"ტაფაზე ერთი ულუფა კატლეტი რომ მომზადდება, ზეთი უნდა გადავღვაროთ და მეორე წყება კატლეტი ახალ ზეთში უნდა ჩააწყოთ" - რომელი ზეთია შესაწვავად საუკეთესო და რა სიფრთხილეა საჭირო ზეითუნის ზეთთან - მშობლები

"ტაფაზე ერთი ულუფა კატლეტი რომ მომზადდება, ზეთი უნდა გადავღვაროთ და მეორე წყება კატლეტი ახალ ზეთში უნდა ჩააწყოთ" - რომელი ზეთია შესაწვავად საუკეთესო და რა სიფრთხილეა საჭირო ზეითუნის ზეთთან

2024-03-01 19:31:45+04:00

ზეთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პროდუქტია ნებისმიერ ოჯახში. ამიტომ მისი ხარისხის, გამოყენების თუ შენახვის შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.

სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა გადაცემა "შუა დღის" ეთერში ზეთის სხვადასხვა სახეობებსა და მათ დადებით თუ უარყოფით თვისებებზე საუბრობს.

რომელი ზეთი უფრო სასარგებლოა?

ყველა ზეთს თავისი სასარგებლო თვისება აქვს. მნიშვნელოვანია, როგორ არის მიღებული და წარმოებული ესა თუ ის ზეთი. ამით განვსაზღვრავთ, რამდენად სასარგებლო და მისაღებია ჩვენი ორგანიზმისთვის.

მზესუმზირის ზეთი ძალიან კარგია და აღიარებულია მედიცინაშიც. ის ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. სიმინდის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, ზეითუნის ზეთი 100%-ით შეითვისება და ამით არის უნიკალური, ქოქოსის ზეთიც ძალიან მდიდარია ვიტამინებით. მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ არის ყველა ეს ზეთი მიღებული.

პირველ რიგში დავაკვირდეთ, არის თუ არა ზეთი რაფინირებული. რაფინირება ქიმიური წმენდაა, დაწურვის შემდეგ ზეთს ან ფიზიკური მეთოდით წმენდენ ან ქიმიურით. რაფინირება საჭიროა იმისთვის, რომ ზეთმა მაღალ ტემპერატურას გაუძლოს და დიდხანს შეინახოს. თუმცა ამ რაფინირების პროცესში ის ბევრ სასარგებლო თვისებას კარგავს.

რომელი ზეთია შეწვისთვის საუკეთესო?

ე.წ. კახური ზეთი, თუ ის ცივი დაწურვით არის მიღებული, არარაფინირებულია და შენარჩუნებული აქვს ყველა ის სასარგებლო თვისება, რაც მზესუმზირის თესლს გააჩნია და დაწურვისას კიდევ უფრო მდიდრდება. ის მაქსიმუმ, 40 გრადუსამდე ცხელდება, ამიტომ შესაწვავად არ გამოდგება.

ყველა სახეობის ზეთს თავისი კრიტიკული წერტილი აქვს, რის შემდეგაც ვეღარ უძლებს თერმულ დამუშავებას. რაფინირების პროცესი მას „აძლებინებს“ უფრო მაღალ ტემპერატურაზე და ამიტომ ვიყენებთ შესაწვავად.

თუ არარაფინირებულში ვერ ვწვავთ და რაფინირებულიც სასარგებლო არ არის, საუკეთესო ვარიანტია, უცხიმოდ მოამზადოთ და შემდეგ დაუმატოთ არარაფინირებული ზეთი. ან შეგვიძლია ისეთი ზეთი შევიძინოთ, რომელსაც ბუნებრივად აქვს შეწვის მაღალი ტემპერატურა, ბუნებრივად უძლებს მაღალ გრადუსს და რაფინირება არ სჭირდება. ასეთი გახლავთ ქოქოსის და ავოკადოს ზეთები. თუმცა შეიძლება ისინი არ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

გამოვარჩევდი ზეითუნის ზეთს. ის მზესუმზირის და სიმინდის ზეთზე უფრო სასარგებლოა, თუმცა შეწვისთვის ზეითუნიც რაფინირებული უნდა გამოვიყებოთ.

