როგორც ჩანს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კარს მძიმე დღეები უდგას. ბრიტანელები ძალიან ღელავენ, რადგან არ აქვთ სრული ინფორმაცია და ფიქრობენ, რომ სამეფო ოჯახში რაღაც ძალიან სერიოზული ამბები ხდება.
ქეით მიდლტონის მოულოდნელი ოპერაციის და მეფე ჩარლზის ასევე მოულოდნელი სიმსივნის დიაგნოზის ამბები ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა და შეაშფოთა საზოგადოება. უფრო მეტი ღელვა მოჰყვა ქეითის ამბებს და გავრცელებულ ხმებს, დადასტურებული ინფორმაცია კი ძალიან მცირეა. მეტისმეტად ხანგრძლივი დრო დასახელდა ქეითის გამოჯანმრთელებისა და საზოგადოების წინაშე გამოჩენის ვადად - სამეფო ოჯახის თქმით, მას ჯერ არ შეუძლია სიარული, ძირითადად უნდა იწვეს და გაზაფხულის ბოლომდე ვერ გამოჩნდება. დიაგნოზი არ საჯაროვდება. ამბობენ, რომ ოპერაციის დროს ექიმები გაუთვალისწინებელი გართულების წინაშე აღმოჩნდნენ და პრინცესა ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, რათა მისი სიცოცხლე გადაერჩინათ.
ამ ბოლო დროს უილიამი სადაც გამოჩნდა, ყველგან სევდიანია. ბოლოს "ბაფტას" ცერემონიაზე მივიდა მარტო.
ცოტა ხნის წინ კი დედოფალი კამილა დაესწრო ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებას, საკმაოდ დარდიანი სახით და ამბობდნენ, რომ ცერემონიის დროს ცრემლებს ვერ იკავებდა და ცდილობდა, ფოტოგრაფებისგან დაემალა სახე.
შეგახსენებთ, პრინცესა იანვრის შუა რიცხვებში მოხვდა კლინიკაში. ოფიციალური ცნობებით, ორი კვირა დარჩებოდა ჰოსპიტალში. საზოგადოების წინაშე წარდგენა კი მხოლოდ მარტში იგეგმებოდა. ოპერაციამდე წინა სამი კვირა პრინცესა არ ჩნდებოდა არსად. 14 იანვარს ის და მისი მეუღლე ბრუნეის პრინცის ქორწილს უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ქორწილმაც მათ გარეშე ჩაიარა. აღმოჩნდა, რომ მიზეზი საკმაოდ სერიოზული იყო. სამეფო ოჯახმა გამოაქვეყნა მიმართვა და საზოგადოებას აცნობა, რომ მიდლტონმა მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაიტარა. ისიც დასძინეს, რომ ოპერაცია დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა საზოგადოებას ეჭვი გაუჩნდა, რომ სინამდვილეში ეს სასწრაფო ჩარევა იყო. სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე იუწყებოდნენ, თითქოს 14 იანვარს სამეფო წყვილი ბრუნეიში უნდა ყოფილიყო.
სანამ პრინცესას წოლითი რეჟიმი აქვს,ბავშვებზე ძიძა მარია ტერეზა ტურიონ ბორალო ზრუნავს, რომელიც მათთან არის ჯორჯის დაბადებიდან. უილიამიც აქტიურადაა ჩართული ბავშვებზე ზრუნვის პროცესში.