ახალგაზრდებს სექსუალობასთან, ჰიგიენასთან, უსაფრთხო ურთიერთობებთან დაკავშირებით ინფორმაცია ხშირად აინტერესებთ, მაგრამ როგორც წესი, ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ. სკოლაში სათანადო ინფორმაციას ვერ იღებენ და ინტერნეტშიც ძნელია სანდო ინფორმაციის მოძიება. სქესობრივი განათლების თემებზე საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" უკვე მრავალი წელია, მუშაობს, სასწავლო რესურსებს ქმნის და ახალგაზრდებს სწორ ინფორმაციას უზიარებს. ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ Tik-Tok არხიც გააკეთა და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე მოხალისეებთან ერთად მომზადებულ საინფორმაციო ვიდეოებს აქვეყნებს. პროექტის ხელმძღვანელი "თანადგომას" ფსიქოლოგი, ტრენერი ხათუნა ხაჟომიაა, ვიდეოების გადაღებასა და მონტაჟზე კი ნინი საყვარელიძე მუშაობს. ისინი პროექტისა და შედეგების შესახებ ვრცლად საუბრობენ:
ხათუნა ხაჟომია: - ეროვნულ სასწავლო გეგმაში სექსუალური განათლების საკითხები სათანადოდ ასახული არ არის და ბავშვებს, როგორც წესი, საკუთარ ფიზიოლოგიასთან, უსაფრთხოებასთან და სექსუალობასთან დაკავშირებით, სანდო და სწორი ინფორმაცია არ აქვთ. სკოლაში მსგავს საკითხებს არასათანადო ყურადღებას უთმობენ. ეს იმ ფონზე, რომ მოზარდები, ახალგაზრდები სექსუალობის თემებითა და უსაფრთხო ურთიერთობებით ძალიან არიან დაინტერესებულნი და უამრავი შემთხვევა გვაქვს ნაადრევი ქორწინების, გაუპატიურების და ა.შ., რის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ სათანადო განათლების სიმცირეა. ხშირად ერთადერთი საშუალება, რომ მოზარდებმა ინფორმაცია მიიღონ, ინტერნეტია. ინტერნეტთან წვდომა ყველას აქვს, თუმცა საშიშროება, რომ არასწორი ინფორმაცია მოიძიონ, არასწორად გამოიყენონ და კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეიქმნან, დიდია. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტეთ, ინტერნეტში შეგვექმნა რესურსი, სადაც ახალგაზრდებს ექნებოდათ საშუალება, საკუთარი სხეულის, განვითარების, ემოციების, სექსუალობის, უსაფრთხო ურთიერთობების შესახებ სწორი ინფორმაცია მიეღოთ. იმის გასაგებად, თუ რომელ პლატფორმას იყენებენ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად, სპეციალური კვლევა ჩავატარეთ. პირველ ადგილზე Tik-Tok დაასახელეს, შემდეგ - Instagram და You-Tube. სამივე პლატფორმის ერთად გამოყენება რთულია, ამიტომ პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, აქცენტი Tik-Tok გვერდზე გაგვეკეთებინა. პროექტს ნიდერლანდელ პარტნიორებთან ორგანიზაცია RNW-Media-თან ერთად ვახორციელებთ. მათი დახმარებით, კვლევა, შესაბამისი ტრენინგები ჩატარდა. შეირჩა ჯგუფი, გვყავს ვიდეო ედიტორი, მოდერატორები, რომლებიც სპეციალურად დატრენინგდნენ იმისთვის, რომ შემოსულ შეკითხვებს ადეკვატური პასუხი გასცენ. პროექტის ხელმძღვანელი მე ვარ. გვყავს სოციალური მედიის მენეჯერი და მოხალისეთა გუნდი, რომელიც სტუდენტებისგანაა დაკომპლექტებული. სწორედ მათი ჩართულობითა და მონაწილეობით იქმნება ის შინაარსი, რომელსაც შემდგომ უკვე ჩვენს გვერდზე დაინტერესებული პირები ხედავენ. ვიდრე Tik-Tok არხს გავუშვებდით, 3-4 თვე დაგვჭირდა, რომ შესაბამისი ტრენინგები ჩაგვეტარებინა და კონკრეტული გეგმა შეგვედგინა. გადავიღეთ საცდელი ვიდეოები, ხედვა წარვადგინეთ და ყოველთვიური გეგმა გავწერეთ. გასული წლის მაისის თვიდან გვერდი უკვე აქტიურია. სახელი სტუდენტებმა შეარჩიეს. არხს ჰქვია TabooTalk_TG. TG ორგანიზაცია "თანადგომას" აბრევიატურაა. ლოგოც ახალგაზრდებმა თავად შეარჩიეს და არხზეც, სახელიდან გამომდინარე, შეხვდებით ისეთ თემებს, რომლებსაც საზოგადოებაში ერთგვარი ტაბუ ადევს, მაგრამ მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ. არხი ვითარდება, გვყავს პროექტის ანალიტიკოსი, რომელიც ყოველ თვის მონაცემებს აანალიზებს, ერთად განვიხილავთ და შემდეგ თვესაც შესაბამისად ვგეგმავთ.
