მიმდინარე სეზონზე არაერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ სეზონური ვირუსი აქვს, მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი და ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნება გართულებულ შემთხვევებზეც ხშირად საუბრობენ. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება, რა ნიშნებით შეგვიძლია, გართულებული შემთხვევის აღმოჩენა და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება:
- რესპირაციულ ინფექციებს სხვადასხვა გართულება ახასიათებს. შესაძლოა, განვითარდეს როგორც ბრონქიტი, ასევე პნევმონია. გრიპი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო რესპირაციული დაავადება გახლავთ. გრიპის დროსაც შეიძლება, პაციენტებს სხვადასხვა გართულებასთან ერთად, ფილტვების ანთებაც განუვითარდეთ. საბედნიეროდ, სეზონური ინფექციები უმრავლეს შემთხვევაში, გართულებების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ მაინც ფიქსირდება ხოლმე. გრიპის მიმდინარეობის დროს, შესაძლოა პაციენტს როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული პნევმონია განუვითარდეს. ვირუსული პნევმონიის დროს, თავად გრიპის ვირუსი ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს და მას საკმაოდ მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. როგორც წესი, ვირუსული პნევმონია, დაავადების დაწყებიდან მე-3-მე-5 დღეს ყალიბდება. თუმცა, ეს ინდივიდუალურია და შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, უფრო სწრაფადაც განვითარდეს, ან ცოტა უფრო მოგვიანებით. მაგრამ, საშუალოდ, როგორც გითხარით, მე-3-მე-5 დღეს ყალიბდება. ვირუსული პნევმონიისთვის დამახასიათებელია: ძლიერი ინტოქსიკაცია, შეუპოვარი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, რაც განსაკუთრებით საყურადღებო სიმპტომია, ასევე ციანოზი - ტუჩ-ცხვირის მიდამოს სილურჯე, გახშირებული სუნთქვა, ცნობიერების დაბინდვა. ასეთ დროს, ექიმის ჩართვა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. ეს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფს ეხება. თუმცა, თანმხლები დაავადების მქონე ადამიანები შედარებით უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან.
როგორც აღვნიშნე, მეორადი ბაქტერიული პნევმონიებიც არსებობს, რომლებიც შედარებით უფრო გვიან ყალიბდება. არის შემთხვევები, როდესაც, თითქოს, 5-6-დღიანი ტალღა დასრულდა, პაციენტს ცხელება აღარ აღენიშნება და სიმპტომებიც შემსუბუქდა, 2-3 დღე ჯანმრთელი პერიოდია და შესაძლოა, ამის შემდეგ ტემპერატურამ კვლავ მოიმატოს, დაერთოს პროდუქტიული ხველა, სუნთქვის გაძნელება... ეს უკვე მეორადი ბაქტერიული პნევმონიისათვისაა დამახასიათებელი, რაც ასევე გრიპის დროს გვხვდება და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რომ სწორი და ადეკვატური მკურნალობა დაინიშნოს.
- ბავშვებთან რისკ ფაქტორად შეიძლება, ჩაითვალოს: 2 წლამდე ასაკი, თანდაყოლილი დაავადებები, მაგალითად, სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა თუ ენდოკრინული დაავადებები. ასევე, რისკ ფაქტორად შეიძლება, ჩაითვალოს განვითარების შეფერხებები, სხვადასხვა მანკი. გადატანილი მძიმე, ინფექციური ან არაინფექციური დაავადება, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი იმუნოდეფიციტები. ასეთ დროს, შესაძლოა, გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადება შედარებით უფრო მძიმედ წავიდეს.
- ახლა ქვეყანაში A გრიპის ორი სეროტიპია გავრცელებული: H1 და H3. თუმცა, ამასთან ერთად სხვა რესპირაციული ინფექციებიცაა. ზოგადად, პაციენტებს, რომლებიც სტაციონარში ხვდებიან, მათ გარკვეული გართულებები აქვთ. ეს გართულებები, როგორც წესი, ან ფილტვების ანთებით გამოიხატება, ასევე შეიძლება ამას პლევრიტი, პლევრის ღრუში სითხის დაგროვება ახლდეს. რა თქმა უნდა, გართულებულ ვირუსულ ინფექციას განსაკუთრებული ყურადღება და სპეციალისტების დროული ჩართვა სჭირდება. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო და ყველას, განსაკუთრებით კი რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს მივმართო, თუ ვირუსული ინფექციის პარალელურად, სუნთქვის გაძნელება, შეუპოვარი ცხელება, შეტევითი ხასიათის ხველა აღენიშნებათ, ასეთ დროს ექიმს აუცილებლად მიმართონ, რომ დაავადების დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება დროულად მოხდეს.
- ე.წ. ღორის გრიპი - H1N1 A გრიპის ერთ-ერთი სეროტიპია და მასაც, ისევე როგორც სხვა ქვეჯგუფებს პნევმონიით გართულება შესაძლოა, ახასიათებდეს. რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული განსხვავება არ არის.
- პირველ რიგში, რესპირაციული ინფექციების საწინააღმდეგოდ პრევენცია აუცილებელია. პრევენციაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰიგიენური ნორმების დაცვაა. ასევე, თუ სიმპტომები აღგვენიშნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისა და სხვა ადამიანებთან კონტაქტისაგან თავი შევიკავოთ. თუ ვირუსის პარალელურად, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აღგვენიშნება, მნიშვნელოვანია, ექიმს დროულად მივმართოთ, რათა გართულებები თავიდან ავირიდოთ.
თამარ იაკობაშვილი