ნინო მჭედლიშვილი ქართველი ემიგრანტია და უკვე 6 წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. საქართველოში ჟურნალისტად მუშაობდა, თუმცა ფინანსურმა პრობლემებმა ჩვენი ქვეყნიდან შორს წაიყვანა. როგორც თავად ამბობს, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი რთული დღე გაიარა, დაძლია სხვადასხვა ბარიერi, შვილის, ოჯახის, სამშობლოს მონატრება, მუშაობდა მძიმე პირობებში, თუმცა ახლა მისთვის საინტერესო საქმეს მიაგნო - კულინარიით დაინტერესდა, სოციალურ ქსელებშიც აქტიურია და სხვა ქალებსაც მოტივაციას აძლევს. ნინო გვიყვება, რა არის მისთვის ემიგრანტობაში ყველაზე რთული და რა გზა გაიარა, რომ მიზნისთვის მიეღწია:
- 6 წლის წინ საქართველოდან ამერიკაში კონკრეტული ღონისძიების გასაშუქებლად ჩამოვედი. მაშინ "პრაიმტაიმის" ჟურნალისტი გახლდით. აქ ცხოვრებაზე არც არასდროს მიოცნებია. გავაშუქეთ ამერიკული თბილისობა და აქ მცხოვრები ცნობილი ქართველი ემიგრანტებიც ჩავწერეთ. თვითმფრინავში უკანა გზაზე უკვე ვფიქრობდი, რომ ეს ქვეყანა ფინანსურად ამოსუნთქვის საშუალებას მომცემდა... როგორც ყველამ, მეც ვიფიქრე, რომ ერთი-ორი წლით დავტოვებდი ჩემს ქვეყანას, შვილს, კარიერას... მაგრამ ასე მარტივი არ აღმოჩნდა, როგორ მაქედან ჩანს.
- განსხვავება ბევრია. ქუჩაში ხალხი გიღიმის, ქათინაურს გეუბნება. უცხო ადამიანები გესალმებიან და როგორ ხარო - გეკითხებიან. აქ მოწყალებას რომ ითხოვს, ის ადამიანიც კი ბედნიერია. თავიდან მაღიზიანებდა კიდეც ამდენი მადლობა და მაპატიე. ძლივს მივეჩვიე... მთავარი განსხვავება? აქ შრომა გიფასდება, რა პროფესიისაც არ უნდა იყო, შენს შრომას სათანადოდ აფასებენ... აქ სახელმწიფო ხალხზე ზრუნავს, არალეგალებსაც კი უფასო სამედიცინო დაზღვევა აქვთ... აქ ქუჩის ძაღლებს ვერ ნახავთ...
- ახალი ჩამოსული ვიყავი, ერთმა ქართველმა ფილოლოგმა ქალბატონმა მითხრა, ჩათვალე, რომ ახლა დაიბადე, თავიდან სწავლობ სიარულს, გზებს, ენას, ურთიერთობებს. ივლი ორი წელი მხრებში მოხრილი და მერე ნელ-ნელა გაიშლებიო. ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი. თითქმის 2 წელი სახლებს ვალაგებდი... მყავდნენ კარგი დამქირავებლებიც და ისეთებიც, მუხლის ჩოქზე რომ ითხოვდნენ ხალიჩის გაწმენდას. მტვერსასრუტის ჯოხი რომ ვითომ დაკარგეს, იმიტომ, რომ მოხრილს გემუშავა... ყველაზე რთული ენის ბარიერი იყო. ძალიან მინდოდა, ასეთი ადამიანებისთვის საკადრისი პასუხი გამეცა, მაგრამ მაშინ ამდენს ინგლისურად ვერ მოვახერხებდი. აქ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შენ უმაღლესი განათლება მიიღე შენს ქვეყანაში, მერე სხვის ქვეყანაში ჩამოხვედი და სახლებს ალაგებ. არ იჯერებდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, სანამ ფოტოებს არ ნახავდნენ....
