"ბავშვმა 4 საათში ერთხელ მაინც უნდა მოშარდოს, რომ ბაქტერიებმა გამრავლება ვერ მოასწრონ... შესაბამისი სითხითაც უნდა დაიტვირთოს" - როგორ ავარიდოთ ბავშვს საშარდე გზების ინფექციები და საშიშია თუ არა ყოველთვის შარდის ანალიზში ცვლილება - მშობლები

"ბავშვმა 4 საათში ერთხელ მაინც უნდა მოშარდოს, რომ ბაქტერიებმა გამრავლება ვერ მოასწრონ... შესაბამისი სითხითაც უნდა დაიტვირთოს" - როგორ ავარიდოთ ბავშვს საშარდე გზების ინფექციები და საშიშია თუ არა ყოველთვის შარდის ანალიზში ცვლილება

2024-03-01 13:29:50+04:00

უროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა ჭანტურაია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რაზე უნდა გაამახვილონ მშობლებმა ყურადღება, რომ ბავშვები საშარდე გზების ინფექციებისაგან დაიცვან:

- როცა გარეთ ზამთარია, რეალურად, სახლში გვაქვს ზაფხული. ბავშვის წონა რომ მცირეა, თბილ ოთახში ყოფნისას რა სითხეც აორთქლება, მისთვის საკმაოდ მაღალი პროცენტია. შეიძლება, დილიდან საღამომდე ტუალეტში არ შევიდეს. სტატისტიკურად დადასტურებული არ არის, თუმცა, ასეთი რეკომენდაციაა, რომ ბავშვმა 4 საათში ერთხელ მაინც მოშარდოს, ანუ იმდენი შარდი გამოყოს, რომ ბუშტი გამოირეცხოს იმიტომ, რომ დაცლას მნიშვნელობა აქვს. ბაქტერიების გამრავლებას 6 საათი მაინც სჭირდება. თუ შარდის ბუშტი 6 საათამდე იცლება, ბაქტერიები გამრავლებას იმდენად ვერ ასწრებენ. სხვადასხვა რეკომენდაციაა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეჟიმული შარდის ბუშტის დაცლაა. ბავშვს თუ არ ეშარდება, იძულება ძნელია. ამიტომ, სითხე უნდა მიიღოს და 4 საათში ერთხელ მაინც მოშარდოს. სადღაც, 4-5 მოშარდვაა დღეში. ეს არის ერთ-ერთი პრევენცია, რომ საშარდე გზის ინფექციების განვითარების რისკი შემცირდეს. თუ ბავშვს საშარდე გზის ინფექციის პრობლემა ერთხელ მაინც ჰქონდა, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც აღვნიშნე, დღეში 4-5-ჯერ მოშარდოს. შესაბამისი სითხითაც უნდა დაიტვირთოს. ზამთარში მაინც თბილ გარემოშია, გათბობაა ბაღებსა და სკოლებში, ამიტომ ბავშვი რეალურად, ზაფხულის პირობებშია და სითხის მიღება მნიშვნელოვანია.

საშარდე გზების ინფექცია ძალიან მრავალფეროვანი სპექტრია. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მომართვის საფუძველი შარდის ანალიზში გარკვეულიო ცვლილებაა. შარდის ანალიზში ცვლილებას ძალიან მშვიდად უნდა შევხედოთ, თუ მის სიმპტომები, რაიმე დარღვევები არ არის. ამიტომ, ვასხვავებთ მარტივ ინფექციებს, რომლებიც შარდის ბუშტით შემოიფარგლება და ეს მაინც ცისტიტის ჯგუფია. ვიღაცას შეიძლება შარდის შეუკავებლობის, ან დისკომფორტის, ტკივილის შეგრძნება ჰქონდეს და მოშარდვის ეშინოდეს. მაგრამ, ეს ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სახიფათო მდგომარეობაა. მაგრამ, ამავდროულად, შემაწუხებელი და ბავშვებისთვის ძალიან დამსტრესავია. მეორე ჯგუფი სიცხით მიმდინარე დაავადებებია, რომელიც, სავარაუდოდ, თირკმლის ინფექციითაა გამოწვეული და ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. რთული ინფექციაა, რომელსაც ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება. ხშირად ინტრავენურიც კი. თუ ბავშვები მცირე ასაკის არიან და იმდენ სითხეს ვერ იღებენ, რომ გაუწყლოება თავიდან აირიდონ, ჰოსპიტალიზაციაც სჭირდებათ ხოლმე. ამიტომაც, თუ ბავშვი ზოგადად ცუდადაა, აუცილებლად ექიმი სჭირდება. მაგრამ, თუ შარდში რაიმე ცვლილებაა, მაგრამ ბავშვს არაფერი აწუხებს, ამაზე დიდად არ ინერვიულოთ, გადაამოწმეთ და მშვიდად მიმართეთ ექიმს. თუნდაც ბავშვს ჰქონდეს ინფექცია, როცა ის უსიმპტომოა, ჯობს, თავიდანვე ანტიბიოტიკი არ მისცეთ. ჯერ დააკვირდით. შეიძლება ანტიბიოტიკი მაინც დასჭირდეთ, ან კიდევ მის გარეშე რამდენიმე კვირაში ყველაფერი თავისით გამოსწორდეს. მშვიდი პოლიტიკა უკვე მიღებულია. მაგრამ, თუ სიმპტომურია, რა თქმა უნდა, ბავშვს შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.