რამდენიმე დღეა, სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანებულნი აზიარებენ ჩერქეზი მომღერლის ქართულ ენაზე უზადოდ შესრულებულ სიმღერას.
ეს მომღერალი ასტემირ აპანასოვია - რუსულ და კავკასიურ ენებზე სიმღერების შემსრულებელი, მუსიკოსი და კომპოზიტორი, თეატრისა და კინოს მსახიობი, ადიღეის, ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკების დამსახურებული არტისტი.
ასტემირი 34 წლისაა. ამჟამად ოფიციალურად მოსკოვში ცხოვრობს. მშობლიურ სახლში ხშირად ჩადის, თუმცა - უფრო დასასვენებლად. უმეტეს დროს კარიერას და გასტროლებს უთმობს.
მიუხედავად იმისა, რომ ასტემირის სიმღერებში ბევრი რომანტიკაა, თავად უხამსობად მიაჩნია საკუთარ რომანტიულ ურთიერთობებზე ინტერვიუებში საუბარი. შემსრულებელი დიდი ხნის წინ დაშორდა მეუღლეს, ეროვნებით ჩეჩენ ზალინა ამაგოვას. ამჟამად აღიარებს, რომ ოჯახის შექმნის მიზნით გულწრფელ და ხალისიან გოგონას ეძებს, რომელიც გაითავისებს, რომ მისი ცხოვრება შემოქმედებისგან განუყოფელია. უნდა აღინიშნოს, რომ ასტემირი კავკასიური ტრადიციების თაყვანისმცემელია და მოკრძალებულ გოგონებს ანიჭებს უპირატესობას.
მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ადიღეურ ქორწილებში (სადაც მას ხშირად იწვევენ) ზოგჯერ ტრადიციები უგულებელყოფილია. „ზოგიერთ ქორწილში უხერხულობა მიგვრძნია. გამიფიქრებია, „ჩვენ ხომ ადიღეელები ვართ, რატომ აცვია პატარძალს ასე ძალიან გულახდილი კაბა“. მინდა, რომ მეტად შენარჩუნებული იყოს გოგონებში ადიღეური მოკრძალება“, - ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში და განსაკუთრებულად უფროსის პატივსაცემად ფეხზე წამოდგომის ტრადიციას ასახელებს.
„ადიღეური ტრადიციებიდან ყველაზე მეტად მომწონს, როცა უფროსის შემოსვლისთანავე ახალგაზრდა ფეხზე დგება და ასე იქცევა ყველგან, სადაც არ უნდა იყოს. თუნდაც სულ სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს და ჩინელი ეროვნების უფროსი ადამიანი შემოვიდეს ოთახში, მასაც რომ ფეხზე წამოუდგება, ეს მითბობს გულს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადიღეელი სადაც არ უნდა წავიდეს, უფროსის პატივისცემას არასოდეს დაკარგავს“, - ამბობს ასტემირი.