მარტი, ნორმასთან შედარებით, უფრო თბილი იქნება - თვის ზოგადი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

მარტი, ნორმასთან შედარებით, უფრო თბილი იქნება - თვის ზოგადი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2024-02-27 14:11:34+04:00

მარტში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალი იქნება - ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ მოგვაწოდა:

"თვის ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოში შესაძლოა, ტემპერატურამ -1 გრადუსამდე დაიკლოს, დღისით ცალკეულ დღეებში კი დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობში +25, +28 გრადუსამდე მოიმატოს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ცალკეულ დღეებში შესაძლოა, შიდა ქართლში -6 გრადუსამდე დაიკლოს ტემპერატურამ, ქვემო ქართლში კი -2 გრადუსამდე. ცალკეულ დღეებში +23, +26 გრადუსამდე მომატებაა ნავარაუდევი.

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების რაოდენობა კლიმატურ ნორმასთან ახლოს იქნება..

თვის პირველი ნახევარი უფრო ცივია. ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მომატება გამორიცხული არ არის, მაგრამ 4 მარტის შემდეგ ამინდის გაუარესებას ველოდებით. თვის მეორე ნახევარი შედარებით თბილი იქნება, თუმცა, როგორც გითხარით, შესაძლოა, ცალკეულ დღეებში ამინდი გაუარესდეს." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

ქალაქ თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

თამარ იაკობაშვილი