საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის, გადაწყვეტილებით, საქართველოში უნივერსიტეტებს საშუალება მიეცემათ, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, 3-წლიანი საბაკალავრო და 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამები განახორციელონ. როგორც სამინისტროში განმარტავენ, 180-კრედიტიანი საბაკალავრო და 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა ევროპაში გავრცელებული პრაქტიკაა და სტუდენტებს განათლების მიღების უფრო მოქნილ მექანიზმს სთავაზობს:
"ამ პროცესში ყველა უნივერსიტეტის რექტორი ჩავრთეთ და ყველა გადაწყვეტილებას ინკლუზიურად ვიღებთ. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, აქ სიახლე არაფერია და პირიქით, ამის არგაკეთება პრაქტიკულად ქართულ უმაღლეს განათლებას აცდენაში ამყოფებს. პირველი, ჩვენ შევჯერდით, რომ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა არსებულ 4-წლიანთან ერთად შევთავაზოთ. საუნივერსიტეტო საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება.მათ შეეძლებათ, ორივე პროგრამა განახორციელონ, ან ერთ-ერთი, როგორც მოისურვებენ. 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამა არ იზღუდება, მაგრამ შესაძლებლობას ვხსნით, 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებისთვის შეიქმნას. თუმცა, აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით და სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობას გავაგრძელებთ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.
რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქაც გვინდა, მოქნილი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რომელსაც ბუნებრივია, გარკვეული შეზღუდვები ექნება. 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამით სადოქტორო საფეხურის გაგრძელება შესაძლებელი არ იქნება. ესეც ამ ეტაპისთვის ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებებისთვისაა დადგენილი. თუმცა, ექსპერტებთან მსჯელობა მიმდინარეობს და არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ასევე, წინსწრებით გეტყვით, რომ 60-კრედიტიან, ანუ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამას ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ექნება - შესაძლებელი იქნება, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. ძალიან მოქნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ვინაიდან ორივე პროგრამის განხორციელებას როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე იქნება შესაძლებელი. სრულადაა თანხვედრაში გნებავთ ევროპულ, გნებავთ ამერიკულ პრაქტიკასთან და ამ შემთხვევაში. კიდევ ერთი სიახლე შემოგვაქვს, რაც დისტანციურ განათლებას გულისხმობს. მოგეხსენებათ, დღეს გარკვეული კომპონენტები შეზღუდულია. ამ ბაზარსაც ვხსნით და რეალურად ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, რომ საქართველო ჩამოყალიბდება უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, ვინაიდან წლიდან წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა იზრდება და ბუნებრივია, ამას მხარი უნდა ავუბათ და ამ ბაზარს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ." - განმარტა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გადაცემაში "იმედი LIVE".
დავინტერესდით, როდიდან იქნება ახალი პროგრამების განხორციელება შესაძლებელი.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, თუკი უნივერსიტეტები შესაბამის პროგრამებს შექმნიან და აკრედიტაციას მიიღებენ, განხორციელება უკვე ახალი სასწავლო წლიდან, 2024 წლის სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
საკითხზე რამდენიმე უნივერსიტეტსაც დავუკავშირდით.
როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განგვიცხადეს, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების- მარკეტინგის, მენეჯმენტის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით 3-წლიანი პროგრამები უკვე გაკეთებულია და აკრედიტაციას ელოდება. აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში, უკვე მომდევნო სასწავლო წლიდან სტუდენტებს აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ. იგივე ეხება სამაგისტრო პროგრამასაც.
აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის ცვლილებებს არ გეგმავენ და პროგრამები კვლავ უკვე არსებული ფორმით განხორციელდება.
ახალი პროგრამების განხორციელებას გეგმავს საქართველოს უნივერსიტეტიც. ცვლილების მნიშვნელობაზე უნივერსიტეტის ლექტორმა კოკა თოფურიამ განმარტა:
,,მოგეხსენებათ, განათლებისადმი მიდგომა იცვლება. თავდაპირველად, 5-წლიანი საბაკალავრო პროგრამები არსებობდა, შემდეგ 4-წლიანი, ახლა უკვე ევროპაში 3-წლიანია და უკვე დროული იყო, რომ 3-წლიან საბაკალავრო სწავლებაზე გადავსულიყავით. ზოგადად, მოგეხსენებათ, ცოდნის მიმართ მოთხოვნები და მიდგომები იცვლება. თანამედროვე ეპოქაში საჭირო აღარ არის ისეთი ტიპის ცოდნა, როგორიც 10-20 წლის წინ იყო. ახლა სხვა უნარებზე ორიენტირებული ცოდნა გვჭირდება, რაც 3-წლიანი სწავლების პერიოდში მიიღწევა. როცა იცვლება დრო, დრო განსხვავებულ მოთხოვნებს გიყენებს. სხვა ცოდნაა საჭირო, ვიდრე, ვთქვათ, 50 წლის წინ იყო მაშინ, როცა არ არსებობდა ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, ყოველდღიურად არ გამოიყენებდნენ კომპიუტერი.“ - ამბობს კოკა თოფურია.
შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ, ვრცლად იხილოთ ბმულზე:
თამარ იაკობაშვილი