სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია... - ვინ იყო ლილოში მოკლული 21 წლის გოგონა - მშობლები

სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია... - ვინ იყო ლილოში მოკლული 21 წლის გოგონა

2024-02-28 21:50:35+04:00

თბილისში, ლილოს დასახლებაში მოკლული 21 წლის გოგოს ცხედარი ხელებშეკრული, ორმოში ჩაგდებული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგოს ცხედარი დღეს დილით საკუთარ სახლთან ახლოს მუშებმა აღმოაჩინეს. მოკლულ ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული და ძალადობის კვალი ეტყობოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შუაღამისას გოგონას ნათლიის შვილმა დაურეკა, რომელიც ამავე სოფლის მცხოვრებია. გოგონა სახლიდან გავიდა, დილით კი მისი ცხედარი ნახეს. „მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყოო. ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი. ამ გოგოს ტელეფონი უპოვიათ გატეხილი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.