყვარს. იმიტომ, რომ უმეტესი დრო სამსახურს ეთმობა და რაც არ უნდა თავები ვიტყუოთ, შვილებს დროს ვაკლებთ. დაღლილი მშობელი კი ცდილობს, მაგრამ ზოგჯერ ნერვების მართვა არც ისე ადვილია. აი, ეს არის სიმართლე".
"კარგი იქნებოდა, დედა მხოლოდ შვილების აღზრდით იყოს დაკავებული და მილიონი საოჯახო საქმე არ ჰქონდეს დამატებით საკეთებელი. იმდენი საქმეა სახლში, ბავშვებს ვერ ვუთმობ დროს, რომ ვეთამაშო, დავგეგმავ რაღაცეებს და რა თქმა უნდა, ვერ ვაკეთებ, დრო გარბის იზრდებიან ბავშვები".
ასევე ბევრი მშობლის პრობლემა აღმოჩნდა განათლების სისტემა, სკოლა, მასწავლებლები.