"რეალური გადაუდებელი მდგომარეობის დროს, ეს ყველაფერი შესაძლოა სავალალო შეცდომის დაშვების მიზეზი გახდეს..." - სიმართლე მოხრჩობის საწინააღმდეგო ნიღაბზე - მშობლები

"რეალური გადაუდებელი მდგომარეობის დროს, ეს ყველაფერი შესაძლოა სავალალო შეცდომის დაშვების მიზეზი გახდეს..." - სიმართლე მოხრჩობის საწინააღმდეგო ნიღაბზე

2024-03-17 10:54:07+04:00
პირველადი დახმარების ცენტრი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს მოხრჩობის საწინააღმდეგო ნიღაბზე, რომელსაც სამედიცინო თუ დედების ჯგუფებში ხშირად უწევენ რეკომენდაციას:
"ბოლო პერიოდში, ხშირია შეკითხვები მოხრჩობის საწინააღმდეგო ნიღაბზე - ვუწევთ თუ არა რეკომენდაციას მის გამოყენებას.
ჩვენ, პირველ რიგში, საგანმანათლებლო ცენტრი ვართ და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, თანამედროვე, მაღალი დონის რეკომენდაციების მქონე პროდუქტებს ვთავაზობთ მომხმარებელს.
აღნიშნული ხელსაწყო ჯერჯერობით არ შედის არც ჩვენს ტრენინგებში და არც სამედიცინო ინვენტარის შეთავაზებებში.
ამის მიზეზის გასაგებად, გთავაზობთ მოკლე კრიტიკულ ანალიზს.
​მოხრჩობის საწინააღმდეგო ნიღბის პოპულარიზაციაში შეიმჩნევა მანიპულაციური და პოპულისტური მარკეტინგი:
​ვინაიდან არ არსებობს ოფიციალური რეკომენდაცია, სხვადასხვა რეკლამებში იყენებენ ავტორიტეტული მარეგულირებლების ლოგოს,
მაგალითად FDA, რაც ქმნის ილუზიას, თითქოს ეს პროდუქტი FDA-ის მიერ რეკომენდებულია (FDA Approved).
თუმცა, სინამდვილეში, რეგისტრაციაზეა საუბარი. მსგავსი რეგისტრაცია და სამედიცინო ინვენტარის კლასიფიკაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და ის არ ნიშნავს, რომ FDA მისი გამოყენების რეკომენდაციას იძლევა.
​იგივე ისტორიაა MHRA (Medicines and Healthcare products Regulatory Agency)-ს შემთხვევაში:
​მათ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ ამ მოწყობილობის გაყიდვა შესაძლებელია ბრიტანეთში. მწარმოებელზე დაყრდნობით, მისი გამოყენება განკუთვნილია პირველადი დახმარების არაეფექტურობის დროს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომხმარებელი უნდა გაჰყვეს პირველადი დახმარების არსებულ პროტოკოლებს.
და არა ის, რომ ამ მოწყობილობას უწევენ რეკომენდაციას.
რეკომენდაციები ბუნდოვანი და უფრო მარკეტინგზე გათვლილია.
მოწყობილობის რეკომენდაციაში უწერიათ, რომ 10 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში არის რეკომენდებული მისი გამოყენება, თუმცა, იქვე მინაწერია, რომ მცირე წონაზეც გამოყენებულა რიგ შემთხვევებში, რაც ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის.
უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე არსებობს ლეგიტიმური კითხვის ნიშნები:
  • გასათვალისწინებელია, რომ გადაუდებელ მდგომარეობაზე მაღალი დონისა და ეფექტურობის კვლევის ჩატარება რთულია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეფექტურობაზე მაინც არსებობს კითხვის ნიშნები და მოწოდებული დადებითი შედეგების ამსახველი კვლევები, რომელსაც მწარმოებელი კომპანია გვთავაზობს, ან მანეკენებზეა ჩატარებული, ან განიხილავს შემთხვევებს, რომლებიც თვითრეპორტირებით არის გაკეთებული - ანუ არ არის მაღალი სანდოობის მქონე.
  • ყველა კვლევა დადებითი არ არის - გვამებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დარბილებული ორცხობილის ამოღება შეძლო მოწყობილობამ, თუმცა, არაეფექტური იყო თხილისა და ყურძნის მარცვლების შემთხვევაში.
  • ასევე, აღმოჩნდა, რომ ენაზე ზეწოლას ახორციელებდა და პოტენციური დაზიანების საფთხეს ქმნიდა.
  • ნივთის შეძენამ, შესაძლოა, შექმნას ფსევდოუსაფრთხოების შეგრძნება, მაგალითად - შეიძლება შეიძინოთ ნივთი და იყოთ მშვიდად, რეალურად კი არ გქონდეთ პირველადი დახმარების კურსი გავლილი, არ დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჰერმეტულობის შექმნა ნიღბით რეალურ შემთხვევაში და არა მანეკენზე, რა უნდა ქნათ, თუ არ გაამართლა და ა.შ. შესაბამისად რეალური გადაუდებელი მდგომარეობის დროს, ეს ყველაფერი შესაძლოა სავალალო შეცდომის დაშვების მიზეზი გახდეს. მოხრჩობისას დამხმარე ვაკუუმ ხელსაწყოების სისტემური მიმოხილვა აჩვენებს, რომ არსებული მტკიცებულებები სუსტია და ვერ იძლევა საშუალებას გაიცეს ოფიციალური რეკომენდაცია მის მოხმარებაზე ან აკრძალვაზე, მტკიცებულებები არასაკმარისია და მომხმარებელმა, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს პირველადი დახმარების არსებული პროტოკოლები.
  • ჯერჯერობით, არ არსებობს არც ერთი მაღალი სანდოობისა და ავტორიტეტული ორგანიზაციის რეკომენდაცია ამ მოწყობილობების შეძენისა და გამოყენების შესახებ.
  • ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ონლაინ მაღაზიებში მრავლად გამოჩნდა რეპლიკები, რომლებიც არ არის ოფიციალური მომწოდებლის მიერ შექმნილი. ამ რეპლიკებს, როგორც წესი, მიმზიდველი, დაბალი ფასი აქვს (ოფიციალურ ვებგვერდზე მისი ფასი 69.95$-ა [9]) და დეტალურად შესწავლის გარეშე შეუძლებელია გაარჩიოთ ორიგინალი პროდუქტია თუ არა.
ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია, ვერც ჩვენ გავუწევთ რეკომენდაციას მის გამოყენებას, ამ ეტაპზე.
ნებისმიერი სიახლის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ მომავალში.
ჯანმრთელობას გისურვებთ".