"დღეს მასწავლებლის უდიდესი კონკურენტია ტელეფონი... ყველაზე დიდი პრობლემა კი - სკოლაში მოსული გამოუძინებელი, გაჯეტებთან ღამენათევი მოსწავლე" - დღევანდელი პედაგოგების გამოწვევები და ჟურნალისტის გზა სამოქალაქო განათლების მასწავლებლობამდე - მშობლები

"დღეს მასწავლებლის უდიდესი კონკურენტია ტელეფონი... ყველაზე დიდი პრობლემა კი - სკოლაში მოსული გამოუძინებელი, გაჯეტებთან ღამენათევი მოსწავლე" - დღევანდელი პედაგოგების გამოწვევები და ჟურნალისტის გზა სამოქალაქო განათლების მასწავლებლობამდე

2024-03-10 18:46:06+04:00

რუსუდან კილასონია 7 წელია, რაც „პალიტრა მედიის“ ჟურნალისტია და პროფესიული საქმიანობის პარალელურად, კერძო სკოლაში სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელია. საინტერესოა, რამ გადააწყვეტინა პედაგოგობა, რამდენად გაუჭირდა ახალი საქმიანობა და როგორი გამოწვევები აქვს, როგორც პედაგოგს.

- ბავშვობის ოცნება იყო, გავმხდარიყავი ჟურნალისტი და პროფესიის არჩევის დროს არც მიფიქრია, აზრი შემეცველა. ჩემს გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდნენ, თვლიდნენ, რომ გამიჭირდებოდა სამსახურის მოძებნა, თვითრეალიზება და დავრჩებოდი იმედგაცრუებული. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ჩემს მიზანს მივაღწიე და სრულიად უცხო გარემოში, პროტეჟეების, რეკომენდატორებისა და ნაცნობების გარეშე დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა. ჰოლდინგში სტაჟირების პროგრამით მოვხდი და გასაუბრებაზე ამიყვანა ქალაბატონმა ნატა მუმლაძემ, მის მიერ ჩემ მიმართ გამოხატული ნდობით დავიწყე საკუთარი პროფესიის მეტად შეყვარებაც და იმის გააზრება, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა. ძალიან კარგ რედაქტორებთან მოვხვდი და მათთან ურთიერთობით დღემდე ბევრს ვსწავლობ.

c6882bbf-e6e4-431c-9c35-da76ec2ec3fa-1710083436.jpg

ჩემი საქმიანობის პარალელურად, ვცდილობდი დრო გამომენახა ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად, რაღაც ახალსაც შევჭიდებოდი, პანდემიის პირობებში ინტერვიუებზე ვეღარ დავდიოდი, სახლიდან მიწევდა მუშაობა, გაუსაძლისი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი და კიდევ უფრო გამიმყარდა აზრი, რომ დრო იყო, ახალი შესაძლებლობები მეპოვა საკუთარ თავში. სწორედ იმ პერიოდში გამიჩნდა სამოქალაქო განათლების საგნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და დავიწყე გარკვევა, შემეძლო თუ არა ჩამებარებინა გამოცდა. დავრეგისტრირდი, სიმართლე გითხრათ, ვერც ერთი საათი ვერ გამოვნახე სამეცადინოდ და მოსამზადებლად, უფრო მეტიც, გამოცდის წინა ღამეს უსიმოვნო ამბავი შევიტყვე და არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა გამოცდაზე გასვლას. საბოლოოდ, ყველაფერი დასრულდა იმით, რომ გამოცდა წარმატებით ჩავაბარე.

მიუხედავად ამისა, არ მიფიქრია, სკოლაში დამეწყო მუშაობა, თან მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამაც უნდა გამევლო და ამდენი რამის ერთდროულად გაკეთებას არ ვგეგმავდი. მოხდა ისე, რომ ზემოაღნიშნულ პროგრამაზე 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე და ერთი წლის თავზე უფროსი მასწავლებლის სტატუსიც მივიღე, ამ დროს უკვე ვმუშაობდი სკოლაში და პრაქტიკული გამოცდილებაც მიგროვდებოდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორ მიჭერდა მხარს ჩემი სკოლა და დირექტორი, ბატონი ავთანდილ კიკნაძე, მასწავლებლობის რთულ და გამოწვევებით სავსე გზაზე.

