რა პრობლემებს უქმნის ქალის გულს ნევროზი და დეპრესია და რომელ სეზონზეა განსაკუთრებული სიფრთხილე საჭირო  - კარდიოლოგის განმარტებები - მშობლები

რა პრობლემებს უქმნის ქალის გულს ნევროზი და დეპრესია და რომელ სეზონზეა განსაკუთრებული სიფრთხილე საჭირო  - კარდიოლოგის განმარტებები

2024-03-11 01:55:42+04:00

კარდიოლოგი ნინო ჟვანია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, თუ რატომ ხშირდება გაზაფხულზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და რა სიმპტომებია ძირითადად გამოხატული:

- ორგანიზმი ზამთრის შემდეგ დაღლილია, რადგანაც ამ პერიოდის მანძილზე ადამიანი ნაკლებს მოძრაობს, ნაკლებად გადის გარეთ. შესაბამისად, ნაკლებად იღებს მზის სხივებს, მზის სხივები კი ჰორმონი სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობენ. ეს სიხარულის ჰორმონადაა ცნობილი. გარდა ამისა, ხელს უწყობენ დოფამინის გამომუშავებას,რომელიც ასევე სიხარულის ჰორმონადაა ცნობილი. ამის გამო, ადამიანი დეპრესიისადმია განწყობილი. გარდა ამისა, ზამთრის მანძილზე ნაკლები რაოდენობით ვიღებთ ხილს, ბოსტნეულს, რომლებიც ვიტამინებს შეიცავს და ორგანიზმიც დაუძლურებულია. გაზაფხულისთვის კი მრავალი დაავადების გამწვავება ხდება. ეს მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს არ ეხება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ალერგიაცაა. არტერიული ჰიპერტენზია მწვავდება, წნევა იმატებს, სტენოკარდიის შეტევები ხშირდება, ამისთვის პრევენციული ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია. დადგინდა, რომ ნევროზი, ანუ ნერვული დაძაბულობა, სტრესი ქალბატონებში მიკროვასკულარულ სტენოკარდიას განაპირობებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქალები და მამაკაცები სტრესზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. ქალებში მეტი რაოდენობით გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც კორონარულ სისხლძარღვებს ავიწროებს. ამის გამო ქალებში უფრო ხშირად ვითარდება ე.წ. მიკროვასკულარული სტენოკარდია, რაც წვრილი სისხლძარღვების შევიწროებას მოიცავს. დიაგნოსტირებაც ძალიან ძნელია.