"მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია სასწავლო პროცესში, ბევრად უფრო თავდაჯერებულია და მაღალი აკადემიური მოსწრებაც აქვს" - დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი საკუთარ გამოცდილებაზე, მთავარ სირთულეებსა და გამოწვევებზე - მშობლები

"მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია სასწავლო პროცესში, ბევრად უფრო თავდაჯერებულია და მაღალი აკადემიური მოსწრებაც აქვს" - დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი საკუთარ გამოცდილებაზე, მთავარ სირთულეებსა და გამოწვევებზე

2024-03-12 14:32:52+04:00

ნათია უჩავა დაწყებითი საფეხურის მენტორი მასწავლებელია. ის უკვე 11 წელია, მასწავლებლად მუშაობს. ამჟამად თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ასწავლის, მოსწავლეებთან ერთად არაერთ აქტივობას ახორციელებს, მათთვის საინტერესო და სახალისო რესურსებს ქმნის და ცდილობს, საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებზე ორიენტირებული გახადოს. ნათია საკუთარი გამოცდილებისა და იმ სირთულეების შესახებ გვესაუბრება, რომლებსაც პროფესიაში აწყდება:

- ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება პროფესიის არჩევის დროს მივიღე. არ მახსენდება კონკრეტული მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა ამ პროფესიის არჩევა... ალბათ, უფრო შინაგანი ხმა იყო, რომელსაც მოვუსმინე. ზოგჯერ, ვფიქრობ ხოლმე, რომ მასწავლებლობა გენეტიკურია, რადგან ბაბუაჩემიც მასწავლებელი იყო.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე რთული დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობაში?

- დაწყებითი კლასის მასწავლებელს მოდუნებისა და დაღლის უფლება არ აქვს. მოთმინებითა და სიყვარულით უნდა იყოს სავსე, თუ უნდა, რომ შედეგზე გავიდეს. სამწუხაროდ, ბავშვებს სასკოლო მზაობა ხშირად არ აქვთ. გვიწევს დამატებით იმ საკითხებზე მუშაობა, რაც მოსწავლეს უნდა ჰქონდეს. ამაში კი საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია იხარჯება.

- რა უნარებსა და ცოდნას უნდა ფლობდეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, რომ მოსწავლეების დაინტერესება შეძლოს?

- დაწყებითი კლასის მასწავლებელს სულ სხვა სპეციფიკა აქვს - როცა დაწყებით საფეხურზე შედიხარ, იდეებით და ფანტაზიებით სავსე უნდა იყო. ძალიან, ძალიან უნდა გიყვარდეს ბავშვები. სხვანაირად უბრალოდ ვერ იმუშავებ...

- თავად რა გეხმარებათ ყველაზე მეტად?

- არ მიყვარს ერთფეროვნება. შესაბამისად, სულ სიახლის ძიებაში ვარ. ჩემი საგაკვეთილო დღეები მრავალფეროვანია. არც იდეების ნაკლებობას ვუჩივი. სიამოვნებას მანიჭებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ეს განწყობა კი ძალიან მეხმარება.

- რამდენად მნიშვნელოვანია დამატებითი რესურსების მოძიება, მოსწავლისათვის გაზიარება - შედეგის თვალსაზრისით, ეფექტურია?

- მე ვიტყოდი, რომ აუცილებელია. მოსწავლეს მუდმივად უნდა შესთავაზო იმაზე მეტი, რაც სახელმძღვანელოში გხვდება. თავად ვქმნი მატერიალურ და ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. მოგეხსენებათ, დაწყებით კლასში თვალსაჩინოებებით სწავლებას დიდი ადგილი უჭირავს, შესაბამისად მასწავლებელმა უწყვეტ რეჟიმში უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს განსხვავებული რესურსები,რათა მათი ყურადღება არ მოდუნდეს.

- ხშირად ამბობენ, რომ დაწყებით საფეხურზე, იმის გამო, რომ პროგრამა მარტივია, არც მასწავლებლობაა რთული - რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას?

- გეთანხმებით, მეც მომისმენია მსგავსი და ძალიან მტკენია გული. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მასწავლებლების გადამზადება დაიწყო. რატომღაც დაწყებითი კლასი ადვილად ეჩვენებათ. ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა დაწყებითის მასწავლებლობა მარტივ საქმედ ჩათვალა, რაც ასე არ არის. ჩემთვის, როგორც დაწყებითი კლასის მასწავლებლისთვის, აკადემიურ ნაწილზე მეტად, ჯერ სოციალური უნარ-ჩვევებია მნიშვნელოვანი. კლასში, ფაქტობრივად, შენ ხარ ის, ვისაც ელემენტარულის სწავლაც კი გიწევს ბავშვებისთვის. სამწუხაროდ, უმრავლესობას არ აქვს საჭირო უნარ-ჩვევები გამომუშავებული. უნდა იცოდე მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როგორ მიუდგე, როგორ აუხსნა, როგორ გათვალო მათზე მორგებული დავალება და აქტივობა. ეს არც ისე ადვილია,როგორც ჰგონიათ.

- კიდევ რა მოგისმენიათ ხშირად, რაზეც ფიქრობთ, რომ საზოგადოებაში არასწორადაა გავრცელებული და რეალურად, სულ სხვაგვარადაა?

