ბავშვის საცხოვრებელ გარემოში რაც უფრო ნაკლებია მიკროორგანიზმების მრავალფეროვნება, მით მეტია ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი. ამიტომ ორსული და მეძუძური ქალების კვება მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს. გარდა ამისა, ზედმეტად არ უნდა დაიცვათ თქვენი შვილი გარემოსთან კონტაქტისგან, ალერგიული რეაქციები ხშირ შემთხვევაში ნაწლავის დისბიოზის შედეგია. ამავდროულად, მცირდება "კარგი" მიკროორგანიზმების რაოდენობა, რომლებიც იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ და პათოგენური ბაქტერიების რაოდენობაც იზრდება.
ნუტრიცილოგების განმარტებით, ბოლო 60 წლის განმავლობაში კაცობრიობამ ანტიბიოტიკების და ანტიბაქტერიული აგენტების გამოყენებით მიკრობებთან ბრძოლაში დიდ წარმატებას მიაღწია, სამაგიეროდ ამას მოჰყვა სასარგებლო ბაქტერიების განადგურებაც და ამ „მეგობრული“ მიკრობიოტის აღდგენის საკითხს ხშირად არც ისე დიდი ყურადღება ექცევა.
„სტერილური“ სისუფთავის სურვილმა, ანტისეპტიკური საშუალებების ფართოდ გამოყენებამ, ბავშვების ნიადაგთან და ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვამ კანისა და ნაწლავების მიკრობიომის გაღარიბება გამოიწვია. შედეგად, ჩვენი ორგანიზმის ეს "უხილავი დამცველები" მნიშვნელოვნად შემცირდნენ. როდესაც ბავშვი იბადება, ბაქტერიები მის იმუნურ სისტემას ავარჯიშებენ, რათა ორგანიზმი პათოლოგიურ მიკრობებს ებრძოდეს, სასარგებლო მიკრობებზე კი მშვიდად რეაგირებდეს.
რაც უფრო დაბალია ბავშვის გარშემო არსებული მიკროორგანიზმების მრავალფეროვნება, მით მეტია ალერგიული რეაქციების ალბათობა, რადგან „არასაკმარისად გაწვრთნილი“ იმუნური სისტემა უფრო აგრესიული ხდება. ყველაზე მრავალფეროვანი მიკრობიოტას მქონე ადამიანებს უფრო სტაბილური იმუნიტეტი აქვთ და ალერგიული რეაქციების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. როდესაც ბავშვი იბადება, ის დედისგან იღებს მიკრობიოტას შემადგენლობას, ხოლო შემდგომში კვებაზე და გარემოზეა დამოკიდებული.
ძუძუთი კვების დროს ბავშვის ნაწლავის მიკროფლორა დედის კვებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ორსული და მეძუძური ქალის რაციონი მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს, რათა სიცოცხლის პირველ თვეებსა და წლებშიც კი ბავშვის იმუნიტეტი დაცული იყოს. დედა არ უნდა შემოიფარგლოს კონკრეტული პროდუქტებით, თუ რაიმე სამედიცინო ჩვენება არ არსებობს. განსაკუთრებით სასარგებლოა ფერმენტირებული საკვების მიღება - მწნილი ბოსტნეული და ხილი, კეფირი, იოგურტი. ასევე ბოჭკოებით მდიდარი საკვები - ბოსტნეული, ხილი, პარკოსნები და ა.შ.
რა თქმა უნდა, ზედმეტად არ უნდა დაიცვათ ბავშვი გარემოსთან კონტაქტისგან. მრავალი კვლევის შედეგების მიხედვით, დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ადრეული ასაკიდან ჰქონდათ ბუნებასთან და ცხოველებთან შეხება, ნაკლებად აწუხებთ ალერგია.
ამიტომ, თუ, მაგალითად, სეირნობისას ბავშვი მიწის თხრას დაიწყებს, არ უნდა გააჩეროთ და არ სცადოთ მის გარშემო ყველაფრის დეზინფექცირება, რადგან მისი სხეული ასე სწავლობს „თავისიანი“ ბაქტერიების „შემოჭრილისგან„ გარჩევას. გარდა ამისა, თუ ბავშვს ბაქტერიებისგან ზედმეტად ვიცავთ, ამით მას არა მხოლოდ „ცუდ“, არამედ „კარგ“ მიკროორგანიზმებსაც ვუკარგავთ და არსებობს რისკი, რომ ასეთი „გასუფთავებული ველი“ მხოლოდ ცუდი ბაქტერიებით „შეივსება“. შემდეგ კი შესაძლოა ნაწლავებში მიკრობალანსიც დაირღვეს, რასაც ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი და კუჭ-ნაწლავის დაავადებებიც მოჰყვება. გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი კვების პრინციპი გულისხმობს, ჭამოთ ყველაფერი გონივრულ ფარგლებში. რა თქმა უნდა, თუ სამედიცინო დიაგნოზით დადასტურებული შეზღუდვები არ იქნება.