წლევანდელი ოსკარების გადაცემის ცერემონიამ კრისტოფერ ნოლანის ფილმის "ოპენჰაიმერის" ტრიუმფით ჩაიარა და მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვისაც ჯილდო ფილმის მთავარ ვარსკვლავს - კილიან მერფის ერგო. ირლანდიელი მსახიობისთვის ეს უდაოდ დიდი შედეგია და წლევანდელი ჯილდოების მარაგს უკვე "ოსკარიც" შეემატა. მოკრძალებული და სერიოზული იმიჯის მქონე მსახიობი სცენაზე ემოციურად ავიდა და სიცილით აღნიშნა გამარჯვება, რაზეც სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ კიდეც, რომ როგორც იქნა, კილიანმა გაიღიმა.
კილიან მერფი 1976 წლის 25 მაისს დაიბადა ირლანდიაში, კორკში. დედამისი ფრანგულის მასწავლებელი იყო, მამა კი განათლების დეპარტამენტში მუშაობდა. მისი ბაბუაც, დეიდები და ბიძებიც მასწავლებლები იყვნენ. ირლანდიაში გაიზარდა კილიანი უმცროს ძმასთან და დებტან ერთად. 10 წლიდან მუსიკით იყო გატაცებული - წერდა და ასრულებდა თავის სიმღერებს. კათოლიკური აღზრდა მიიღო და კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, საკმაოდ კარგად, თუმცა უსიამოვნებებში ეხვეოდა ხშირად და რამდენჯერმე ჩამოაშორეს კიდეც მეცადინეობებს. ნელ-ნელა თავად გააცნობიერა, რომ ცუდი ქცევები არ ღირდა ამდენ უსიამოვნებად და წვალებად და გადაწყვიტა, კარგად მოქცეულიყო. სპორტი არ აინტერესებდა, უფრო ხელოვნებით იყო გატაცებული და გადაწყვიტა, აქეთკენ მიემართა თავისი ენერგიები. სწორედ სკოლაში სცადა პირველად ძალები, როგორც მსახიობმა, სასკოლო სცენაზე. და როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ისე ესიამოვნა ეს გამოცდილება და იმდენად "სავსე ცხოვრების" შეგრძნება დაუტოვა, უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა მსახიობობას, თუმცა პარალელურად კვლავ მღეროდა და კორ-ვარსკვლავობასაც გეგმავდა. დაახლოებით 20-21 წლამდე გიტარაზე უკრავდა და მღეროდა რამდენიმე ჯგუფში, თავის ძმა პაიდისთან ერთად. რამდენიმე ალბომიც გამოუშვეს და იმ დროისთვის წარმატებებსაც მიაღწიეს, თუმცა კილიანი მუსიკას მაინც არ გაჰყვა.
1996 წელს კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯში ჩააბარა იურისპრუდენციაზე, თუმცა პირველივე კურსზე ჩაიჭრა გამოცდებზე, რადგან არ მოეწონა იქ სწავლა. გააცნობიერა, რომ კინო მეტად იტაცებდა და სამსახიობო ოსტატობის შესწავლაზე გადაერთო. ნელ-ნელა როლებიც გამოჩნდა, პირველ ეტაპზე - თეატრალურ დადგმებში, სადაც საკმაოდ მალე შეამჩნიეს ნიჭიერი მსახიობი. თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ მაშინ იმდენად მსახიობის კარიერის გაგრძელებაზე არ ფიქრობდა, რამდენადაც წვეულებები მოსწონდა და ქალების გაცნობა.
სწორედ იმ პერიოდში, 1996 წელს გაიცნო კილიანმა მომავალი ცოლი, მხატვარი და მსახიობი ივონ მაკგინესი და წყვილმა 2004 წელს იქორწინა. დღემდე ერთად არიან, ორ ვაჟს ზრდიან და როგორც კილიანთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ კილიანი სამაგალითო მამაა. თუმცა რამდენჯერაც წითელ ხალიჩაზე გამოჩნდება მეუღლესთან ერთად, იმდენჯერ აკრიტიკებენ მის ცოლს "არაჰოლივუდური" გარეგნობის გამო. მით უმეტეს, რომ ცისფერთვალება კილიანს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოს ქალებში.
კილიანს არ უყვარს წითელი ხალიჩები და საჯარო ღონისძიებები, ძირითადად გაურბის მსგავს აჟიოტაჟს. არ ასაჯაროებს თავის პირად ცხოვრებას, დიდად არ მეგობრობს სხვა ვარსკვლავებთან. თავშეკავებული, მოკრძალებული და სერიოზული მსახიობის იმიჯი აქვს, არც სკანდალებში ეხვევა და ამბობს, რომ განგებ აქვს ცხოვრების ისეთი წესი, რომლითაც არ დააინტერესებს პაპარაცებს. მშვიდად მიჰყვება თავის საქმეს, თამაშობს ერთმანეთისგან გამორჩეულ, შესანიშნავ როლებს და სატელევიზიო შოუებშიც კი არ ჩნდება.
არც ინტერვიუები უყვარს, გაურბის სენსაციებს, კინოთეატრებშიც ძირითადად მარტო დადის და ახალ ფილმებს მარტო უყურებს. და კიდევ - გამორჩეულად იცვამს, რის გამოც არაერტხელ მოხვდა ყველაზე კარგად ჩაცმული მამაკაცების სიაში.