- სახლების დალაგებით რომ გადავიღალე, გამახსენდა, რომ ბებიაჩემმა ბავშვობაში ხინკლის მომზადება მასწავლა. ამას თუ ვერ ისწავლი, ვერ გათხოვდებიო, მეუბნებოდა. მაშინ ისეთი პატარა ვიყავი, გათხოვება არც ვიცოდი, რა იყო, მაგრამ რადგან საკვებს უკავშირდებოდა, ვიფიქრე, კარგი იქნება-თქო და ვისწავლე. იმას გაანათლებს ღმერთი იმ ქვეყნად, თურმე ჩემში კულინარის დიდი ნიჭი იმალებოდა. ცომზე მუშაობით დავიწყე. მერე სალათებიც შევისწავლე. დღეს ბრუკლინში ერთ-ერთი პოპულარული რესტორნის მზარეული ვარ. Sea pearl - ევროპული სტილის, ზღვის პროდუქტების რესტორანია. კულინარიასაც, ისევე, როგორც ჟურნალისტიკას, თავისი ადრენალინი აქვს. უნდა მოასწრო, პირველი უნდა იყო და საუკეთესო უნდა შექმნა. ხელოვნებაა ჩემთვის კულინარია, დიდი ხელოვნება...
- ტიკ-ტოკი ჩემი საყვარელი თემა გახდა. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. ამ ზაფხულს ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო... ჩემი შვილი დამცინოდა, რაღა დროს შენი ტიკ-ტოკიაო. ჰოდა მიზნად დავისახე, დამემტკიცებინა, რომ ჩემი დროც არის. და ა, ბატონო შედეგი, 23 ათასი გამომწერი რამდენიმე თვეში. შერეული კონტენტი მაქვს. ბევრი იუმორი, პოზიტივი. ყველაზე დიდი ინტერესი სამზარეულოზე მოდის. ჩემი სიმღერაც მოსწონს ბევრს. დღეს ჩემს ფოლოვერებშია ჩემი შვილიც (იცინის). ერთადერთი, რაც ჩემს გამომწერებს არ მოსწონთ, ჩემი სახელია - უჟმური.
- ანი მაშინ 21 წლის იყო. ამერიკაში ცხოვრებაზე ოცნებობდა. აეროპორტში რომ მაცილებდა, მითხრა, რა გატირებს, გაგიჟდი, ამერიკაში მიდიხარო... მის მერე სულ ვტირი, ჩუმად, ჩემთვის. 6 წელი... უფ, ძალიან ბევრია... ძალიან დიდი სტრესი მივაყენე ამით მასაც და საკუთარ თავსაც. აი ახლაც ყელში ბურთი მეჩხირება, რომ მახსენდება, როგორ დავტოვე. შვილი რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, მაინც პატარაა დედისთვის. კარგი მხოლოდ ისაა, რომ ჩემი ამ ნაბიჯით დამოუკიდებლად ჩამოყალიბებაში დავეხმარე. ვგრძნობდი, რომ მასაც ჩემსავით უჭირდა, მაგრამ არასდროს მანახებდა, სულ მამხნევებდა. ახლაც ასეა. ზოგჯერ ისაა დედა, ზოგჯერ - მე. დედის დღეზე ფოტო გამომიგზავნა, ქოთნის ყვავილები გიყიდე, რომ ჩამოხვალ გაზრდილებს დაგახვედრებო... მაშინაც ვიტირე... სენტიმენტალური გავხდი. აი, ესაა ყველაზე რთული ყველა ემიგრანტისთვის, ვინც ოჯახის წევრები საქართველოში დატოვა. მუდმივი ნოსტალგია და მონატრება, შვილების, მშობლების, მეგობრების, ქვეყნის. ქართული ჰაერი და წყალიც კი მენატრება ქართული... აქ გავითავისე ქართული ფილმის "ფესვები" შინაარსი და სიღრმე.
- მთავარი პრობლემა არალეგალობაა. თუ ოდესმე მიიღეს კანონი, რომელზეც უკვე დიდი ხანია, განხილვა მიმდინარეობს, რომ უსაბუთო ემიგრანტების გალეგალება მოხდეს, ყველა ამოისუნთქავს... ყველას შეეძლება საქართველოში დროებით დაბრუნება და ოჯახების მონახულება... მერე ბევრად მარტივია სხვა ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა, როცა იცი, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია, გაფრინდე და შენ შვილს ჩაეხუტო.
- აქ ჩამოსვლის მეორე დღიდან ვგეგმავ. არც ერთი დღე არ შევწყვეტ ამაზე ფიქრს და მიზნისკენ სვლას... "ჩემი მიწა და მთა-ბარი, ჩემი სამშობლო აქ არის"... მანდ უფრო ემღერება გულს.
თამარ იაკობაშვილი