ყველაზე გავრცელებული შეცდომები

ყველაზე დიდი შეცდომაა ზეთის რამდენჯერმე გაცხელება. სულ ერთია, რომელი სახეობის ზეთია. ყველა ზეთი უნდა გაცხელდეს ერთჯერადად. მაგალითად, კატლეტების მომზადებისას, ტაფაზე ერთი ულუფა რომ მომზადდება, ზეთი უნდა გადავღვაროთ და ახალი კატლეტები ახალ ზეთში უნდა ჩავაწყოთ. შავი ნადები ზეთში და კვამლი უკვე გვანიშნებს, რომ დაჟანგვის პროცესი დაიწყო, ვეღარ უძლებს ტემპერატურას და კარცეროგენული ნივთიერება, აკრილამიდი წარმოიქმნება, რაც ძალიან მავნეა ჩვენი ორგანიზმისთვის. სხვათა შორის აკრილამიდი შეიძლება ტოსტერშიც წარმოიქმნას ნადების სახით.

თუმცა არსებობს წარმოებისთვის განკუთვნილი ზეთები, რომლებიც შეიძლება რამდენჯერმე გაცხელდეს.

როგორ ავარჩიოთ ზეთი

  • თუ ზეთი შესაწვავად გვინდა, უნდა შევარჩიოთ რაფინირებული. მაღალ ტემპერატურას ვერც ზეითუნის ზეთი უძლებს, ამიტომ შესაწვავად ისიც რაფინირებული უნდა გამოიყენოთ. virgin olive oil - ეს არის არარაფინირებული, ყველაზე სასარგებლო ზეთი სალათებისთვის, უმად გამოსაყენებლად. ყველა სასარგებლო ნივთიერება, რაც კი ზეთისხილს გააჩნია, მასში შენარჩუნებულია, მაგრამ ვერც მასში და ვერც ექსტრა ვირჯინში ვერ შეწვავთ.
  • რაფინირებული ზეთი აბსოლუტურად კრიალა უნდა იყოს ნალექის გარეშე. არარაფინირებული კი შეიძლება შეიცავდეს ნადებს.
  • არარაფინირებული ზეითუნის ზეთი მაცივარში შენახვისას 2-3 დღეში თუ ნალექს არ გაიკეთებს, ის ფალსიფიცირებულია.
  • არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ იმ მწარმოებელ ქვეყანას, სადაც კვების წარმოების მაღალი სტანდარტებია. მაგალითად ამერიკას, ევროკავშირს. ევროკავშირს იმდენად მაღალი სტანდერტები აქვს, სხვა ქვეყნებს მათი დაკმაყოფილება და მის ბაზარზე შესვლა უჭირთ.

როგორ ვინახავთ ზეთს

  • ზოგადად არარაფინირებულ ზეთებს მაცივარში, მინის ჭურჭელში ვინახავთ.
  • ვადაგასული ზეთი ძალიან საშიშია. რაფინირებულ ზეთებს ერთი წლის ვადა აქვთ. ზეითუნის რაფინირებულ ზეთს შეიძლება 2 წელი ჰქონდეს. თუ ზეთის ეტიკეტზე მითითებული ვადა ამაზე მეტია, ესე იგი მას დამატებითი ქიმიური ნივთიერებები აქვს დამატებული. ასეთ ზეთს ნუ შეიძენთ.
  • არარაფინირებული ზეთის შენახვის ვადა 3-დან 8 თვემდეა წარმოებიდან. ხოლო გახსნილს რამდენ ხანს ვინახავთ, ამას კონკრეტული ეტიკეტი მიგანიშნებთ. ზოგადი წესის მიხედვით კი გახსნილი ზეთი ერთ თვეში უნდა დამთავრდეს.
  • როცა ზეთს თევზის გემო ან სუნი დაკრავს, ან უხარისხო ნედლეულია გამოყენებული, ან წარმოების პროცესია დარღვეული. ეს მომწავლელი არ იქნება, თუმცა არც მისაღები არ არის.

თუ იყიდეთ ზეთი, რომელსაც მძაღე გემო ან თევზის სუნი დაკრავს, დარეკეთ სურსათის უვნებლობის სამსახურის ცხელ ხაზზე 15-01 და დააფიქსირეთ ეს შემთხვევა. ნებისმიერ პროდუქტზე, რომლის ხარისხშიც ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ იგივე ნომერი გამოიყენოთ.

myquiz