"ყველაზე ძვირფასი საჩუქრი ახლა შვილების ხმაა. შორიდან რომ მეტყვიან, დედა, კარგად ვართ, ამაზე მეტი საჩუქარი არაფერია ამ ქვეყანაზე"- რა უხარიათ დედებს ყველაზე მეტად შვილებისგან დედის დღეს - გამოკითხვის შედეგები - მშობლები

"ყველაზე ძვირფასი საჩუქრი ახლა შვილების ხმაა. შორიდან რომ მეტყვიან, დედა, კარგად ვართ, ამაზე მეტი საჩუქარი არაფერია ამ ქვეყანაზე"- რა უხარიათ დედებს ყველაზე მეტად შვილებისგან დედის დღეს - გამოკითხვის შედეგები

2024-03-03 09:50:57+04:00

დღეს უამრავი დედა შვილისგან განსაკუთრებით ბევრ თბილ სიტყვას მოისმენს და გულით მიძღვნილ საჩუქარს მიიღებს.

თავად რა განწყობა აქვთ ამ დღეს დედებს, რა ახარებთ ყველაზე მეტად და როგორი მილოცვები ახსოვთ განსაკუთრებულად?

ამ კითხვებით სოციალურ ქსელში დედებს მივმართეთ და დიდი გამოხმაურებაც მივიღეთ.

დედების აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 500-მდე მათგანი გვწერს, რომ ყველაზე მეტად შვილებისა და შვილიშვილების ბედნიერება ახარებთ.

რაც შეეხება საჩუქრებს, როგორც ჩანს, დედებს მაინც შვილების ხელით შექმნილი სიმბოლური საჩუქრები ამახსოვრდებათ განსაკუთრებულად.

წარმოგიდგენთ რამდენიმე კომენტარს, რომლებიც სოციალურ ქსელში დედებმა ჩვენი კითხვების საპასუხოდ მოგვწერეს:

  • „შვილები უკვე დიდები არიან , მაგრამ მაინც ყველაზე დიდი და დასამახსოვრებელი საჩუქარი იყო პატარობისას რომ მჩუქნიდნენ მისალოც ბარათებს უთბილესი პაწაწუნა თითებით დაწერილს“
  • „როცა პატარები იყვნენ ჩემები, ნახატებს მჩუქნიდნენ, ყველა შენახული მაქვს და ყველაზე ძვირფასი საჩუქრებია ჩემთვის“
  • „პატარები რომ მიწერდნენ ბარათებს, ახლაც შენახული მაქვს. ჩემი საჩუქარი მათი კარგად ყოფნა და ბედნიერებაა“.
  • „ჩემი შვილი თუ სადმე გავდივართ გვერდით მიდგას, უცებ სად ძვრება, არ ვიცი, ყვავილს პატარას, აი, ყვითლები რომაა და ფერადები, ცალ მუხლზე დადგება ხოლმე და მჩუქნის. 6 წლის არის.“
  • „ორი წლის წინ ჩემმა ბიჭმა, 7 წლის იყო, სათქვეფი მაჩუქა“
  • "ყვავილებს რომ მჩუქნის, მისი სახე მაბედნიერებს ამ დროს"
  • „ჩემთვის ყველანაირ საჩუქარზე ძვირფასია შვილების ბედნიერი სახეების ყურება .ჩახუტება და სიტყვები, დედიკო, მიყვარხარ.“
  • „ყველაზე ძვირფასი საჩუქრი ახლა შვილების ხმაა. შორიდან რომ მეტყვიან, დედა, კარგად ვართ, ამაზე მეტი საჩუქარი არაფერია ამ ქვეყანაზე“.
  • "დედა სულ გახარებულია, როდესაც კარგი შვილები ყავს"
  • "დედის გულს პატარა იის კონაც ეყოფა"
  • "ღირსეული შვილები დედას ყოველთვის ყოველდღე გაახარებენ".