ბედნიერი ბავშვობა, თურმე, არ იძლევა ჯანსაღი ფსიქიკის გარანტიას. ეს ყველაფერი დამოკიდებული ყოფილა ორგანიზმის უნარზე, გაუმკლავდეს სტრესს.
ცნობილია, რომ რთული ბავშვობის გამოცდილება მომავალში ფსიქიკური აშლილობის განვითარების რისკს ზრდის. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის - უსაფრთხო გარემოში გატარებული სრულიად ბედნიერი ბავშვობაც კი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანი დეპრესიას, შფოთვას ან სხვა ფსიქიკურ პრობლემებს არ განიცდის - გვაფრთხილებენ ფსიქოლოგები სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტიდან.
მკვლევარებმა 343 ზრდასრული ონლაინ გამოკითხეს. მათ უპასუხეს კითხვებს ოჯახზე, აღზრდაზე, ბავშვობის პერიოდის გარემოზე. შეისწავლეს მათი განვითარება, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ზოგადი კეთილდღეობა, ურთიერთობები და მიჯაჭვულობები ზრდასრულ ასაკში.
როგორც მოსალოდნელი იყო, მძიმე ბავშვობის გამოცდილებამ მკვეთრად გაზარდა წლების შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების შანსები. მაგრამ ასეთი ნეგატიური გამოცდილების არარსებობა ასევე არ აღმოჩნდა ნორმალური ფსიქიკის გარანტი.
„ფსიქიკური აშლილობის რისკი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ადრეულ წლებში მომხდარ მოვლენებზე. ბავშვს, რომელიც ბედნიერ სახლში იზრდება, შესაძლოა, მაინც დაემართოს ასეთი აშლილობა“, - განმარტა ერთ-ერთმა ავტორმა, ევოლუციის ფსიქოლოგმა ბიანკა კალმა.
კალისა და მისი კოლეგების აზრით, ფსიქიკური ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია ბავშვობაში თანდაყოლილ ან შეძენილ უნარზე, მოერგოს მოულოდნელ სცენარებს, როდესაც სიტუაცია იცვლება და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მოსალოდნელია. თუ ბავშვმა იდეალურ პირობებშიც კი, სადაც მშობლებს უყვართ და მხარს უჭერენ, არ იცის, როგორ გაუმკლავდეს სტრესს, იზრდება ალბათობა იმისა, რომ ზრდასრულ ასაკში მას დეპრესია და შფოთვა ელოდება.