"რატომ არ იკრძალება ბაღებში ასეთი გრანდიოზული ღონისძიებები და ფულის შეგროვება? რად უნდა ბაღის ბავშვს ამხელა ხარჯებით გაწეული აქტივობა?" - მშობლები

"რატომ არ იკრძალება ბაღებში ასეთი გრანდიოზული ღონისძიებები და ფულის შეგროვება? რად უნდა ბაღის ბავშვს ამხელა ხარჯებით გაწეული აქტივობა?"

2024-03-06 11:15:51+04:00

საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ფულის აგროვების თემა, პედაგოგების საჩუქრებისთვის თუ ღონისძიებებისთვის, კვლავ დიდი გამოწვევაა, რომელსაც არაფერი ეშველა. მით უმეტეს, რომ ხშირად მსგავსი ინიციატივები იშვიათად არ მოდის და თანხებიც არ არის მცირე, რის გამოც მშობლები, რომლებსაც ისედაც ბევრი სხვა ფინანსური ვალდებულება აქვთ, ან რამდენიმე შვილი ჰყავთ და ყველასთან უწევთ მსგავს აქტივობებში ჩართვა, ან უბრალოდ, პრინციპულად არასწორად მიაჩნიათ მსგავსი ინიციატივები, სამართლიან პროტესტს გამოთქვამენ ხოლმე. ჩვენც ბევრი მსგავსი შეწუხებული მშობელი გვწერს და ახლა, როცა გაზაფხულია და გააქტიურდა ბანკეტებისა და ბაღის თუ სკოლის გამოსაშვები ღონისძიებების თემა, წერილებიც მომრავლდა. ამჯერად, ბაღებში შექმნილ ვითარებაზე გვწერენ ხშირად, განსაკუთრებით, რეგიონების ბაღებიდან. მაგალითად, გორის ერთ-ერთ ბაღში საბავშვო ბაღის გამოსაშვები ღონისძიება ისე გრანდიოზულად დაიგეგმა, რამდენიმე მშობელი სერიოზულად შეშფოთდა, რომ ვერ გაწვდება ამ ხარჯებს და მისი შვილი უბრალოდ გამოაკლდება ამ აქტივობას, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტია.

"ბაღში კრება ჩატარდა და მასწავლებელმა მოგვთხოვა, ფორმები შევკეროთო. ფორმის გარდა, უამრავი რამის ფული გროვდება - დრონი, ვიდეოგადაღება, დირექტორისა და მასწავლებლების საჩუქრის ფული, ალბომის ფული, ტკბილეულისა და სუფრის, და კიდევ - მშობლების ცეკვის ფული... ხომ შეიძლება, უბრალოდ სუფთად და ლამაზად ეცვათ ბავშვებს და ამით შემოვიფარგლოთ? არ მაქვს ფული, ქირით ვცხოვრობ და თვიდან თვემდე საარსებო ფულს ძლივს ვუყრი თავს, რა ვქნა, ცალკე დავაყენო ჩემი შვილი? მასწავლებლების და ზოგიერთი მეტიჩარა მშობლის მოთხოვნებს საზღვარი არ აქვს, მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან გეგმავენ და ზომავენ... რატომ არ იკრძალება ასეთი გრანდიოზული ღონისძიებები და ფულის შეგროვება? რად უნდა ბაღის ბავშვს ამხელა ხარჯებით გაწეული აქტივობა?" - გვწერს ერთ-ერთი მშობელი გორიდან და მსგავსი წერილი არაერთია.