რაც შეეხება შედეგებს, 2023 წლის ბოლოსთვის 71 ვიდეო გვქონდა გაშვებული და ვიდეოებს ჯამში 1.1 მილიონი ნახვა ჰქონდა. გვაქვს ვიდეოები, რომლებსაც 138 ათასი, 50-70 ათასი ნახვა აქვს. არსებული მონაცემების შეჯამებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სექსუალობასთან დაკავშირებული თემები განსაკუთრებით აქტუალურია. როგორც კი მსგავსი ტიპის ვიდეოებს ვდებთ, ყოველთვის ბევრი ნახვა აქვს. მსგავს თემებზე ახალგაზრდებს ინფორმაცია არ აქვთ, ვერც ვერავის ეკითხებიან, ქართულად რესურსები არ არსებობს, ინგლისური კი ბევრმა იცის, მაგრამ ინგლისურენოვანი გვერდების თვალიერებას ჯობს, რომ მშობლიურ ენაზე სათანადო ინფორმაცია ჰქონდეთ.
სპეციალისტების მოსაზრება ასეთია: ნებისმიერი სწორი ინფორმაცია მოზარდს აძლევს შესაძლებლობას, რომ ინტერნეტში არსებული ზღვა მასალა გაფილტროს და მიხვდეს, რომელია სანდო და რომელი - არა. საკუთარი ფიზიოლოგია, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის აინტერესებთ. რაც მთავარია, ეს თემები ამოუწურავია და შეკითხვები წლებთან ერთად კიდევ უფრო ემატებათ.
ნინი საყვარელიძე: - მასწავლებლები, როგორც წესი, იმ თემებს, რომლებიც ბიოლოგიის სახელმძღვანელოშია, ტოვებენ ხოლმე. მშობლებთანაც ხშირად ვერ საუბრობენ ბავშვები და ერთადერთი გზა, ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებაა...
ჩვენს გვერდზე ყველაზე მეტი ნახვა აქვს ვიდეოებს კონდომის სწორად გამოყენებაზე, მენსტრუაციაზე, სხვადასხვა მითზე, რომლებსაც დიდი გამოხმაურებაც მოჰყვება ხოლმე.
- კომენტარებისა და საჯარო უკუკავშირისაგან ან თავს იკავებენ, ან კიდევ ქილიკსა და ხუმრობას გამოხატავენ. თუმცა, გვქონდა შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, მენსტრუაციის თემაზე გოგონებმა პირდაპირ თქვეს, რომ სხვადასხვა პრობლემა აქვთ და რჩევა იკითხეს. ჩათშიც შედარებით ხშირად გვისვამენ შეკითხვებს.
ხათუნა ხაჟომია: - ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად განვვითარდებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანდოობასთან ვასოცირდებოდეთ. ამიტომაც, პირველი, რაც გავაკეთეთ, გაცნობითი ხასიათის ვიდეოს ჩაწერა იყო, რომ ადამიანებს სცოდნოდათ, რომ ჩვენთან ხარისხიანი კონტენტი იქმნება და სანდოა. სექსუალური განათლების ერთ-ერთი ნაწილი ურთიერთობები, სწორი კომუნიკაცია, ემოციებია და შესაბამის თემებზეც ვიმუშავეთ. თუმცა, როგორც გითხარით, სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებით პოპულარულია და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რომ ახალგაზრდებს ამ კუთხით ინფორმაციის დეფიციტი აქვთ.
