"გაბუტვა და იგნორირება ეფექტიანი არ არის... გაბუტვა ძალიან რთულია, ემოციურ კედელს აღვმართავთ, დისტანციას ვაწესებთ..." - რა ხდება, როცა შვილს ვებუტებით? - მშობლები

"გაბუტვა და იგნორირება ეფექტიანი არ არის... გაბუტვა ძალიან რთულია, ემოციურ კედელს აღვმართავთ, დისტანციას ვაწესებთ..." - რა ხდება, როცა შვილს ვებუტებით?

2024-03-13 10:41:54+04:00

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, შვილთან კონფლიქტისა და უთანხმოების მოსაგვარებლად გაბუტვა რამდენად ეფექტურია:

- ცალკე აღებული გაბუტვა და იგნორირება ეფექტიანი არ არის. მას არ აქვს უნარები, რომ ის ამოცანა, რომელზეც მუშაობდა, სხვანაირად მოაგვაროს. თუ ჩვენ ბავშვი გაყინულ მდგომარეობაში დავტოვეთ და არ მივეხმარეთ, ისწავლოს ის ხერხები, რომლებითაც შეიძლება სიტუაცია მოგვარდეს, არაფერი იცვლება. არანაირი წინსვლა არ გვაქვს. მოლოდინი იმისა, რომ აქამდე თუ არ იცოდა, ახლა მე რომ გავებუტები, რაღაც შეიცვლება, ფუჭია. გაბუტვა ძალიან რთულია, ემოციურ კედელს აღვმართავთ, დისტანციას ვაწესებთ, შეიძლება, ზიზღიც გაჩნდეს და მერე ისევ თავად გვიწევს, ბავშვთან ეს კედელი დავშალოთ. გაბუტვა, ზოგადად, კონფლიქტების მოგვარების, ურთიერთობის აწყობის ან გადაწყვეტილების მოძებნის კარგი სტრატეგია არ არის. ყველაზე კარგი სტრატეგია არის ის, რომ ჩვენ სიტუაციაში, პირველ რიგში, თანაგრძნობა შევძლოთ. მაშინ, როდესაც ორივეს ემოციები ჩაცხრება, ჩვენი გულისცემა მშვიდი გახდება და შეგვეძლება ისე ლაპარაკი, რომ ინტონაცია შფოთვას, ღელვას, ბრაზს არ გამოხატავდეს, როდესაც შეგვიძლია, რომ მშვიდად დავილაპარაკოთ, აქ უკვე გამოსავალი მოიძებნება... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავილაპარაკოთ, მაგრამ თავიდან ყველაფერი შეხებით იწყება. რა გვინდა? - შეგვეშალა, არ გამოგვივიდა, ის შედეგი არ დადგა, რომელიც გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ერთად ვართ. მეც, როგორც მშობელს, შეიძლება შემეშალოს. შესაძლოა, დამსახურებულად გამებუტოს, ბავშვი რაღაცას ელოდებოდა და მე ეს მოლოდინები ვერ გავამართლე. ვინ უნდა გადადგას ასეთ დროს ნაბიჯი? - ისევ მშობელმა. რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ჩვენი შვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიყოთ იმის მოდელი, რომ რაც არ უნდა ცუდი სიტუაცია იყოს, ყოველთვის შეგვიძლია, ურთიერთობის გაუმჯობესებაში ძალისხმევა ჩავდოთ. თუნდაც, ძალიან მცირე. მაგალითად, იმით, რომ შევეხოთ, რაღაცაზე გავეხუმროთ. გავაშეშოთ ეს სიტუაცია, რომელიც ყინულივით, ქვასავით დაგვედება, თუ ვიხუმროთ, რომელიც წყალივით ჩარაკრაკდება, ორივეს ენერგიას მოგვცემს, სიხალისეს შემოიტანს? როდესაც კონფლიქტურ სიტუაციაში ვართ, ასეთი განსჯის უნარი არ გვაქვს და ყოველთვის შეგნებულ არჩევანს ვერ ვაკეთებთ. მაგრამ, როგორც კი გამოვდივართ ამ სიტუაციიდან და გააზრების საშუალება გვაქვს, მაშინ შეგვიძლია, ჩვენს თავს ვუთხრათ - ქვა თუ წყალი? რას ავირჩევდი ურთიერთობაში - როგორ მიდიოდეს ჩვენი ურთიერთობა, წყალივით მირაკრაკებდეს თუ გაშეშებული ქვასავით იდოს?