"საქმე კიდევ უფრო რთულდება, როდესაც მშობელს რამდენიმე შვილი ჰყავს და საგაზაფხულოდ ვიღაცას ღონისძიება აქვს, ვიღაცას - ექსკურსია, ვიღაცასთან დღესასწაულებისთვის აგროვებენ ფულს და ვიღაცასთან - სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის. ალბათ ბევრად უკეთ იქნებოდა საქმე ყველასთვის, რომ პედაგოგებმაც და მშობლებმაც გაითავისონ, რომ სკოლაც და ბაღიც ყველასია, საჯაროა და თითოეული ბავშვის ინტერესები, საჭიროებები და საშუალება უნდა იყოს გათვალისწინებული. გარდა ამისა, სასურველი არის მხოლოდ ღონისძიება, ერთგვარი თავმოყრა იმისა, რაც ბავშვებმა ისწავლეს გარკვეული დროის განმავლობაში და ამის ლამაზად მიტანა მშობლებამდე თუ კოლეგებამდე, დანარჩენი - გრანდიოზულობა, ხარჯები, პომპეზურობა, საჩუქრები, სუფრა და ა.შ., ზედმეტად გამოვლენილი ინიციატივებია, რომლებსაც ყველა ვერ უწყობს ფეხს და ყოველთვის აღმოჩნდება ბავშვი, რომელიც დაიჩაგრება, ან მშობელი, რომელიც იძულებული გახდება, ვალები აიღოს და წელებზე ფეხი აიდგას, რომ ბავშვმა დაჩაგრულად არ იგრძნოს თავი ამ ფერხულში", - წერს კიდევ ერთი მშობელი.

აღსანიშნავია, რომ ბაღებში თანხის აგროვება აკრძალულია. ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსაც აქვს mshoblebi.ge-სთან განცხადება გაკეთებული.

რაკი ამჯერად რამდენიმე წერილი გორიდან იყო შემოსული, საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსაც დავუკავშირდით და ვთხოვეთ, პოზიცია დაეფიქსირებინათ. სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვახტანგ გიუნაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს:

"ცალსახად აღვნიშნავ, რომ ბაღებში ყველანაირი სახის თანხის აგროვება მასწავლებლებისა და ბაღის დირექციის ადმინისტრაციის მხრიდან აკრძალულია. როგორც წესი, სხვადასხვა მიზნით, თანხის აგროვებას მშობლები თვითნებურად გადაწყვეტენ ხოლმე და ამაში არც მასწავლებელი იღებს მონაწილეობას და მით უმეტეს, არც სააგენტო. ჩვენი მხრიდან ბაღების დირექტორებიც და მასწავლებლებიც მკაცრად არიან გაფრთხილებულები, რომ ბაღში აღსაზრდელებთან, მშობლებთან თანხის აგროვება დაუშვებელია. თუკი რომელიმე მშობელს კონკრეტული ფაქტი ექნება, მოგვმართოს და პირობას ვაძლევთ, რომ შესაბამისი რეაქცია გვექნება. მაგრამ, როდესაც მშობლები, თავიანთი ინიციატივით აგროვებენ თანხას და რაიმეს გეგმავენ, ეს მათი გადასაწყვეტია და ამაში ადმინისტრაცია არ ერევა. ბაღებში საკანცელარიო ნივთები და ყველა საჭირო რესურსია, რომელთა დახმარებითაც, მასწავლებლებს შეუძლიათ, სხვადასხვა აქტივობა დაგეგმონ და განახორციელონ. დამატებითი თანხა საჭირო არ არის." - ამბობს ვახტანგ გიუნაშვილი.

საშემოდგომო ღონისძიება დაარქვეს და მიგვატანინეს ბაღში ხილი, შეაგროვეს ფული... როდის მოიშლება ეს მეტიჩრობა? - შეწუხებული მშობლის წერილი
ბაღში ზეიმისთვის ფორმების შეკერვა მოგვთხოვეს... ვითომ ნებაყოფლობითია, მაგრამ თუ უარს იტყვი, გაბულინგებენ და დაგცინიან სხვა მშობლები

მასწავლებელი რამდენიმე ბავშვს უნაწილებს როლებს, დანარჩენი ტაშის დამკვრელად ჰყავს - სკოლის და ბაღის ზეიმები უკმაყოფილების მიზეზი ხდება