- როდესაც თავდაპირველად ჯგუფი შეიქმნა, ნინიც ერთ-ერთი მოხალისე იყო. ჩვენს გუნდს პიარის, ფსიქოლოგიის, სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები შემოუერთდნენ, რომლებიც გადაღებით, მონტაჟითა და მოხალისეობრივი საქმიანობით არიან დაინტერესებულნი. მოხალისეების მობილიზებაზე ცალკე სტუდენტი მუშაობს, რომელიც ასევე ჩვენთან მოხალისედ მუშაობდა და შემდგომ უკვე შტატში გადმოვიყვანეთ. ნინიც უკვე ჩვენი სტაბილური თანამშრომელია. ამიტომ, განვითარების პერსპექტივაც თავად სტუდენტებსაც აქვთ. იდეებს ახალგაზრდები გვიზიარებენ, თუმცა ყველაფერს, ვიდრე ის სოციალურ ქსელში მოხვდება, წინასწარ თავად ვამოწმებ და შემდეგ იტვირთება.
ნინი საყვარელიძე: - პირველი, რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ კალენდარს ვათვალიერებთ და ვაკვირდებით, სექსუალობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რაიმე ისეთი დღე ხომ არ მოდის, რომელსაც სპეციალურად მივუძღვნით თემას და ინფორმირებულობის გაზრდაში ჩვენს წვლილს შევიტანთ. გარდა ამისა, ვაკვირდებით გამოხმაურებებს, ვაანალიზებთ იმ თემებს, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებთ. მაგალითად, რაკი 3 მარტი, დედების დღე მოდის, გადავწყვიტეთ, რომ ორსულობასთან დაკავშირებული საკითხი განგვეხილა. ასევე, ერთი ახალი მოხალისე ბიჭი გვყავს და მან შემოგვთავაზა, რომ მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უფრო ხშირად გვესაუბრა. ჩემს თანატოლებშიც არიან ისეთები, რომლებიც მსგავს თემებზე სასაუბროდ მზად არ არიან. ამიტომაცაა მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ საკითხზე ვისაუბროთ, რომლებიც ახალგაზრდებს აინტერესებთ და მათი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.
ხათუნა ხაჟომია: -გვქონდა ასეთი გამოცდილება: გადავიღეთ ვიდეო, რომელიც სექსუალურ ურთიერთობებს ეხებოდა. ჩემი აზრით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია იყო. მაგრამ, დაგვარეპორტეს და დაიბლოკა. იმის შემდეგ, პრობლემა შეგვექმნა. ვფიქრობ, სწორედ რადიკალურად განწყობილი ადამიანები არეპორტებენ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ Tik-Tok-ზე განსაკუთრებული აგრესიით მშობელთა თაობა არ გამოირჩევა.
- რა თქმა უნდა, პროგრესი არსის და შეიძლება ითქვას, რომ წლების წინანდელ მდგომარეობასთან შედარება არც შეიძლება. ახალ თაობას სხვადასხვა თემაზე თავისუფლად აზრის დაფიქსირებაც შეუძლია და საუბარიც. ხვდებიან იმას, რომ ამ თემების სწავლება გარყვნილება არ არის. თუმცა, მშობლების თაობაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდებს მსგავსი ინფორმაცია არ სჭირდებათ და ისინი ამას თავადაც გაიგებენ.
ნინი საყვარელიძე: - თუმცა, გარკვეულ უხერხულობას ჩემი თანატოლებიც განიცდიან. ხშირად ალაიქებენ, მაგრამ არ აზიარებენ. ვიდეოებს ინახავენ, მაგრამ საჯაროდ კომენტარების დაწერისაგან თავს იკავებენ. ვფიქრობ, ეს საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი შეხედულებების დამსახურებაა და მათ კრიტიკისა და უფროსი თაობის მხრიდან არასასიამოვნო შეფასებების ეშინიათ.
ხათუნა ხაჟომია: - როგორც გითხარით, არხი რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირებს. პატარა ქვეყანაში, მოკლე დროში რომ ვიდეოებს მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ძალიან კარგი შედეგია. ფაქტია, რომ სჭირდებათ და აინტერესებთ. ამიტომაც, მუშაობას ვაგრძელებთ და სანდო ინფორმაციას კვლავ გავუზიარებთ ახალგაზრდებს, ინსტაგრამზეც ვგეგმავთ გააქტიურებას და ბევრი გეგმა გვაქვს განსახორციელებელი.
თამარ იაკობაშვილი