- ბევრჯერ მომისმენია, რა უნდა ანგარიშისა და კითხვის სწავლებასო... დიახაც, რომ უნდა. ვერ ასწავლი ვერც ანგარიშს და ვერც წერა-კითხვას, თუ ასაკობრივი თავისებურებები არ იცი, ახსნისა და გადმოცემის უნარი თუ არ გაქვს. თუ უჩივი იდეებსა და ფანტაზიას, უბრალოდ ვერ მოუყვან მოსწავლეს ბევრნაირ მაგალითს, რომლებიც ასე სჭირდებათ ხოლმე.

- რა ტიპის ცოდნა უნდა მიიღოს მოსწავლემ დაწყებით საფეხურზე, რომ შემდეგ ეტაპებზე წარმატების მიღწევა შეძლოს?

- პირველ კლასში, ძირითადად, მასწავლებლები უნარების გამომუშავებაზე ვართ ორიენტირებულნი. აუცილებელია, რომ მოსწავლეს საჭირო უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეს, პარალელურად კი, გადავცეთ ის საჭირო ცოდნა, რომელზეც დაშენდება შემდეგში მისაღები. დაწყებითები ხომ განათლების ფუნდამენტია. ამიტომ, მოსწავლეს ცოდნა სწორი მიმართულებით უნდა გადავცეთ.

- როგორ ფიქრობთ, მშობლების ჩართულობას მოსწავლის წარმატებაში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს?

- ამაზე ვებინარი და აქტივობები ბევრჯერ ჩამიტარებია. მშობლის როლი სასწავლო პროცესში უმნიშვნელოვანესია. მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი - ეს ის სამი რგოლია, რომელიც ერთმანეთთან არის გადაბმული. ის მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია სასწავლო პროცესში, ბევრად უფრო თვითდაჯერებულია და მაღალი აკადემიური მოსწრებაც აქვს, ვიდრე მათი, ვისიც არ მონაწილეობს ამ ყოველივეში. მასწავლებლები არასდროს ვიშურებთ ძალისხმევას მაშინ, როცა რაღაც პრობლემა გვაქვს მოსწავლესთან, მაგრამ თუ მშობელი არ მოგყვება და არ გენდობა, შედეგზე გასვლა ძალიან რთულია. ხშირად ვაწყდებით მშობლების მხრიდან უნდობლობას. შემდგარ მასწავლებლად ვთვლი თავს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ თერთმეტი წელია ვასწავლი. ვფიქრობ, ამ მცირე დროში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე და ბევრი ადამიანის ნდობა და სიყვარული მაქვს, მაინც გამოერევა მშობელი, რომელიც ბოლომდე არ გენდობა. ეჭვის თვალით გიყურებს განსაკუთრებით მაშინ, თუ მის შვილს უჭირს სასკოლო ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვა. პრობლემის მიზეზი შენ ჰგონიხარ, რაც სამწუხაროა.

- გაგვიზიარეთ მთავარი გზავნილები, რომლებიც, ერთი მხრივ, გსურთ, მშობლებს, მეორე მხრივ კი, მასწავლებლებს მიაწვდინოთ.

- მშობლებს ვეტყოდი, რომ სრულყოფილად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში. ნდობა გამოუცხადონ მასწავლებელს და მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის. გააკეთონ ეს თავიანთი შვილებისთვის.

მასწავლებლებს კი ვეტყოდი, რომ არ მოდუნდნენ. სიახლის ძიებასა და საკუთარი თავის განვითარებას ასობით მოსწავლის პროგრესთან მივყავართ.

- რა არის დღევანდელი მასწავლებლების მთავარი გამოწვევები და პრობლემები?

- დღეს მასწავლებელს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. პირველ რიგში, დაფასება და აღიარება აკლია. მეორე - მოსმენა, გათვალისწინება. ასევე, მასწავლებლები საკუთარი შემოსავლიდან, რომელიც არც ისე ბევრია, ვცდილობთ, ვიყიდოთ და შევქმნათ რესურსები. ძალიან ბევრ ბიუროკრატიას ვაწყდებით, რომელიც ზედმეტია და არაფრის მომცემი. ვისურვებდი, რომ მასწავლებლებს გვქონდეს საკუთარი საქმის მშვიდად კეთების დრო და რესურსები.

- ახალგაზრდა დედა ხართ, როგორ ახერხებთ პედაგოგობის და დედობის შეთავსებას, როცა ორივე ასპარეზი ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს?

- ამ კითხვას ძალიან, ძალიან ხშირად მისვამენ და პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს: მეც არ ვიცი, როგორ.

- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა გეგმავს პედაგოგობას ან პირველ ნაბიჯებს დგამს?

- არ შეუშინდნენ გამოწვევებს, რომელიც ახალბედა მასწავლებელს განსაკუთრებულად ბევრი აქვს. ყოველთვის მზად იყვნენ სიახლეებისათვის, საკუთარი თავის განვითარებისთვის. მტკიცედ შეხვდნენ იმედგაცრუებასა და დაუფასებლობას, რომელიც ამ პროფესიაში გარდაუვალია და ახსოვდეთ, რომ მოსწავლეები ყველაზე გულწრფელები არიან, რომელთა სიყვარულიც არასდროს იკარგება და ნელდება.

თამარ იაკობაშვილი