- როგორი მოლოდინები გქონდა და რა დაგხვდა? რა არის ძირითადი გამოწვევები დღეს პედაგოგისთვის?

- ბოლო რამდენიმე წელია მოლოდინების გარეშე ცხოვრება ვისწავლე, წინასწარ არანაირი მოლოდინები არ მაქვს, მგონია, რომ რასაც გასცემ, გაიღებ, გააკეთებ, შედეგიც მეტნაკლებად შესაბამისი იქნება. ზედმეტი მოლოდინების გარეშე ცხოვრება ნიშნავს ნაკლებ გულისწყვეტას. გააზრებული მქონდა, რომ დიდ პასუხისმგებლობას შევეჭიდე და თუ არ გამომივიდოდა, თავს დავანებებდი მასწავლებლობას, თუ ამ ყველაფრისთვის არ აღმოვჩნდებოდი მზად, უნდა წამოვსულიყავი სკოლიდან. როცა რამეს ვერ ართმევ თავს, აღიარება სირცხვილი არაა... ერთ შანსს ყველა იმსახურებს, თავიდან ყველაფერი უნაკლოდ და უბადლოდ ალბათ ერთეულებს გამოსდით... სანამ მოსწავლეებს გავიცნობდი, მშობლებს გავესაუბრე, ვუთხარი მათ, რომ ნებისმიერ დროს მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის, შენიშვნის, რჩევების მისაღებად, მინდოდა მცოდნოდა, რას ისურვებდნენ ჩემგან, როგორც მასწავლებლისგან. ჩემთვის სკოლაში მუშაობის პერიოდში მშობლებთან და ბავშვებთან თანამშრომლობა ყველაზე პრიორიტეტულია...ვთვლი, რომ მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის თანამშრომლობის გარეშე, სასურველი შედეგი ძნელად მიიღწევა, სამივემ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ვალდებულებები, მოვალეობები და უფლებები ერთმანეთისა და სკოლის წინაშე.

9954393d-c333-4efc-8e83-7de6a4d969d0-1710083231.jpg

დღეს მასწავლებლის უდიდესი კონკურენტია ტელეფონი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული ეპოქა, ეს არის გამოწვევა. მოსწავლისთვის მასწავლებელი ცოდნის მიღების მთავარ, ერთადერთ წყაროდ აღარ მიიჩნევა, მისთვის უამრავი ალტერნატიული რესურსი არსებობს და გაკვეთილზე თუ არ გისმენს, შეიძლება გითხრას კიდეც, მე ამ ამბავს, ამ ფაქტს, ამ მასალას ჩემითაც წავიკითხავ, ჩემითაც გავიგებ. ამიტომ რესურსების მობილიზება, მოსწავლეთა დაინტერესება, მოტივირება, საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება არის ის, რის გამოც ბავშვი გაკვეთილზე იპოვის საკუთარ თავსაც და როლსაც. სამწუხაროდ, ყველა სკოლას და მასწავლებელს არ აქვს რესურსებთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომა. თუ ამ მიმართულებით სახელმწიფო მეტად გააქტიურდება და პედაგოგებს ხელს შეუწყობს, სწავლების ეფექტიანობაც გაიზრდება.

მეორე მხრივ, როცა გამოწვევებზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ვახსენო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ეს არის სკოლაში მოსული გამოუძინებელი, გაჯეტებთან ღამენათევი მოსწავლე. ამ კუთხით, მშობლების მხარდაჭერა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე სასწავლო პროცესში და მასალის ვიზუალური ეფექტებით მიწოდებაზე, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი მას იყენებს არამიზნობრივად და ეს აისახება დაბალ აკადემიურ მიღწევებზეც.

- რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ სამოქალაქო განათლება?

- მოსწავლეს ეს საგანი კითხვის ნიშანს არ უტოვებს, რატომ არ უნდა ისწავლოს, რადგან ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. როლური, სიტუაციური საგანია და ნებისმიერი სასწავლო თემის გააზრება მოსწავლეს პრაქტიკულად, მაგალითების მოხმობით, ფაქტებისა და გამოცდილების გაზიარებით, კეთებით, ინციატივებისა და იდეების ფორმირებით შეუძლია. მისთვის ადვილია იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლის შესახებაც სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ვსაუბრობთ, ეს პრობლემები ხომ ხელისგულზე ჩანს, ოჯახშიც, ქუჩაშიც, სკოლაშიც სახელმწიფოშიც და ყველგან.

ეს საგანი მოსწავლეს ასწავლის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მან გაიაზროს თავისი მოქალაქეობრივი როლი იმ სოციუმის, სახელმწიფოს და პლანეტის წინაშე, რომელთან ერთადაც თანაცხოვრობს, იაზროვნოს გლობალურად, კრიტიკულად, იყოს აქტიური და იმოქმედოს უკეთესი საცხოვრებელი გარემოს და პირობების შესაქმნელად სკოლის ასაკიდანვე.

საგანი იმდენად საინტერესო და მოცულობითია, რომ არაფორმალური განათლების ელემენტებით გაჯერებული, კიდევ უფრო საინტერესო ხდება ბავშვებისთვის. მე პირადად, სკოლის პარლამენტის, კლუბების (სამოქალაქო განათლების, მეწარმეთა კლუბის და ჟურნალისტიკის კლუბების) საქმიანობის ფარგლებში, არასაკლასო სივრცეშიც, არაფორმალურ გარემოში ვგეგმავ მოსწავლეებთან ერთად ღონისძიებსა და აქტივობებს.

- როგორია სამომავლო გეგმები?

- ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და ვცდილობ მუდმივად განვვითარდე, ბუნებით მაძიებელი ადამიანი ვარ და საკუთარ თავს სულ ვუწყობ გამოცდებს, რას შევძლებ და რას ვერ შევძლებ. დღეში 16 საათს ვმუშაობ, კვირაში 6 დღე. მიუხედავად ასეთი დღის რეჟიმისა, ვფიქრობ, რომ ამ ორ პროფესიაზე არ შევჩერდები, ძალიან მაინტერესებს მედიაცია და თუ მექნება შესაძლებლობა გავხდე მედიატორი, რატომაც არა. ჟურნალისტობა ბავშვობიდან მიყვარდა, მასწავლებლობა კი ბავშვებმა შემაყვარეს. მათი ინტერესები, ფრაზები, სიტყვები, რეპლიკები, ჩახუტება, იუმორი, სიცელქე, ჭკვიანი თვალები, აზრები ბავშვობაში მაბრუნებენ და ძალიან დიდი ენერგიით მავსებენ. ისე ვარ ბავშვების სიყვარულით სავსე, დასვენების დღეებშიც კი მათ ფოტოებს ვათვალიერებ ტელეფონში. ბავშვებთან ურთიერთობით ხომ სული ფერადდება?!

- რას ურჩევ მოსწავლეებს?

- მოიკრიბონ საკუთარი გონებით მოქმედების გამბედაობა. ციფრულ ეპოქაში, იმ დროს როცა, მათ ხელოვნურ ინტელექტთან და რობოტებთან მოუწევთ კონკურენცია, საკუთარი ცოდნით და შესაძლებლობებით მაქსიმალურად შეიარაღებულები დახვდნენ. ნუ იქნებიან ცოდნის და ინფორმაციის მხოლოდ მომხმარებლები, თავად უნდა გახდნენ მწარმოებლები. ისწავლონ და იცოდნენ დროის ფასი.