ერთადერთი და განუმეორებელი დიზაინერი აირის აპფელი, რომელიც ბოჰემური კოსტიუმებით იყო სახელგანთქმული, გუშინ 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა წარმომადგენელმა სტუ ლოზერმა უკვე დაადასტურა ეს სამწუხარო ფაქტი.
აპფელი ჯერ კიდევ 80-90-იან წლებში ადგენდა ტენდენციებს და მოდის მოყვარულებს ხმაურიან, გაბედულ ანსამბლებს სთავაზობდა: ფერადი ჟაკეტი ჰოპის საცეკვაო ქვედაკაბით და თხის ტყავის ჩექმებით, ფუშფუშა საღამოს პალტო. წითელი და მწვანე ბუმბულები და მუხლამდე გადაჭრილი ზამშის შარვალი, ვარდისფერი ანგორას სვიტერის ნაკრები და მე-19 საუკუნის ჩინური ბროკადის ქვედაკაბა - ეს ყველაფერი მისი ხელწერა იყო. მან იცოდა, როგორ ეპოვა ნამდვილი საგანძური ბაზრებზე და არ ეშინოდა, პროვოკაციული და გაბედული გამოჩენილიყო.
მისი იმიჯი ძნელად აგერეოდათ სხვაში - მისი ხელწერა იყო სამაჯურები მკლავებზე და უზარმაზარი სათვალეები, რომლებიც თეფშებივით გამოიყურებოდნენ და ყოველთვის იპყრობდნენ ყურადღებას.
„როცა სხვებივით არ იცვამ, არც სხვებივით უნდა იფიქრო“, - უთხრა ერთხელ აირის აპფელმა The New York Times-ს.
1950-იანი წლებიდან დაწყებული ათწლეულების განმავლობაში, აპფელი კერძო კლიენტებისთვის ინტერიერის დიზაინზე მუშაობდა, მათ შორის თავად გრეტა გარბოსთვის. მოგვიანებით მან მეუღლესთან, კარლ აპფელთან ერთად Old World Weavers დააარსა, რომელმაც ტექსტილის რესტავრაცია დაიწყო, მათ შორის თეთრი სახლის კლიენტებისთვის. ქსოვილების საძიებლად წყვილი მსოფლიოს მუზეუმებსა და ბაზრობებზე მოგზაურობდა.
1992 წელს აპფელებმა თავიანთი კომპანია გაყიდეს და პენსიაზე გავიდნენ, მაგრამ აირისი ფირმის კონსულტანტად მუშაობას განაგრძობდა და სულაც არ იყო დარდობდა, რომ ტექსტილთან მუშაობას ჩამოშორდა. აირისი სოციალურ ქსელებში ბლოგცაც მართავდა, რომელსაც 3 მილიონი გამომწერი ჰყავს.
2005 წელს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი გამოფენის გაუქმების წინაშე დადგა და ბოლო წუთს აირის აპფელს მიმართა თამამი წინადადებით: მისი ტანსაცმელი გამოეფინათ. წარსულში Met-ში ყოფილა გამოფენილი ნივთები დიზაინერების კოლექციებიდან, მაგრამ ექსპოზიციაში პირადი გარდერობი არასდროს შეუტანიათ.
გამოფენამ აირის აპფელის კოლექციიდან მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტში 82 ანსამბლი და 300 აქსესუარი შეკრიბა: ბაკელიტის სამაჯურები 1930-იანი წლებიდან, ტიბეტური მანჟეტის სამაჯურები, სამოგზაურო კოსტუმი ვეფხვის პრინტით მისივე დიზაინით, მონღოლური ბატკნის ქურთუკი და სხვა.
„ეს არ არის კოლექცია. ეს მოგზაურობაა ჩემს კარადაში. ყოველთვის მეგონა, რომ Met-ზე გამოსაფენად აუცილებლად მკვდარი უნდა ყოფილიყავი“, - თქვა მაშინ აპფელმა.