"მიკვირს, რატომ უკვირს საზოგადოებას, რომ ქალს შეიძლება ჰყავდეს 8 შვილი, რომ გავიხსენოთ ჩვენი წარსული, ჩვენი საზოგადო მოღვაწეები - ილია, ვაჟა და ა.შ., ყველანი მოდიოდნენ მრავალშვილიანი ოჯახებიდან. ეკატერინე გაბაშვილს 11 შვილი ჰყავდა და ეს არ იყო მაშინ გასაკვირი. კომუნისტების დროს მიგვაჩვიეს, რომ საშუალოდ 1-2 შვილი იყო ოჯახში და სამი შვილის მშობელი უკვე მრავალშვილიანად ითვლებოდა", - ამბობს 8 შვილის დედა ნათია ანთია, რომელიც შესანიშნავად ათავსებს ერთმანეთს ოჯახსა და სამსახურს და ახალ პროფესიასაც ეუფლება. მისი უფროსი შვილი 24 წლისაა, უმცროსი - 5 წლის.
ნათია ამბობს, რომ გაცილებით უკეთ ისწავლა დროის ფასი და ბევრად სწორად ანაწილებს დროს, რესურსს და საქმეს ახლა, როცა რვა შვილი ჰყავს, ვიდრე წლების წინ. და მეგობრებისთვისაც რჩება დრო, საყვარელი საქმეებისთვისაც და ა.შ.