ექიმი ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, რა პრობლემებს იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა და რა ნიშნებით შეიძლება დეფიციტი ამოვიცნოთ:
- ბოლო პერიოდში ინფორმაცია D ვიტამინის შესახებ ძალიან გაიზარდა. ადრე ფიქრობდნენ, რომ ის მხოლოდ ჩონჩხთან, ძვალთან და კალციუმის ცვლასთან იყო კავშირში. მაგრამ ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის დეფიციტი ძალიან ბევრ დაავადებასთანაა ასოცირებული. მათგან გუნება-განწყობის ცვლილებებს განსაკუთრებით გამოვყოფდი. ასევე, საკმაოდ დიდი მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს, რომ D ვიტამინს ჩვენს იმუნურ სისტემასა და რესპირაციულ სისტემაზე საკმაო დიდი გავლენა აქვს. ზამთრის სეზონზე რესპირაციული ინფექციები საკმაოდ ხშირია, რაც შესაძლოა, D ვიტამინის დეფიციტთანაც იყოს ასოცირებული. რაც შეეხება გუნება-განწყობას, აქაც ძალიან ბევრი კავშირი და კორელაციაა ნანახი. თავის ტვინის დაავადებებს, მათ შორის, მენტალურ პრობლემებსა და გუნება-განწყობის დაქვეითებასა და D ვიტამინს შორის კავშირი აღმოაჩინეს. სკანდინავიის ქვეყნები ძალიან ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითად, სადაც ცხოვრების ხარისხი ჩვენზე ბევრად მაღალია, მაგრამ მათთან დეპრესიის, გუნება-განწყობის პრობლემების, თვითმკვლელობის სიხშირე საკმაოდ დიდია. ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა, D ვიტამინის დეფიციტთანაც იყოს ასოცირებული. რისკის ჯგუფების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა. მაგრამ, ყველაზე მეტად, რასთანაც ასოცირებულია, ეს მზის ნაკლებობა და კანის მზეზე ექსპოზიციის ნაკლებობაა, რაც ვიტყოდი, რომ ჩვენი საუკუნის ერთგვარი სენია. მთელ მსოფლიოში საოფისე საქმიანობის წილი გაიზარდა, გარეთ მზეზე ბევრად ნაკლებ დროს ვატარებთ. ექიმი გახლავართ და დღის მზიან პერიოდს ძირითადად კაბინეტში და დახურულ სივრცეში ვატარებ. შესაბამისად, ეს ერთ-ერთი რისკის ფაქტორია. გარდა ამისა, როდესაც მზეზე გავდივართ, დამცავ კრემებს ვიყენებთ, რომლებიც დიახ, ულტრაიისფერი, მავნე სხივებისაგან გვიცავენ, მაგრამ ასევე D ვიტამინის წარმოქმნისაგან გვიცავენ და კანში D ვიტამინის წარმოქმნას 90%-ით ამცირებენ. ასევე, გასათვალისწინებელია ასაკი. ხანდაზმულ პირებს, რომლებსაც კანის დაბერება აღენიშნებათ, D ვიტამინის წარმოქმნის უნარი დაქვეითებული აქვთ. ასევე, კანის ფერიც მნიშვნელოვანია. ბუნებრივად ვისაც მუქი ფერის კანი აქვს, ისინიც რისკის ჯგუფში შედიან. არსებობს სხვადასხვა დაავადება, რომელთა დროსაც ან მოთხოვნა იზრდება D ვიტამინზე, ან მისი გამოყოფაა გაძლიერებული. ხშირი ავადობები, ინფექციები, გუნება-განწყობის დაქვეითება, მენტალური ჯანმრთელობის ცვლილება, კუნთებისა და ძვლების ტკივილი შეიძლება იყოს ნიშანი, როდესაც შესაძლოა, ეჭვი D ვიტამინის ნაკლებობაზე მივიტანოთ. თუმცა, ეს ყველაფერი ხდება, როდესაც D ვიტამინის ღრმა და ხანგრძლივი დეფიციტია.